უკრაინის არმიის “სამხრეთის” ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ოდესაზე იერიში მიიტანა ირანული წარმოების თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით, რომლებიც ქალაქში ზღვიდან შეფრინდნენ.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საავიაციო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, ასევ ორმა დრონმა ასაფეთქებელი ნივთიერებით გაანადგურა ადმინისტრაციული შენობა პორტის ტერიტორიაზე. გაჩენილ ხანძარს სამაშველო სამსახურები აქრობენ.
გარდა ამისა, ერთი Shahed-136-ის ტიპის დრონი ზღვაზევე ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.
მანამდე უკრაინის განცხადებით, 9 სექტემბერს პირველად იპოვეს ირანში დამზადებული თვითმკვლელი უპილოტო აპარატი, რომელიც რუსეთმა გამოიყენა ბრძოლის ველზე, ხარკოვის ოლქში, სადაც რუსეთის არმიამ გადაინაცვლა მას მერე, რაც უკრაინის ჯარმა ის ასობით ქალაქიდან და დასახლებიდან განდევნა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
14 სექტემბერს უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს დელტას ფორმის განადგურებულ დრონს – ამ უპილოტო აპარატებს ირანი იყენებს სახელით “შაჰედ-136”, რაც სპარსულ ენაზე მოწმეს ნიშნავს. უკრაინის არმიის განცხადებით, დრონი ნაპოვნია კუპიანსკთან ახლოს, კიევის მიერ წარმოებული შეტევის ფონზე, რომელმაც აღმოსავლეთის ფრონტზე, ხარკოვის სიახლოვეს რუსეთის ძალების პოზიციები გაარღვია. სავარაუდოდ, დრონი უკრაინის ძალებმა ჩამოაგდეს ისე, რომ მისი დეტონაცია არ მომხდარა, კიევი ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.
რადიო თავისუფლება.
კომენტარები