სამხედრო საქმის ექპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“24.03.2022
ვითარების შეფასება:
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ვერ ახერხებს ძალების გადაჯგუფებას, სტრატეგიული ინიციატივის დათმობის შემდეგ, მისი ხელახლა მოპოვების არცერთი მცდელობა არ ყოფილა. საბრძოლო მოქმედებები ინერციით გრძელდება და არ იგრძნობა ერთიანი ოპერატიული ჩანაფიქრის ქვეშ მოქმედება. რამდენიმე მიმართულებაზე შეიმჩნევა ინერციით მიმდინარე შეტევა. ქვედანაყოფებს არა აქვთ საჰაერო და საარტილერიო მხარდაჭერა. არტილერია და ავიაცია გამოიყენება ეპიზოდურად და გავლენას ვერ ახდენს ოპერატიულ ვითარებაზე. გენერალურ შტაბს უჭირს თავდაცვაზე გადასვლის ბრძანების გაცემა და პოზიციური ბრძოლის დაწყება, რაკი, სავარაუდოდ პოლიტიკური დაკვეთა არ შეცვლილა. არის ინდიკატორები, რომ ძალების ერთიანი მართვა მოშლილია ან აღსრულების ფაზაში აქვს გამოკვეთილი ხარვეზები, ოპერაციის მიმდინარეობისას ზემდგომი შტაბები ვერ ფლობენ ოპერატიულ ვითარებას და უჭირთ ოპერაციის უწყვეტი მართვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აგრძელებენ ფრონტის მთელ ხაზზე თავდაცვით ბრძოლებს. მაგრამ მათ არ მოუპოვებიათ სტრატეგიული ინიციატივა იმდენად, რამდენადაც ჯერჯერობით ვერ ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს, ბრძოლის ველზე არ ჩანს უკრაინული მსხვილი დაჯგუფებები, რომლებიც შეეცდებიან ოპერატიული სივრცეების გამოყენებას და დაიწყებენ, რუსული ქვედანაყოფების განადგურებას არ ლოკალურ ბრძოლებში, არამედ ღრმა შეტევითი ოპერაციებით. სავარაუდოდ, მიუხედავად ხელსაყრელი ვითარებისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აკლიათ თვითდაჯერებულობა, ხოლო სარდლობას გამოცდილება ( გამბედაობა) ასეთი ტიპის ( ტაქტიკურად რთული) ოპერაციების ჩასატარებლად. შესაძლოა, უკრაინა აგრძელებდეს ტაქტიკური რეზერვის ფორმირების, შესაბამისად ზრდის პროცეს და თვლიდეს, რომ ისინი ჯერ არ არიან მზად თუნდაც ფრონტის რომელიმე მონაკვეთზე განახორციელონ გარღვევა.მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიული ვითარება, უკვე ითხოვს მათგან ასეთ მოქმედებას. მინიშნებებისა და ინდიკატორების არ არსებობის მიუხედავად, მათი შეტევა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, მოსამზადებელი ოპერატიული პლაცდარმის შექმნის გარეშე, მოწინააღმდეგისთვის ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტის მისაღწევად და ამ ეფექტის სრულად გამოსაყენებლად.
ცოტა უტრირებაა, მაგრამ რუსეთის იმპერიის აღდგენის მეორე მცდელობა ( პირველი გორბაჩოვის იყო), მოულოდნელად მოსალოდნელი შედეგით დამთავრდა იმპერატორობის კანდიდატის დინასტიური ხარვეზის ( ეული უთვისტომო მემკვიდრეობის ლეგიტიმურობის ყოველგვარი მინიშნების გარეშე) და მისი მხედართმთავრების საარაკო უნიჭობის გამო. უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანია ომში გამარჯვება თავისუფლების შესანარჩუნებლად, რუსებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ომში დამარცხება, თავისუფლების მოსაპოვებლად.”
კომენტარები