ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე.
– როგორ შეაჯამებდით წელს, საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით?
– ეს შეჯამებები არ მიყვარს და ძალიან მოკლედ იმას ვიტყვი, რომ 2022 წელი იყო გარდამტეხი მსოფლიო პოლიტიკაში. რუსეთ-უკრაინის ომის მერე, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ომი როგორი შედეგით დასრულდება. ამის მიუხედავად, დასრულდა რუსეთის მიერ ენერგომტარებლებით ევროპის შანტაჟი. მეტიც, ყოველწლიურად, რუსეთი მილიარდობით დოლარს დაკარგავს, რომელსაც ენერგომატარებლების ევროპაში გაყიდვით იღებდა. რუსელ გაზს, ფაქტობრივად, უკვე ჩაეხსნა ევროპა. რამდენიმე წელში სრულად ჩაეხნება რუსულ ნავთობსაც. მერე, სხვა სახის წიაღისეულსაც აღარ იყიდიან ევროპა, ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა რუსეთიდან, რაც რუსეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. პარალელურად რა ხდება მსოფლიოში, გადახედე. უკრაინაში რუსეთი რეალურად იმიტომ შეიჭრა, რომ უკრაინას ნატო-ში შესვლა უნდოდა. უკრაინა შევა ნატო-ში, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება. მანამდე, რუსეთი მიიღებს საზღვართან ნატო-ს წევრ ორ ახალ ქვეყანას -ფინეთს და შვედეთს. გარდა მაგისა, რუსეთის კიდევ ორი მეზობელი ქვეყანა ძლიერდება. გერმანიაში მშპ-ს 1.5% რომ გახდა სამხედრო ხარჯები, იმჟამიმდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დიდი ამბავი ატეხა, ეს ბევრიაო. ახლა უკვე 3% გახდა და კანცლერი ოლაფ შოლცი კიდევ აპირებს გაზრდას. გერმანია ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო სახელმწიფო ხდება და ეს რუსეთისგან საფრთხეების ასარიდებლად კეთდება პირველ რიგში. იაპონიას კონსტიტუციაში უწერია, რომ არ უნდა ჰქონდეს გარკვეული სახის მძიმე შეიარაღება, გარკვეულ თანხაზე მეტი არ უნდა დახარჯოს თავდაცვაზე. ისიც კი უწერიათ, რომ გენერალური შტაბი არ უნდა ჰყავდეთ. ეს კონსტიტუცია ამერიკელმა გენერალმა, დუგლას მაკარტურმა დაუწერა იაპონელებს მეორე მსოფლიო ომი შემდეგ. ამ ომში დამარცხებული გერმანია და იაპონია იყვნენ მაქსიმალურად დემილიტარიზირებული ქვეყნები, ორივეს კვოტა ჰქონდა შეიარაღებაზე და მის ხარჯებზე დაწესებული. ახლა, ისევ რუსეთის ფაქტორის გამო, იაპონელები აღარ უყურებენ, მათ კონსტიტუციაში რა სწერია. ვფიქრობ, მალე შესცვლიან კონტიტუციასაც. აღარც კვოტებზე ედავება ვინმე არც ერთს. კოლოსალურად იზრდება იაპონიის სამხედრო ხარჯები, იაპონელები თავადაც ამზადებენ და თან ყიდულობენ თანამდროვე არა მარტო თავდაცვის, არამედ შემტევი სახის იარაღს, როგორც გერმანელები. მილიტარისტული იაპონია ახალი თავსატეხია რუსეთისთვის. თან, მათ სადავო კურილიის კუნძულები აქვთ და იაპონია დღმდე აცხადებს ამ კუნძულებზე პრეტენზიას. კაცმა არ იცის, იაპონია სამხედრო ძალით, როდის შეეცდება, გადაწყვიტოს კურილიის კუნძულების პრობლემა. აქვე რუსეთის კიდევ ერთი მოსაზღვრე ქვეყანა გავიხსენოთ – პოლონეთი. ჯერ ერთი, პოლონეთმა თამხმობა განაცხადა, პოლონეთში არსებულ ამერიკულ ბაზაზე, ამერიკამ ატომური იარაღი განათავსოს. ეს ატომური ბომბები რუსეთისკენ იქნება დამიზნებული, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მეორეც, პოლონეთს სერიოზული სამხედრო ამბიციები აქვს, ზრდის და ზრდის სამხედრო ხარჯებს და მისი ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლონეთი უნდა იყოს ევროპაში ყველაზე ძლიერი ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით და არა გერმანია ან სხვა. ესეც კიდევ ერთი „საჩუქარი“ რუსეთისთვის. მოდი, ვაღიაროთ, რომ ნატო იყო ცოცხალ-მკვდარი სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც ბოლოს რუსეთიც აღარ უწევდა ანგარიშს. პუტინის იდიოტურმა გადაწყვეტილებამ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაეწყო, ნატო, მისი წევრი ქვეყნები გამოაცოცხლა. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა ზრდის თავდაცვის ხარჯებს, ყველა ქვეყანა ახდენს გადაიარაღებას, ახალი სამხედრო ტექნოლოგიებს ყიდულობენ და ყველა რუსეთისგან ცდილობს თავდაცვას. რუსეთს ეძახდნენ „მთვლემარე დათვს“ და ნატო გამოდგა ასეთი დათვი, რომელიც რუსეთმა გამოაფხიზლა და გააბრაზა. ეგ კი არა, ევროკავშირმა რუსეთს უთხრა, გაიყვანე ჯარები უკრაინიდან, უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორია გაათავისუფლე და მხოლოდ ყირიმის სტატუსი დარჩეს 10 წლის ვადით გაურკვეველიო. ვინ უთხრა ეს რუსეთს? საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა, როცა დე გოლიდან მოყოლებული, საფრანგეთი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ყველაზე ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. ამას ის ევროკავშირი ეუბნება რუსეთს, რომელმაც 2014 წელს ყირიმი რომ დაიპყრო, მხოლოდ სიმბოლური სანქციები დაუწესა, 2008 წელს საქართველოში რომ შემოიჭრა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ევროკავშირი მხოლოდ აღშფოთდა და ამის მერე, რუსეთს ჯერ ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მერე ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მისცეს. მოკლედ, მაშინ ქვეშ გაუწვნენ რუსეთს იაფი გაზისა და ნავთობის გამო. ბოლოს კი ყველა, ყველა გამოფხიზლდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე. რუსეთის მსოფლიოში მეორე არმიად მიჩნეული სამხედრო დანაყოფები კი, უკვე 10 თვეა დონბასში „ბუქსაობენ“, რუსებმა რამდენიმე უკრაინული ქალაქი აიღეს და იმათაც ნაწილ-ნაწილ კარგავენ. ბოლოს, უკრაინაც გახდება ნატო-ს წევრი და ესეც და რაც ზემოთ გითხარი, ყველაფერი იქნება პუტინის ამ უაზრო სამხედრო ავანტიურის შედეგი.
– ამერიკის კონგრესი უკვე შეთანხმდა ქვეყნის ბიუჯეტზე და მათ შორის, სამხედრო ბიუჯეტზე. უკრაინას 2023 წელს, რამდენ თანხას მისცემს ამერიკა?
– კი, კონგრესის ორივე პალატა შეთანხმდა ბიუჯეტზე და იმედია, ამ ბიუჯეტს მიიღებენ. ამერიკა 2023 წელს 41 მილირდი დოლარით დეხმარება უკრაინას და აქ არ შედის ის დახმარებები, რასაც პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება მომავალში გამოუყოფს უკრაინას. დამატებით 2 მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო ამერიკამ უკრაინას- გადაწყდა, რომ გადასცეს „პატრიოტის“ ტიპის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ბატარეას გადასცემენ. სიტემის თითოეული რაუნდი დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს, თითო რაკეტის გაშვება კი 10 მილიონზე მეტი ჯდება. ამერიკის გარდა, ევროკავშირი, მისი ცალკეული წევრები უზრდიან უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირი გეგმავდა, 2023 წლისთვის, 18 მილირდი ევროს დახმარება გამოეყო უკრაინისთვის, მაგრამ უნგრეთმა დაბლოკა. თუმცა, გამოსავალი მაინც მოიძებნა. უკრაინა მიიღებს 18 მილიარდს, ფულს და სამხედრო შეიარაღებას, მაგრამ არა ევროკავშირისგან. ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები გადაინაწილებენ ამ 18 მილიარდს და ეს ქვეყნები ზოგი ფულს, ზოგი იარღს და ზოგი ორივეს ერთად მისცემს უკრაინას. უნგრეთმა ეს იმის საპასუხოდ გააკეთა, რომ ნოემბერში ევროკავშირმა უნგრეთს 13 მილიარდი ევრო გაუყინა, რომელიც მას გაერთიანების „საერთო ფონდიდან“ ეკუთვნოდა. ასევე, გაუყინეს 7.5 მილირდი ევრო, რომელიც უნგრეთს გამოუყვეს სოციალური პროექტებისთვის, როგორც ევროკავშირის ღარიბ წევრს. უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბნმა, ევროკავშირის ჯავრი უკრაინაზე იყარა, მაგრამ არ გამოუვიდა. 18 მილიარდს მიიღებს უკრაინა, უნგრეთი კი იმ ფულს არ მიიღებს, ვიდრე ორბანი სასამართლო რეფორმას არ გაატარებს და კორუფციასთან რეალურ ბრძოლას არ დაიწყებს. ახლა მთავარია, უკრაინამ ხელიდან არ გაუშვას ომში ინიციატივა, ზამთარში კონტრშეტევები განახორციელოს და შეეცადოს, დაკარგულის დაბრუნებას. ეს დახმარებებიც სწორედ ამ მიზნით გამოიყო.
– ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ „ევროპა ნელი დინებით მიდის ომისკენ“ და ამაში უკრაინისადმი ევროპის მიერ გაწეულ დახმარებას გულისხმობს.
– ორბანი რად მინდა, ნატო-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არ გამორიცხა ნატო-ს და რუსეთის სამხედრო კონფლიქტი. რა ქნან ევროკავშირმა და ნატო-მ, არ დაეხმარონ უკრაინას? დაუშვან ის, რომ უკრაინა დაიპყროს რუსეთმა? მერე რა მოჰყვება ამას? რუსები კიდევ ერთხელ დაიჯერებენ იმ დიდ ტყუილს, რომ მსოფლიოში მეორე არმია ჰყავთ, უძლეველი არმია და შეიჭრებიან პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვაში, ჩვენც მოგვადგებიან თბილისში. სადამდეც გაუშვებენ, იქამდე წავლენ. პატარა და სუსტი ქვეყნები დიდმა და ძლიერმა ქვეყნებმა თუ მიატოვეს, ისინი თავს ვერ დაიცავენ და რუსეთი შესძლებს მათ დაპყრობას. ევროპა უკრაინის დახმარებით თავს იცავს. იმის იმედი აქვს, იქნებ მიხვდეს პუტინი, იქნებ აღიაროს, რომ რუსეთი ამ პატარა ქვეყნებს კი მოერევა, მაგრამ ნატო-ს საპირწონე ქვეყანა არ არის და ნატო-ს წევრ პატარა ქვეყნებს თუ დაერია, მესამე მსოფლიო ომი მართლა გარდაუვალი იქნება. ნატო არ მისცემს რუსეთს ნებას, სადაც უნდა, იქ შეაგრიხინოს თავისი ტანკები. ევროპა თავს იცავს და თავს იცავს ამერიკაც. რუსეთისგან არაფერია გამორიცხული. შეიძლება ამერიკასაც კი დაესხას თავს. ამერიკის მიმართ მუქარამ რუსეთის გავლენიანი პოლიტიკოსების, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისგან გაისმა. მე არ მგონია, რომ რუსეთმა გაბედოს ამერიკაზე თავდასხმა, მაგრამ თავად ამერიკის ხელისუფლება, ამერიკელი გენერლები და სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ ამას. ადრეც გითხარი, რაც არ უნდა მოხდეს, მომავალი რამდენიმე ათწლეული, ამერიკა იქნება მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყანა და ეს გააკეთა რუსეთმა. ჩინეთი? არა, ჩინეთი გამორიცხულია, მისი ბევრი სუსტი მხარე რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა და ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა გვიჩვენა, რომ კომუნისტურ ჩინეთს ამერიკასთან დაპირისპირებისა და ჭიდაობის თავი ნამდვილად არ აქვს.
კომენტარები