ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, რუსეთმა უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი ჩაატარა, ოთხივე მიიერთა, რითაც უკრაინის ტერიტორიების ანექსია მოახდინა. რუსეთშიც კი აცხადებენ, რომ პუტინმა მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა და ამით, დასავლეთი კიდევ უფრო მეტად დაიპირისპირა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?
– კი, მეც ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ პუტინს სხვა გზა არ აქვს. პუტინი მიდის ვითარების გამწვავებაზე. პუტინი ან უნდა დანებებულიყო, ჯარი გაეყვანა უკრაინიდან და ან ეს რადიკალური ქმედებები განეხორციელებინა, მიიერთებინა ეს ოთხი რეგიონი, რომ შემდგომში, როდესაც უკრაინასთან და დასავლეთთან ერთად მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მეტი ქულები ჰქონდეს. რაც პუტინმა გააკეთა, ამას საერთო არაფერი არ აქვს ბრძოლის შედეგებთან. უკრაინა ბრძოლას განაგრძობს და აგერ, ყოველგვარი საგანგებოდ დაგეგმილი კონტრშეტევის გარეშე, ჩვეულებრივ რუტინულ ბრძოლაში, უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაიბრუნა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უკრაინამ ლიმანი რომ აიღო, ის რუსეთის კანონმდებლობით, ამ რეფერენდუმის შედეგებით, უკვე რუსეთის ტერიტორიაა. რუსეთისაა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ის ტერიტორიები, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა. უკრაინა განაგრძობს ამ ტერიტორიების დაბრუნებას. პუტინს უკვე შეუძლია საშინაო მოხმარებისთვის, თავის ხალხს უთხრას, რომ ახლა რუსეთი საკუთარ მიწებს იცავს და თავდაცვით ომს აწარმოებს.
– ახლა აგრესორი გამოდის უკრაინა, რომელიც რუსეთის ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს, არა?
– კი, ახლა უკრაინაა აგრესორი, რომელიც რუსეთის კუთვნილ ტერიტორიებს იპყრობს, რუსები კი თავს და საკუთარ მიწებს იცავენ. რუსებისთვის ეს კომიკური რეალობა შექმნა პუტინმა და რუსეთშიც კი უმეტესობას არ სჯერა, რომ ასეა. კაი, დონბასს-ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს რუსები თავისად თვლიდნენ და ამ სეპარატისტულმა რეგიონებმა 2014 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაშინვე განაცხადეს რუსეთთან შეერთების სურვილი. აი, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთისთვის შეერთებაზე თავად რუსებიც არ ფიქრობდნენ, ეს სიურპრიზი იყო მათთვისაც კი. პუტინმა ამ გადაწყვეტილებით, ზელენსკის აღარ დაუტოვა სხვა გზა, გარდა ბრძოლისა. დღეს უკვე შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება, ეს გზა ჩახერგა პუტინმა. თავად პუტინმა განაცხადა, ამ ოთხ რეგიონზე მოლაპარაკება აღარ იქნებაო. ე.ი. რას უთხრა ამით ზელენსკის? კაპიტულაცია გამოაცხადე, შენთვის საუკეთესო შემთხვევაში, ამ 4 რეგიონის დათმობა მოგიწევსო? გიჟია ზელენსკი, მაგაზე დასთანხმდეს? განჭვრეტ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლო მომავალში ეს შეუძლებელია. წესით და რიგით, საბოლოოდ ყველა ომი მოლაპარაკებით და ზავით მთავრდება, მაგრამ ასეთი ვითარება, დაუსრულებელი ომი რუსეთისთვის უცხო არ არის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა ზავით, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ძველი ომებიდან მოყოლებული კანონად იქცა, რომ ომი ზავით სრულდება, რუსეთმა ეს დაუწერელი კანონი შეცვალა. ჯერ კიდევ სტალინმა იაპონიასთან ზავს არ მოაწერა ხელი, არც რუსეთმა და გამოდის, ეს ქვეყნები ერთმანეთთან ისევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. რუსეთმა ერთი კარგი საქმე გაუკეთა უკრაინას. ევროპის ზოგი ქვეყანა ფეხს ითრევდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საქმეში, ზოგი საერთოდ თავს იკავებდა. ახლა ეს ქვეყნები უკვე აცხადებენ, რომ უკრაინას იმაზე მეტ და ხარისხიან იარაღს გამოუყოფენ, ვიდრე მათგან ზელენსკი ითხოვდა. მაგალითად, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ავსტრია ითრევდნენ ფეხს. აგერ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტიან ლამბრეხტი უკვე ოდესაში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას, რეზნიკოვს შეხვდა. ადრე გერმანია „ლეოპარდის“ მოდელის 5 და 7 ტანკს არ აძლევდა უკრაინას და ახლა ახალ ტანკებსაც ძლევს, „ლეოპარდი-2“-ს და საჰაერო თავდაცვით სისტემებსაც. ევროპას და ზოგადად, ცივილიზებულ მსოფლიოს, სხვა გზა აღარ დაუტოვა პუტინმა, გარდა უკრაინის უპრეცენდენტო მხარდაჭერისა. მორალურად, სტრატეგიულად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, კულტურულად დასავლეთს უკვე აღარ შეუძლია, ამას შეეგუოს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიმართ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ლოიალურად იყო განწყობილი, ყველამ შეიცვალა პოზიცია. 1940 წელს ჰიტლერის შეჩერება რომ უკვე აუცილებელი გახდა, დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია ახლა ევროპა. ისტორია მეორდება. ვინ იყო ყველაზე მეტად შემრიგებელი ჰიტლერის პირველი დაპყრობითი ნაბიჯების მიმართ? სუდეტის ოლქი რომ შეიერთა, ავსტრიის ანშლუსი რომ მოახდინა, ვინ იყო ჰიტლერის მიმართ ყველაზე ლოიალური ევროპელ ლიდერებს შორის? დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ნევილ ჩემბერლენი. მაგრამ ვინ გამოუცხადა ომი გერმანიას? იმავე ჩემბერლენმა. ჰიტლერმა სხვა გზა არ დაუტოვა არც ჩემბერლენს, არც ევროპის სხვა ლიდერებს, პოლონეთსა და ჩეხეთში ისეთი საშინელებები ჩაიდინა. აი, საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი ხომ ვითომ ლოიალურად იყო განწყობილი პუტინის მიმართ, ნახავ, მაკრონი მალე გახდება ის ევროპელი ლიდერი, ვინც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მერე, მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სახეცვლილება უკვე ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამას არ მოუწონებენ ჩინეთის ლიდერი სი ძიან პინი და ინდოეთის პრემიერი მოდი, რომელიც ომის შეწყვეტის დიდი მომხრე იყო ჩინეთის ლიდერთან ერთად. პუტინმა კი ომი გაახანგრძლივა ამ მართლა ბრიყვული გადაწყვეტილებით. უკრაინაში იყო ხალხი, რომელიც ზელენსკის მოუწოდებდა, დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან, ომი შეეწყვიტა, რაღაც დაეთმო და ზავი დაედო რუსეთთან. დღეს ეს ხალხი მოუწოდებს ზელენსკის, ომი გააგრძელოს და დაიბრუნოს ანექსირებული ტერიტორიები. ზელენსკი არც მანამდე აპირებდა და ახლა მით უმეტეს, ერთ გოჯ მიწას არ დაუთმობს რუსეთს, როდესაც მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ხალხიც ომის გაგრძელებას და ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს.
– არადა, ომი ახალი დაწყებული იყო, ზელენსკის თავშესაფარს სთავაზობდნენ ამერიკა და ევროპის ქვეყნები.
– კი, ამერიკა და საფრანგეთი სთავაზობდნენ თავშესაფარს, პირადად მაკრონმა და ჯო ბაიდენმა დაურეკეს ამის თაობაზე. ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო მაშინ არავინ ელოდა, რომ უკრაინელები ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ რუსეთის არმიას, რომელიც კატასტროფულად არაორგანიზებული და ბრძოლის უუნარო აღმოჩნდა. ამას რუსი სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ. დღეს რუსეთი იქცა ერთადერთ დიდ სახელმწიფოდ, რომლის საზღვრებიც დადგენილი არ არის. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნახევარი უკრაინელების ხელშია. ანექსირებულ რეგიონებში უკრაინელები ცხოვრობენ და ამ ხალხს მოსთხოვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა. წავლენ და ჩაბარდებიან ტყვედ და რუსული იარაღით რუსეთს შემოუბრუნდებიან. ზაპოროჟიელი და ხერსონელი უკრაინელი, რომ უკრაინელის წინააღმდეგ არ იბრძოლებს, ამას რა დიდი მიხვედრა უნდა? ყოველ მხრივ, პუტინის ეს ნაბიჯი გაუთვლელი იყო. გარდა ამისა, სამხედრო მობილიზაციითა და ამ რეფერენდუმებითა და ანექსიით, პუტინმა დაადასტურა, რომ ომში ცუდად აქვს საქმე. გარდა ამისა, პუტინმა მოატყუა ჩინეთის, ინდოეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, რომელთაც დაპირდა, რომ თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებდა ომის სწრაფად დასასრულებლად. არადა, ამ გადაწყვეტილებით, ომი გაახანგრძლივა. უკრაინა, დასავლეთთან შეთანხმებით, ჯერ არც აპირებდა ომის დასრულებას, ყველა დასავლეთელი ექსპერტი აცხადებდა, რომ 1.5-2 წელი გაგრძელდებოდა ეს ომი და ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსიც ამბობდა ღიად ამას. ახლა ომის გაგრძელება მარტო უკრაინას და დასავლეთს აღარ დაბრალდებათ, რუსეთსაც დაბრალდება. მიუხედავად ყველაფრისა, პუტინის რეიტინგი რუსეთში 60 პროცენტია. ომის დასაწყისში 85% იყო. კი, რუსეთი არმიის რამდენიმე წარუმატებლობამ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგებმა და სხვა ფაქტორებმა ცოტა დასწიეს პუტინის რეიტინგი, მაგრამ 60% მაინც მაღალია. მოკლედ, პუტინს რაღაც განსაკუთრებული უნდა გაეკეთებინა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ დაეკარგა და ამასთან, ევროპა და ამერიკა გაეკვირვებინა, შოკში ჩაეგდო, რომ ვიდრე გონს მივიდოდნენ, კიდევ რაიმეს მოიფიქრებდა. უნდოდა, დრო მოეგო და ფრონტზე ვითარება გამოესწორებინა. ჰოდა, ადგა და რუსეთს შეუერთა ეს ოთხი რეგიონი, მოსალოდნელი შედეგები კი ვერ გათვალა. დასავლეთი არ დაიბნა და მისი საპასუხო რეაგირება მყისიერი იყო. პუტინმა დასავლეთის არათუ შორეული საპასუხო ქმედებები ვერ გათვალა, 2-3 დღისაც კი ვერ გათვალა. რა ვიცი, კიდევ მაგას ეძახიან შორს მჭვრეტელ და მაგარ პოლიტიკოსს.
კომენტარები