კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სახელმწიფო ვალის დავალიანების გადახდის რესურსი აქვს, შესაბამისად, ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე არ დგას.
“დეფოლტის ობიექტური მიზეზები არ გვაქვს. ქვეყანაში მხოლოდ ხელოვნური, ადამიანების ჩარევით შექმნილი დეფოლტი შეიძლება არსებობდეს.” – ამბობს კრემლის სპიკერი.
დმიტრი პესკოვის განცხადებამდე, კრემლი დასავლეთს “ხელოვნური დეფოლტის” შექმნისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი სახელმწიფო ვალის გადახდის საშუალებას არ მისცემს.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, როდესაც რუსეთს $552.4 მილიონის ღირებულების ვალი უნდა გადაეხადა, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა რუსეთის წვდომა გაყინულ რეზერვებზე ობლიგაციების გადახდის მიზნითაც კი.
ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის ისტორიული დეფოლტის რისკის წინაშე დაყენებაა. მოსკოვი იძულებულია, არსებული დოლარის რეზერვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს: გამოიყენებს მათ ვალის გადასახდელად თუ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.
ასევე შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.
კომენტარები