ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, რუსეთიდან მიგრანტების დიდი რაოდენობა შემოვიდა და ბევრი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს ამაში. თქვენ რას იტყვით?
– მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ქვეყანაში საიმიგრციო კანონის გამკაცრების აქტიური მომხრე. საიმიგრაციო კანონის გამკაცრება არ უნდა ეხებოდეთ მხოლოდ ირანის, არაბეთისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს. ეს ეხებათ პოსტსაბჭოური სივრცის მოქალაქეებსაც, რომ უნდა იყოს კონტროლირებადი საქართველოში შემოსვლა და გასვლა!!! მომხრე ვარ, სავიზო რეჟიმი დაწესებულ იქნას ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთაც ჩვენთან აქვთ სავიზო რეჟიმი. თუ კონკრეტული ქვეყანა მიწესებს სავიზო რეჟიმს, მაშინ მე რატომ უნდა შემოვუშვა იმ ქვეყნის მოქალაქეები ვიზის გარეშე? ეს ხომ ცალსახაა?! თავის დროზე, რუსეთთან უვიზო რეჟიმი დააწესა სააკაშვილმა, ამ პირწავარდნილმა ქვეყნის მოღალატემ და რუსეთის ინტერესების გამტარებელმა საქართველოში. გახსოვთ, მან გამოაცხადა, ტურისტს ეროვნება არ აქვსო და დღეს ჩვენ ვიმკით ამის შედეგებს. რა შედეგები გვაქვს ახლა ჩვენ? დღეს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კატასტროფაა ქვეყანაში. ათეულ ათასობით ქართველი ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის, ჩვენი „ოქროს ფონდი“ წასულია ქვეყნიდან. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც უნდა ააშენონ ჩვენი ქვეყანა, მასობრივად მიდიან უცხოეთში და მათ ადგილას სახლდებიან ირანელები, რუსები, ბელარუსები, ჩინელები, მონღოლები, აფრიკელები და რა ვიცი, საიდან აღარ ჩამოდიან ვითომდა თავშესაფრის საძიებლად, რაც უდიდეს დემოგრაფიულ კატასტროფას უქმნის ჩვენს ქვეყნას. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – მე გახლდით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში და სტატისტიკაც შესანიშნავად ვიცი. 2015 წლის მონაცემებით, მილიონნახევარი ქართველი იყო გასული საქარვთელოდან. დღევანელი მონაცემები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე გეტყვით, რომ 2 მილიონ 200 000 ქართველია გასული საქართველოდან. ამ დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე, როდესაც ხდება უცხოელების შემოდინება და მათი აქ დარჩენა საცხოვრებლად, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური და ეკონომიკური დივერსია და სულაძაღლებული ნიკიტა ხრუშჩოვის ოცნების ასრულება, რომელმაც თავის დროზე თქვა ცნობილი ფრაზა, „საქართველო ქართველების გარეშე“. სხვათაშორის იგივე ლოზუნგი აქვს გიგა ბოკერიასაც, იგივე ლოზუნგი აქვს მთელ იმ ლიბერალურ ფრთას, რომელიც ოპოზიციაშია თავმოყრილი და ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც სულგაყიდულია, რომელიც ფულის გულისთვის საკუთარი ოჯახის წევრებსაც გაყიდიან.
– სავიზო რეჟიმის დაწესება რიგ ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან, მოაგვარებს ამ მართლა კატასტროფულ დემოგრაფიულ პრობლემას?
– რა თქმა უნდა, მოაგვარებს ამ პრობლემას, რადგანაც, როგორც ჩვენ, ქართველებს გვიჭირს ვიზის აღება რუსეთში წასასვლელად, იგივე პროცედურები უნდა გაიარონ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებმაც აქ შემოსასვლელად. თითოეული ეს ადამიანი, ვიზით უნდა შემოდიოდეს საქართველოში, უნდა გადიოდეს ფილტრაციას, უნდა ირკვეოდეს, თუ ვინ არის, რა უნდა საქართველოში, რა მიზნებით შემოდის და ა.შ. ეს არის კონტრდაზვერვის საქმე, მისი საქმიანობის სფერო და ეს სამსახური უნდა აკონტროლებდეს პროცესს და ავლენდეს იმ ადამიანებს, რომელთა შემოშვებაც შეიძლება საქართელოში და რომელთა შემოშვებაც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება. ასე იქცევიან ნორმლური სახელმწიფოები და არანორმალურები და „ბანანის რესპუბლიკები“ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. გახსნილი აქვთ საზღვრები და ვინ ტერორისტი შემოდის, ვინ უცხო ქვეყნის აგენტი, ვინ დივერსანტი, ვინ ნარკორეალიზატორი, ვინ კრიმინალური ავტორიტეტი, ვინ შავი და ბნელი, კაცმა არ იცის და არავინ არაფერს აკონტროლებს. ამიტომაც არის ამგვარი პრობლემები „ბანანის ქვეყნებში“ და თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ, იმავე პრობლემებს წავაწყდებით, რაც მათ აქვთ. პრონციპში, უკვე ვაწყდებით კიდეც. გაიარეთ ძველ თბილისში, ქართველს ვერ ნახავთ!!! ჩვენ როდესაც გამოვდიოდით უკანონო მიგრაციის შეჩერების მოთხოვნით, კონკრეტულად ირანელებზე კი არ გვქონდა აქცენტი, ყველაზე გვქონდა და გვაქვს! ევროპის ქვეყნებს არ სჭირდებათ ჩვენთან ვიზები და ცხადია, ევროპის ქვეყნებიდან აქ დასარჩენად, თავშესაფრის საძიებლად და ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად არც არავინ ჩამოვა. ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი უვიზო რეჟიმი გვაქვს და კი, ბატონო, შემოვიდნენ უვიზოდ, მაგრამ იმ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, რომლებსაც ჩვენთვის სავიზო რეჟიმი აქვთ დაწესებული, მათ უნდა დავუწესოთ სავიზო რეჟიმი. გააუქმებს ოდესმე რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს? მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, გააუქმებს თუ არა თავადაც. მანამდე კი, ვიდრე რუსეთს ჩვენთან სავიზო რეჟიმი აქვს, ჩვენც იგივენაირად უნდა მოვექცეთ.
– ბევრს ეშინია, თუ რუსეთს სავიზო რეჟიმს დავუწესებთ, რუსეთიდან საპასუხოდ ქართველებს გამოყრიანო. რამდენად რეალურია ეს შიში?
– რუსეთიდან ქართველების გამოყრა რომ სდომებოდათ, აქამდე გამოყრიდნენ. 2006 წელს გამოყარეს ქართველები, საიმიგრაციო კანონის დარღვევის საბაბით და მათ შორის, სატვირთო თვითმფრინავებით. მაშინ ეს პროცესი აღარ გაჩერდებოდა. ქართველები რუსეთში არ წარმოდგენენ რაღაც დაბალი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ დაბალ სამსახურებრივ რგოლებში. ხშირ შემთხვევაში, ქართველები იქ ქმნიან რუსეთის სახელმწიფოებრიობას. ქართველები არიან რუსეთის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები. ქართველების უზარმაზარი წვლილია რუსეთის მოღონიერებასა და განვითარებაში. მოდით, პირდაპირ ვთქვათ. მე არ ვარ სტალინის მეხოტბე და ძალიან კარგად ვიცი, სტალინის ხელისუფლების დანაშულებების შესახებ, რასაც სჩადიოდნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ ქართველმა სტალინმა რუსებს ომი დააწყებინა ფილთა თოფებით და ეს ომი გამარჯვებით დაამთავრებინა, ატომური ბომბიც დაუტოვა რუსეთს. სტალინის მიერ შექმნილი ეკონომიკური სიძლიერით მოვიდა საბჭოთა კავშირი, ვიდრე დაიშლებოდა. რეალობა ეს არის. ქართველებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი რუსეთის განვითარებაში და ასე „უპრაგონოდ“ პანღური ამოკრან და გამოაგდონ, ასე ვერ მოხდება… და თუ მაინც ასე მოხდა, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან კარგი! დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, დაიწყონ აქ მოღვაწეობა. თუ ხელისუფლება იქნება შესაცვლელი, ხელისუფლება შეცვალონ, თუ ამ ხელისუფლების პირობებში მოუნდებათ ყოფნა და ცხოვრება, ამ ხელისუფლების პირობებში იცხოვრონ. არანაირი პრობლემა არ არის. იქნებ დემოგრაფიული პრობლემაც კი გადაწყდეს. დღეს უმძიმესი მდგომარება გვაქვს, ამის შესახებ მეცნიერებთანაც მქონდა საუბარი და ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, 10 წელიწადში ეთნიკური ქართველების რიცხვი საქართველოში 50%-ს ჩამოსცილდება, ანუ ქართველი საკუთარ სამშობლოში გახდება ეთნიკური უმცირესობა. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე ვდეგართ!!!
– არის მოსაზრება, რომ საქართველოში რუსების ჩაგვრა მიდის, მათ არასათანადოდ ეპყრობიან, რამაც შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვიოს და შესაბამისი ზომები მიიღოს საკუთარი მოქალაქეეების დასაცავად. რუსეთი რა სახის ზომებს იღებს სხვა და სხვა ქვეყნებში თავისი მოქალქეების დაცვის საბაბით, ორივეს კარგად მოგვეხსენება!
– მე არ ვიცი, აქ ვისი ჩაგვრა მიდის, მე არ შევსწრებივარ ისეთ ფაქტებს, რომ ვინმეს ვინმე დაეჩაგროს. პირიქით, ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და თუ ვინმე ზღვარს გადავა და თავხედობას ჩაიდენს, იმას ეროვნება არ აქვს და ერთეული ფაქტების განზოგადება არ შეიძლება. ჩვენ ვინმეს მჩაგვრელები და უცხოელების მდევნელები რომ ვიყოთ, აქ აღარავინ ჩამოვიდოდა, არ დარჩებოდა და არც ასეთი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვექნებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან აუცილებლად კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაზე მეტად განვითარდება მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ცალსახაა. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე არის ოკუპაციის პრობლემა, მუდმივად იქნება ეს დაძაბულობა ჩვენს და რუსეთს შორის. საქართველოს ხელისუფლებმაც უნდა იფიქროს და რუსეთის ხელისუფლებამაც, რომ თუ ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა და ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გადაიჭრას ოკუპაციის პრობლემა და საქართველოს ტერიტორია არ უნდა იყოს ოკუპირებული, არც 20%, არც 10% და არც 1%. თავად რუსები უნდა მიხვდნენ ამას.
კომენტარები