პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ადამიანების დაკავებები დაიწყეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან დაკავებულები. ადგილზე ამ წუთებშიც დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის.
ერთ–ერთი აქტივისტი აცხადებს, რომ მან დაინახა 3 ადამიანის დაკავება, ნიკა ნარსიას ინფორმაციით, უკვე 5 ადამიანზე მეტია დაკავებული. თუმცა, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ადგილზე მყოფი ვაჟა სირაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
ამ წუთებში, პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადაინაცვლა და აქცია სამ სხვადასხვა ადგილას გრძელდება.
ისინი აპირებენ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო სხდომაზე რუსულ კანონპროექტს განიხილავენ, “სირცხვილის დერეფნებით” დახვდნენ.
პარალელურად, აქცია “არა რუსულ კანონს” გრძელდება პარლამენტის წინაც. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
კომენტარები