2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა წარადგინა. ინფორმაცია TASS-ს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ მიაწოდა. TASS-ის ცნობით, დარჩენილია კიდევ 100 ადგილი.
“საქართველოდან აბიტურიენტებს არჩევანს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ. ამ ჩამონათვალში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი არ შედის”, – წერს გამოცემა.
როგორც რუსეთის ინტერესთა განყოფილებაში აცხადებენ, საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც.
პროპაგანდისტული გამოცემა სექციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოდან აბიტურიენტების ტოპ სპეციალობებს შორის მედიცინა, ენათმეცნიერება, IT-სპეციალობები, სამართალი, ეკონომიკა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებები და მშენებლობაა.
“დღეს საქართველოს კვლავ სჭირდება მაღალკვალიფიციური, ინტელექტუალური სპეციალისტები, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევთ, ყურადღება სამშენებლო, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს სპეციალობებს მიაქციონ”, – აცხადებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში.
აღსანიშნავია, რომ TASS არ აკონკრეტებს 100 აბიტურიენტს შორის არიან თუ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს. რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე 2024-2025 სასწავლო წლისთვის მისაღებად კონკურსი 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 1-ელ ნოემბერს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
წყარო – BM.GE
კომენტარები