თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.
– როგორ ფიქრობ, რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? რისი იმედი ჰქონდა?
– რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, შეცდა აქ რომ ჩამოვიდა. გაბერეს იმედებით, დაპირებებით, უთხრეს, როგორც ჩანს, რომ რადიკალურად შეიცვალა ქვეყანაში მდგომარეობა, დიდი ოდენობით მხარდამჭერი ჰყავს ოპოზიციას… თუ გახსოვს, მაგ პერიდოში ძალიან აქტიური იყო რიტორიკა, რომ აი, გაიწია ივანიშვილმა პოლიტიკიდან და დატოვა მისი გუნდი ირაკლი კობახიძის იმედად და სააკაშვილსაც უთხრეს, აი, მხოლოდ კობახიძეღა დაგვრჩა დასამარცხებელი. ხეს რომ ეძახო გახმიო, ის გახმებაო, ამბობენ და დაიჯერა მანაც. გახსოვს რა დაბნეულობა გამოიწვია ქართულ ოცნებაში მისმა ჩამოსვლამ? არ ჰქონდა ოცნებას მის ჩამოსვლაზე ინფორმაცია. ვინ ეტყოდა ოცნებას სააკაშვილის ადგილსამყოფელს? მე და შენ არ ვეტყოდით, არ ვიცოდით, არ იცოდა ოცნებამაც და ვინ ეტყობა, მაშ? ეტყოდა ის, ვინც იცოდა, ხომ? მსუყედაც დაჯილდოვდებოდა.
– რა გეგმა ჰქონდა სააკაშვილს, როგორ გგონია? და ვინ არიან ადამიანები, ვინც ის გაყიდა?
– 3 ოქტომბერს საზოგადოება გამოვიდოდა გარეთ და დადგებოდა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და ამას მოჰყვებოდა ხელისუფლების შეცვლა, რევოლუციის, გადატრიალების, თუ რამე სხვა გზით. ცხადია, დეტალები მე არ ვიცი. რაღაცა მსგავსი გეგმა რომ იყო, ცხადია და ამას ღიად ამბობდა. სააკაშვილი შეეწირა კონკურენციას… ისტორიაში ყოველთვის ასეა, როცა ასეთი რამ ხდება, სულ რომ არ არსებობდეს მტკიცებულებები, მაინც მოჰყვება ამას ყოველთვის იმ ხალხი გაბანძება, რომელიც ამას სჩადის და გადახედეთ, ვინ არის გაბანძებული აბა, დღეს. ეჭვი მაქვს ეს მოხდა ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით, იმ ძალებისგან, მაგალითად, ვისაც სურდა პარტიის ხელში ჩაგდება, თუმცა, გვარს არ დავასახელებ.
– კეზერაშვილს გულისხმობ?
– გინდა კეზერაშვილი, გინდ – მელია, გინდ ხაბეიშვილი, გინდ დეკანოიძე – ყველას ვგულისხმობ ვინც გაჩუმებულია, ვინც იმას ამბობს, რომ აი, ვითომ, საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს ველოდებით, რომ აი, ვითომ უკრაინაში რამეს აგვარებენ, ყველანი არიან გარეულები, არავის აინტერესებს სააკაშვილი. ოცნების და ნაცმოძრაობის ლიდერშიპი ისე მოქმედებს, თითქოს ერთი აზრი გააჩნიაო. მე რატომ უნდა ვაბრალო ვინმეს რამე? თავად იმართლონ თავი და/ან იმოქმედონ. მე არც კონტაქტი მქონია სააკაშვილთან, არც რამე სახის ურთიერთობა, ის არის ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების ლიდერი, და სწორედ მისმა მხარდამჭერებმა უნდა იზრუნონ პირველ რიგში, რომ ცოცხალი გამოვიდეს ციხიდან, თუ საავადმყოფოდან. ჩემთვის გულსატკენია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამ ვითარებაში რომ იმყოფება, ქვეყნის იმიჯისთვისაა ცუდი, თორემ, იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა დაისაჯოს ვინმე დანაშაულისთვის.
– ეს მხარდამჭერებიც მუდმივ ლოდინში არიან უკვე წელიწადზე მეტია, ჯერ ცოტა დავიცადოთ და 2 კვირის მერე ჩავატაროთ აქციაო, მერე დავიშალოთ და მეორე ტურის მერეო, მერე მეორე ტურის მერე რუსთაველი ავაზანზაროთო, მერე შიმშილობა ქალაქის ბოლოში დავიწყოთო, მერე უწყვეტი აქციები გვექნებაო, მერე გავაცხადებთ გეგმას, ჯერ ვფიქრობთო, მერე გეგმა გვაქვსო, მერე გეგმა როგორ გვექნებოდაო…
– ხოდა, აი, ამას რომ უყურებენ მხარდამჭერები და მერე ჩემნაირი ადამიანებისგან იცავენ მატყუარა ოპოზიციას, მაგ ლოგიკას ვერ ჩავწვდი. რა სიტყვებით აღარ მლანძღავდნენ და მესხმოდნენ თავს. თუ მოქმედება, ბრძოლა გინდა და ხედავ, არ აკეთებენ სხვები, შენ იმოქმედე, ისეთი ადამიანები მლანძღავდნენ, ახლა რომ ჩემზე მეტად ამუნათებენ ოპოზიციას. შემეხმიანა მერე ზოგი, მაგრამ მე უკვე ვნახე მათი ბრძოლა როგორია, ბრძოლაში მხარში დაგიდგებიან ფეისბუქზე პოსტის დაწერით, ომში რომ შედიხარ, ეგ არ არის საკმარისი. ტროლები შალვა რამიშვილიდან, მგონი გადაიბარეს მელიამ და ხაბეიშვილმა, თან ქოცი ტროლები… ეგენი არ არიან პოლიტიკოსები, ეგენი არიან ტროლები და ავხსნი რატომ ვამბობ ახლა ამას: – სიმართლეს კი არ ამბობენ, ქმნიან განწყობას რაღაცის, ბრძოლაში რომ შედიხარ, თუკი ის განწყობა არაა სიმართლეზე დაფუძნებული, იკარგება… მოდი, ზეგ შევიკრიბოთ, როგორც მელიამ იცის თქმა, არ მუშაობს. ელოდებიან, როდის დაუშვებს ოცნება მეტ შეცდომას, როდის გაბრაზდება ხალხი რომ გამოვიდეს გარეთ და მერე თავად დაიბრალონ ლიდერობა.
– კიდევ იყო რამდენიმე მოლოდინი, მაგალითად, საუბრობდნენ, რომ აი, მერაბიშვილი, ვარშალომიძე რომ უკრაინაში არიან, იქ ადეიშვილთან ერთად, რაღაც გეგმაზე მუშაობენ, ელოდებოდნენ, რომ თემურ ალასანია გამოიყენებდა თავის გავლენებს და ამ საკითხს დასავლეთთან დაალაგებდა – ხედავ რამე ნიშნებს, რომ რამე ლაგდება კი არა, რამის დალაგებაზე მუშაობს ვინმე?
– ვერავინ ვერაფერს ვერ დაალაგებს, სანამ ოპოზიციაში არ მოვლენ ადამიანები, რომელთა მიმართაც დასავლეთს ექნება ნდობა. ხელისუფლების წინააღმდეგ რომ მიდიხარ და რუსეთთან კავშირს აბრალებ და იმ დასავლეთს მაგიდასთან ახვედრებ ირმა ინაშვილს და ნინო ბურჯანაძეს, არ დაგელაპარაკება სერიოზულად, ვერ დაგელაპარაკება სერიოზულად. ტყუილები რომ გინდა დააჯერო დასავლეთს, არ ექნება ნდობა. მაგალითად, ყველაზე გახმაურებულ საქმეს გავიხსენებ – კახა კალაძემ ავტობუსების შემოყვანით მიითვისა 60 მილიონიო. ჯერ ერთი, საერთოდ არ შეუსყიდიათ ის ავტობუსები, არ იყო რენტაბელური ჩვენი ქვეყნისთვის, მეორეც, რომც გვეყიდა, იმაზე ნაკლებ ფასში ვყიდულობდით, ვიდრე იყიდა თურქეთმა მაგალითად, ან რუმინეთმა. ასეთ ბრალდებას რომ წაუყენებ, დასავლეთშიც ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მიმოხილვებს წერენ, ხომ ხედავენ, რომ ატყუებ? ცრუპენტელად თუ ხარ აღიარებული, რატომ დაგიდგება გვერდით? რატომ დაგიჯერებს მერე? მით უმეტეს, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე შენზე მეტს დებს და დადებს კიდეც. ავხსნი ახლა ამ პრინციპს – არის დავუშვათ 3 კანდიდატი და მივიდა არჩევნებზე 10 000 ადამიანი. მიიღო დავუშვათ ერთმა კანდიდატმა 40 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა 60–მა პროცენტმა არ მისცა მას ხმა, მაინც გამარჯვებულია, რადგან დანარჩენმა კანდიდატებმა კი აიღეს ერთად 60 000 ხმა, მაგრამ განაწილდა, დავუშვათ 30 000–30 000. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობებში ოცნების დამარცხება? სხვათა შორის, ოპოზიციამ ბევრი იბრძოლა რომ კანონი ასეთი ყოფილიყო. ოპოზიციამ მართლა ბევრი იბრძოლა და ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ოცნება იყოს წელში გამართული, არაფრის და არავისი შიში არ ჰქონოდეს, ისაუბროს იმ ტონით და სიტყვებით, როგორც საუბრობს, ციხეში ჰყავდეს გვარამია, სააკაშვილი, ვინც უნდა დაიჭიროს, ვინც უნდა გაუშვას და მომკითხავი არავინ იყოს – იმიტომ რომ ოპოზიციას არ აქვს ძალა, აღარ ჰყავს მხარდამჭერები და იმ ხალხმაც კი, ვინც 2020 წელს ხმა მივეცით, ჩემი თამადობით, ვაქციეთ ზურგი, რადგან დავინახეთ რა ხდება შიგნით. გუბაზ სანიკიძე, მაგალითად, მისი წლიური შემოსავალი 2020 წლამდე იყო 50 000, ახლა მისი წლიური შემოსავალია 180 000, აქვს მას მოტივაცია ებრძოლოს ოცნებას? თუ ის მოტივაცია აქვს, რომ მისი წლიური შემოსავალი გახადოს 280 000 ლარი? პირდაპირი შესყიდვის წესით, ოცნება იმას უფორმებს ხელშეკრულებას, ვინც მასთან გარიგებაშიაო, რომ ყვირიან – ხაზარაძის ცოლს რომ გაუფორმეს პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება, შეკრულია ოცნებასთან? ოქრიაშვილს რომ გაუფორმეს მედიკამენტებზე შესყიდვა პირდაპირი შესყიდვის წესით – ისიც? ბევრი რამ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პოზიცია არის იმიტომ პოლიტიკაში, რომ არ იყოს სხვა.. გაინაწილეს ქვეყანა. არიან ნიჭიერი მებრძოლი ადამიანები, ვისაც შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის საშუალებას არ მისცემენ.
– არის კიდევ ერთი ნარატივი – უკრაინა მოუგებს რუსეთს და ჩვენ მაშინ გვეშველება.
– უკრაინაზე დასავლეთიდან მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვს საომარი, სამხედრო გამოცდილება, ისინი, ვინც რუსეთზე მუშაობს. ვინც დემოკრატიის კუთხით მუშაობს, ის ადამიანები თავისუფალი არიან, არ არიან დაკავებულნი და ინტერესი რომ ჰქონდეთ ამ კუთხით, ჩაერეოდნენ და დამიჯერეთ, ბევრ რამეს გადაწყვეტდნენ. გაჩერებულნი არიან იმიტომ, რომ ვერ ხედავენ რეალურ ოპოზიციას და ცდილობენ, რაღაც დონეზე მართონ სიტუაცია. აგერ 7 ნოემბერია და გვახსოვს ყველას, რა მოხდა 7 ნოემბერს, წინა ხელისუფლების დროს, გვახსოვს დარბეული აქციები, ნაცემი ადამიანები. გვახსოვს 20 ივნისიც. დასავლეთი რას ხედავს? ის, ვინც 7 ნოემბერი მოაწყო და ისიც, ვინც 20 ივნისი მოაწყო, დღეს ორივე ოპოზიციაშია, ორი შს მინისტრი, რომლებთა დროსაც ქართველ ხალხზე აწიეს ხელი, ცემეს, თვალები დათხარეს, ორთავე ოპოზიციაშია. ისინი, ვინც საკუთარ ხალხზე აწია ხელი, რატომ უნდა მოვიყვანოთ მეორედ? ისევ რომ გვცემონ? ეს ხომ დასავლეთმაც იცის? რაც შეეხება რუსეთ–უკრაინის ომს, არ მგონია, რომ მალე დამთავრდეს და მგონია კარგა ხანს გასტანს. რუსეთი ცდილობს გამოფიტოს უკრაინა და მოსკოვში კი არ ცვივა ბომბები, ცვივა კიევში. მოსკოვშიც მყავს ნაცნობები და ვესაუბრები, მაკდონლადსს მაგალითად, გადაარქვეს სახელი, რაღაცა რუსული სახელი დაარქვეს და იგივე მომსახურებას ვიღებთო, მაღაზიებს, ასევე გადაარქვეს სახელები და იგივე პროდუქციას იღებენ, რასაც მანამდე ყიდულობდნენ. რაც შეეხება უკრაინას, რომ არა დასავლეთი და ამერიკის დახმარება აქამდე აღებული ექნებოდა რუსეთს. დასავლეთმა იცის, რომ ჩვენ ვართ ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად დაპატარავდა, იმ ფონზე, რომ გაედინება ხალხი ქვეყნიდან და ჩვენ ვერც რუსეთზე და ვერც უკრაინაზე ვერ ვიმოქმედეთ, დაგვრჩა ერთადერთი ის, რომ რასაც გვეტყვიან, და როგორც გვეტყვიან, ისე ვიმოქმედოთ, რომ არ გავიჭყლიტოთ შუაში. მოდი, ვთქვათ, ბომბები არ ცვივა დღეს ჩვენ ქვეყანაში, ხო?გაჭირვებაა, მაგრამ სიმშვიდეა. მგონია, რომ ეგ მოსწონს დასავლეთს და ამიტომ არიან ჩუმად. მე არ ვამბობ, რომ დასავლეთი არ სცდება, ბევრჯერ შესცდნენ, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისინიც ადამიანები არიან და ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპარლამენტარმა იმაზე მეტი იცის საქართველოს პრობლემებზე, ვიდრე საქართველოში მაცხოვრებელმა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი! თუ ოცნება ახერხებს დასავლეთის დარწმუნებას და ფაქტია, ახერხებს, არ ექნება დასავლეთს პრეტენზია არც იმ მიმართვებზე, რაც ესმის ქართული ოცნებიდან, თუ ქართული ოცნება დაარწმუნებს მათ, რომ ის რიტორიკა, რაც აქვთ, ქვეყნის სასიკეთოდ აქვთ, დასავლეთს არ ექნება პრეტენზია მიმართვებთან და რას ხედავთ, აქვთ? ან რომელიმე დასავლელი პარტნიორი, ოფიციალური ტრიბუნიდან გვეუბნება, ჩაკეტეთ საზღვარი, არ შემოუშვათ რუსეთის მოქალაქეებიო? არა, გვეუბნებიან, არც ჩვენ გვინდა საქართველოში ომიო. ხოდა, იმათაც თუ არ უნდათ ომი საქართველოში, მაშინ, ქართული ოცნებაც ხომ მაგას აკეთებს, რომ ომი არ არ იყოს და არწმუნებს მათ, რომ ამას აკეთებს საკუთარი იმიჯის ხარჯზე. ამა წლის ივნისშიც გაიარა ქართულმა ოცნებამ ბეწვის ხიდზე (თბილისში გამართული პროევროპული აქციები) და რა მოხდა? ოპოზიციამ ისევ შეცდომა დაუშვა, მოდი, შოთა დიღმელაშვილი იყოს პრემიერიო – არ მიიღებს ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოება, არ არის ეს სერიოზული.
– და უომრადაც შეიძლება ჩაგვაბარონ რუსეთს, არა?
– რუსეთს ვერ ჩაგვაბარებენ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ – არ ექმნება პრობლემა ჩვენგან რუსეთს. ირაკლი ალასანია რატომ მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა? იმიტომ რომ მას სურდა საქართველოში დაედგა რაკეტსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოთხოვნით ჩამოიშორა ალასანია ივანიშვილმა. დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებები არ ეწინააღმდეგება რუსეთს, არ აღიზიანებს. მაინც სცადა რუსეთმა რაღაცები, იქ ლუგარის ლაბორატორიაზე მოიგონეს რაღაცა ღამურებზე, იქ რაღაცა კიდევ, მაგრამ ვერ შექმნეს ჩვენგან მტრის ხატი, ვერ დაარწმუნეს ვერავინ, რომ საქართველოსგან საფრთხე ელის. გარდა ამისა, ამ მომენტში, არ სურს რუსეთს ჩვენი დაპყრობა, თორემ, რომ უნდოდეს, ქართული ოცნება ვერ შეუშლიდა ხელს, დაგიპყრობდა. ახლა პუტინი რეპუტაციას ვერ აიმაღლებს საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის დაპყრობით, ეს კარგად იცის და ამიტომაც არ ჩერდება უკრაინაში.
კომენტარები