თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, რომელიც პარტიულ საქმეებში უკვე აღარ, უფრო სწორად, ვეღარ ერევა, თუმცა, შიდა კულუარული ამბები, ცხადია, ძალიან კარგად იცის. მას ამ ეტაპზე არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება, რადგანაც, როგორც გვიყვება, კობახიძისა და ღარიბაშვილის ხელით ივანიშვილის შურისძიების ეშინია, თუმცა, არც გაჩუმება შეუძლია:
– მიშა კვდება და რა დროს არჩევნებიაო, გაიძახის ზოგი, იქეთ მიშამ დააბარა ვიღაცებს, რა დროს არჩევნებია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსია მთავარიო, მაგრამ მერე ერთმა ყოფილმა ძალოვანმა კითხვა დასვა – ჯერ მიშას ვათავისუფლებთ და ის გააგდებს ბიძინას, თუ პირიქით, ჯერ ბიძინას ვუშვებთ და მერე გამოგვყავს მიშაო და იმას კი მართლა ჰგონია, რომ ახალი რაღაც იკითხა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ამ კითხვაზე კარგა ხანია გაცემული აქვს პასუხი და მიშას გეგმა სწორედ ეგაა, მისი ხელიდან გაგდებული დაერქვას ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც დაელოდა საჭირო დროს. ვინმეს სჯერა, რომ არჩევნები პარტიაში მისი ნებართვის გარეშე ტარდება? ლევან ხაბეიშვილი რომ თავის კანდიდატურას დააყენებდა თავმჯდომარის არჩევნებზე, ეს მგონი ყველამ ვიცოდით, თავად ხაბეიშვილის გარდა, ისე უარჰყოფდა ბოლო წამამდე. დააყენა კანდიდატურა და მეორე დღესვე ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივთან დაიწყო შეხვედრები და გგონიათ, ასე იგეგმება შეხვედრები, დგები, მიდიხარ და გხვდებიან? ცხადია, წინასწარ იყო სამზადისი დაწყებული და ყველამ წინასწარ იცის, როგორია მისი როლი. ლევან ხაბეიშვილი რატომ არ შედის სააკაშვილის სანახავადო, კითხულობენ და ნეტა, რატომ? რაში სჭირდება სააკაშვილს ახლა ხაბეიშვილთან შეხვედრა? ხაბეიშვილი არის პირი, რომელიც ყველა სიტყვას შეუსრულებს სააკაშვილს, არ გადავა მის ნებას, რადიკალურ ნაბიჯებზეც წავა. აი, მიშა კიდე, თუ საჭირო გახდება, ისევ იგივეს გაიმეორებს, აბა, მე რა ვიცი, მე ცუდად ვიყავი, არც კი ვერეოდი პარტიულ საქმეებში, შიდა პოლიტიკა არც მაინტერესებდა ხაბეიშვილს არც კი შევხვედრივარო. მე ხომ ისიც შემოვთვალე, რომ ახლა ამის დრო არ იყოო და არავინ ჰკითხავს, რატომ შემოთვალეთ, ბატონო მიხეილ ეგ სხვისი პირით, და თუ მართლა არ იყო მაგის დრო, რატომ არ დაწერეთ სოციალურ ქსელში ეგ თქვენ გვერდზე, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კარგად წერთ ხოლმეო?
საერთოდაც, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორია გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“, რომელი გეგმით გადაწყვეტს მიშა მოქმედებას, თუ დაინახავს რომ რადიკალური ფრთა უნდა მიუშვას პარტიის სადავეებთან და უკეთეს კანდიდატურას ხაბეიშვილის და მისი გუნდის გარდა, ვერავის ნახავს, მაშინ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, თუ არ დასჭირდება რადიკალური ფრთა, მერაბიშვილის თამადობით, მაშინ ისევ ნეიტრალურ თავმჯდომარეს დატოვებს პარტიის თავმჯდომარედ. ამწამს ის თვლის, რომ რადიკალური ფრთა სჭირდება პარტიაში და რადიკალური ფრთა ივანიშვილის მოსაფერებლად რომ არ სჭირდება, ცხადია, ხომ?
ხელისუფლების მომხრეები კი გულს იმშვიდებენ, დაშალა ოპოზიციაო, 20 დეკემბერს გამართულ აქციაზე ბევრი ხალხი არაა მისული სააკაშვილის დასაცავადო, მაგრამ უნდა მისულიყო? რაში სჭირდება ახლა სააკაშვილს ბევრი ხალხი? მოითხოვა პარტიამ რეგიონებიდან ხალხის წამოსვლა, ჩაიყვანა ტრანსპორტი და ვერ წამოიყვანა? ახლა, დღეს, რაში სჭირდება მიშას დიდი აქცია? თან ახლა, როცა მის გათავისუფლებამდე ასე ცოტა დარჩა? მიშას არ სჭირდება სხვისი დაგეგმილი აქციებით ხელისუფლებიდან ბიძინას მოშორება! ეს რომ აქვს დაგეგმილი, ეს ოცნებამაც კარგად იცის! არ დაუხარჯავს პარტიას არც ერთ აქციაზე სერიოზული ფინანსური რესურსი და ყველა აქცია თავად დაშალეს. პირიქით, როცა საჭირო მომენტში ხალხი გამოვა და საჭირო მომენტში გამოიყვანს პარტია ხალხს, მიშა და მისი მომხრეები იტყვიან, აგერ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, სულ თავისით გამოვიდა ხალხი, როცა ამის საჭიროება დაინახა, თორემ, აბა, აქამდე რატომ არ გამოვიყვანეთო? ახლა ვინც დგას აქციაზე, 100-ჯერ მეტ ადამიანს მარტო ვანო გამოიყვანს მერაბიშვილი, როგორც კი ამის გაკეთებას მოსთხოვენ და ტყუილად კი არ ხვდებოდა მერაბიშვილი ყოფილ ძალოვნებს, ტყუილად კი არ ხვდებოდა მომხრეებს, ტყუილად კი არ კრებდა თანამოაზრეებს. ახლა ვინც დგას აქციაზე, 100-ჯერ მეტ ადამიანს გამოიყვანს ცალკე აღებული კეზერაშვილის ფრთაც, არ აქვს მნიშვნელობა სიტყვით, ფულით, ორივეთი ერთად, თუ ამ ხალხს ოცნებაზე განაწყენებულ ადამიანებში იპოვის, მაგრამ გამოიყვანს. და ყველა ოპოზიციური პარტია გამოვა, რადგან, ვერც ერთი ვერ გაბედავს სახლში გაჩერებას, თუ ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა ერთდროულად, ვერავინ გაბედავს, ჩამოშორდეს ამ პროცესს, რადგან, ავტომატურად დაკარგავს კოალიციაში მოხვედრის შანსს.
ცალკე აღსანიშნავია კეზერაშვილი – რომელიც თითქოს ბოლო წლები არავის ახსოვდა დიდად და არც თავად ახსენებდა ვინმეს თავს დიდად – ახლა კეზერაშვილზე საუბარი ისევ აქტუალური გახდა, რა ძლიერი ბიჭი ყოფილა, კაცო, ეს კეზერა, მთელი „ოცნება“ ებრძვის მეათე წელია და ვერ მოერია. რა ძლიერი ბიჭი ყოფილა ეს კეზერა, ებრძვიან და პირველი შემთხვევაა ახლა, როცა შეიძლება მისი ტელევიზია დააყადაღოს ხელისუფლებამ. რა მოქნილი ყოფილა, კაცო, ეს ბიჭი, კეზერა, აგერ, „ოცნების“ და „ოცნების“ სუსის თვალწინ, უკანონო ბიზნესები დაუწყია საქართველოში, თავადვე „კრიშავდა“, თავადვე ამუშავებდა, თურმე და ყველაფერს თავად აკეთებდა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსაც, ძილის წამალს ეგ უყრიდა, ალბათ, ყავაში დილით და საღამოს ჩაიში, რომ ვერაფერი დაენახათ. რა უჩინმაჩინი ყოფილა ეს ბიჭი, კეზერა, სანქცირებული რუსული პროდუქცია გემით მოაყენა ქვეყნის სანაპიროს, თურმე, და სანამ მისივე თანამებრძოლებმა არ ამოუქექეს, სუს-ს ეძინა, საზღვრის დაცვის სამსახურს ეძინა, ყველას ეძინა. საქმე ისაა, რომ კეზერაშვილი თუ რამეს აშავებდა ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე, ოცნების დახმარების გარეშე ვერ დააშავებდა და გააფუჭებდა ვერაფერს და თუ მართლაც ეწეოდა უკანონო ქმედებებს, ესე იგი სწორედ ოცნება „კრიშავდა“, სწორედ „ოცნება“ იყო წილში, მაშინ, გამოდის. და რატომ უნდა ყოფილიყო კეზერაშვილის „კრიშა“ ოცნება, თუ არაფერი აკავშირებს მასთან? მე არ წავალ შეთქმულების თეორიებში, მართლაც ჰქონდა თუ არა, კეზერაშვილს ოცნებასთან ერთად საერთო უკანონო ბიზნესები ქვეყანაში, შესაძლოა, კიდეც ჰქონდა, კეზერაშვილსაც უყვარს ფული და ივანიშვილსაც, აბა, ყველას მამა ხომ არ აჩუქებს ათასებს? კეზერას ძალაუფლებაც უყვარს, რასაც „ოცნება“ ასე ღიად ვერ აძლევს… ჰოდა, ახლა, დასავლეთმა ღიად თქვა უკვე, სააკაშვილი რუსეთის ტყვეაო, შესაბამისად, კეზერაშვილს გაუჩნდა შანსი, ახლა დადგეს იმ მხარეს, რომელი მხარეც, მას იმ ძალაუფლებას ისევ მისცემს, ისე რომ ის კი აღარ „დაკრიშონ“, თავად იყოს სხვების „კრიშა“ – ესაა მისი მთავარი ინტერესი და ამ ინტერესთა კვეთას სააკაშვილი და მისი პარტია, აუცილებლად გამოიყენებს.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც თავად „ოცნების“ რიგებში ავრცელებენ, თუმცა, მე ამ ამის არ მჯერა, მაგრამ მაინც ვიტყვი – საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილი გარდაიცვლება და მის სიკვდილს მოჰყვება არეულობა, მაგრამ ამის თქმის საშუალებას არც უკრაინაში სააკაშვილის მომხრეების დუმილი მაძლევს და არც სააკაშვილის იმ მომხრეების დუმილი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. პირიქით, ქარიშხლის წინ სიმშვიდეს მაგონებს ეს სიჩუმე, თითქოს ამოისუნთქეს და დამშვიდდნენ, აი, რომ იცი, ყანა კარგად დათესე, მერე კარგად გათოხნე, მერე კიდევ მეორედ კარგად გათოხნე და კარგი მოსავალი მოვიდა და მოსავლის აღების წინ, ზიხარ და ისვენებ, სანამ მოსავლის აღებას შეუდგები – ამ პოზაში ვხედავ ახლა სააკაშვილის მომხრეების ნაწილს გინდ ქვეყანაში და გინდ ქვეყნის გარეთ. ახლა მათთვის მთავარია, ივანიშვილმა დაიჯეროს, რომ მიშა კვდება, ოპოზიცია იშლება, კეზერაშვილს ძალაუფლება ფეხზე კიდია და მხოლოდ ფული უნდა, მერაბიშვილი ქვეყნიდან გაქცეულია, თემურ ალასანია შეშინებული და არაფერი ემუქრება. მეეჭვება ივანიშვილს ეს დააჯერონ, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას.
არის მესამე ფაქტორი, არანაკლებ მნიშვნელოვანი – როცა სააკაშვილი უკრაინაში იყო და საქართველოდან ლანძღავდნენ, არავინ აპროტესტებდა ამას დასავლეთში, ცხადია, როცა ჩამოვიდა და დააკავეს, ზოგი დასავლელი პარტნიორის პირველი რეაქციები იყო – რატომ ჩავიდა, სიტუაცია გაამწვავაო. ახლა დასავლეთის პოზიცია სრულიად განსხვავებულია, ის დასავლელი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც 2012 წელს სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ივანიშვილს მიესალმებოდნენ, ახლა ივანიშვილს აკრიტიკებენ და სააკაშვილის გამოშვებას ითხოვენ. ევროპარლამენტმა რეზოლუციაში დამატების სახით ჩაწერა, სააკაშვილის პუტინის ტყვეაო, ანუ, პუტინმა დაიჭირა ივანიშვილის ხელითო, ანუ ივანიშვილი პუტინის ხელიაო და სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო. არის თუ არა ეს რევოლუციისთვის მწვანე შუქი? – თავისუფლად შეუძლია ახლა ოპოზიციას თქვას, აი, ჩვენ სამართალი აღვასრულეთ, აგერ, ბატონო, ევროკავშირი და ამერიკა ამბობს ერთხმად, რომ უკანონოდ დააკავეს ეს კაციო. გამოდიან ევროპარლამენტში და ამერიკის სენატში და ამბობენ, ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებასო და ხო, მერე იმასაც ამბობენ, არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლებაო, კი, ბატონო. ახლა იტყვით, 2012 წელსაც აკეთებდა ეგეთ განცხადებებს დასავლეთი და მაინც მოუწოდებდა სააკაშვილს არჩევნებით დაეტოვებინა ხელისუფლებაო. კი, მართალია, ეგრე იყო, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მაშინ დასავლეთი ომში არ იყო რუსეთთან და მაშინ დასავლეთს არ უთქვამს, სააკაშვილი ჩვენი მტრის, პუტინის მხარესაა და დასავლურ ღირებულებებს პუტინის დავალებით ებრძვისო. პრაქტიკულად, ახლა დასავლეთმა ბიძინა თავისი პირადი მტრის, პუტინის ხელის ბიჭად მოიხსენია, პუტინის შავი დავალებების შემსრულებლად მოიხსენია ივანიშვილი და ეს სრულიად სხვა მოცემულობაა, ეს პირდაპირ მწვანე შუქია ოპოზიციის რადიკალური ფრთისთვის და მეტიც, არარადიკალურისთვისაც, რადგან, პარტნიორი თუ გეუბნება, რომ მისი და შენი მტრის მეგობარი გყავს მთავრობად, რომელსაც არ იმსახურებ და ამის არჩევნების გზით მოსაშორებლად საარჩევნო კოდექსის ცვლილებაა საჭირო და ეს საარჩევნო კოდექსი მაინც არ იცვლება ისე, როგორც საჭიროა, მაშ, რა გზაა კიდევ დარჩენილი?
ეს საფრთხეები ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ დაიწყო მისმა პარტიამ პარტიულ აქტივთან შეხვედრები, ამიტომ ავრცელებენ ფოტოებს, პარტიულ აქტივს ვხვდებით, ბატონო ბიძინაო, კი, ბიძინას დასანახად აქვეყნებენ ამ ფოტოებს, რომ გული მოეცეს, არიქა, ჯარი მყავს პარტიული აქტივის სახითო. კობახიძემ ვეღარ მოითმინა და დასავლეთს გამოუცხადა, მანდ რაღაცა ფარულად რომ ასანქცირებთ ივანიშვილს, და ფულს უკავებთ, თუ კაცები ხართ, ღიად დაასანქცირეთო, პირდაპირ დაადეთ, აბა, სანქციებიო და მერე? „კაცურად“ რომ მოიქცნენ ისინი და დაასანქცირონ ივანიშვილი ღიად, აქედან რას აპირებს კობახიძე და ძმანი მისნი? რას პირდებიან ივანიშვილს, რას ვიზამთო? კონტრაქციებს „დავაორგანიზებთო“, ხალხს გამოვიყვანთო? ჩვენივე მოსახლეობას დავუწყებთ ომსო? უკვე დაიწყეს იმ ადამიანების შეკრება და დაფინანსება, რომლებიც აგროვებენ ხელმოწერებს, ამზადებენ ხალხს, ივანიშვილის დასაცავად! რამდენიმე ადამიანი, ვისაც დიდი კავშირები ქონდა, ციხიდანაც კი გამოიყვანეს სწორედ ამ მიზნით და ამ ციხიდან ახალგამოსულ ადამიანებს უცებ გაუჩნდა ოფისები, უცებ გაუჩნდა ფული და შესაძლებლობა, იაროს და დაიწყოს ხალხის გამზადება იმ აქციების კონტრაქციებისთვის, რომელი აქციებიც ჯერ არც კი დაუწყია ოპოზიციას. რადიკალური ფრთა, რომელიც მოიყვანა ივანიშვილმა „ოცნების“ სათავეში, როგორც ჩანს, მზადაა სისხლის დასაღვრელად, საბრძოლველად, შიდა ომის დასაწყებად და ერთი სული აქვს, როდის დაასანქცირებენ ივანიშვილს, რომ მიზეზი მოეცეს გარეთ გამოსვლის და სისხლის დაღვრის. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ „ოცნებას“ ამ მიზეზს მალე მისცემენ, მაგრამ ჯერ ოპოზიციას მისცეს მიზეზი საქმის კეთების და ვნახოთ, რა მოხდება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიშას აქვს ივნისის აქციების „ტესტირების შედეგები“ და აქვს 3 „ეფექტი“. მიშას სამი ეფექტია – 1. მისივე დიაგნოზები; 2. რადიკალები პარტიაში და 3. რეზოლუციები და განცხადებები დასავლეთიდან. ვინმე თვლის, რომ ეს სამი რამ დროში ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვა? ვინმეს სჯერა, რომ ეს სამი ფაქტორი ასე შემთხვევითია ერთ დროში? მიშა ახლა ელოდება ორ რამეს – კიდევ ერთ დოკუმენტს დასავლეთიდან, სადაც უკვე ღიად იქნება ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლება განზრახ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და იმ 12 პუნქტს, რომელიც დაგვიწესეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, იმ პუნქტებს, რომლებსაც ასრულებენ უკრაინა და მოლდოვა – რადგან, უკვე დაიტესტა, რომ მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ხალხის განრისხების მთავარი მიზეზი მაინც რუსეთში ქვეყნის შეთრევის მცდელობა და ევროპერსპექტივის დაკარგვაა და მეორე – რასაც სააკაშვილი ელოდება, მისი გათავისუფლებაა. ამ ორი რამის თანხვედრის შემდეგ, მიშას უკვე ექნება 5 ეფექტი და ამ ხუთი ეფექტით ბევრ რამეს გააკეთებს. ამიტომაც აღარ სურს გაერთიანება და იმის გაყოფა, რაც, თვლის, რომ თავად მოიპოვა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მიშას დაბრუნება მინდა, არ მინდა, თუნდაც, ჩრდილში მდგომმა რომ მართოს ქვეყანა, თუნდაც, სხვა ქვეყნიდან, სწორედ ამიტომ მსურდა კოალიციური მმართველობა და სიმშვიდე ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ, ძალების დათმობა და გადანაწილება არც ერთ მხარეს სურს და არც მეორეს. ქვეყანაში უკვე დადგა რესტარტის დრო და წამზომი ჩართულია, რაც, სამწუხაროდ, მიკარგავს იმის იმედს, რომ მესამე ძალა გამოჩენას მოასწრებს ამ მოკლე დროში. “
კომენტარები