ნანა სულავა
„ალიაში“ ნორა კვიციანის სიცოცხლის ბოლო დღეებში დაიბეჭდა მისი „სკანდალური დღიურები“ და ინტერვიუ შვილთან თაია არღვლიანთან. ციხე-ციხე ნაწამებ-ნატანჯი, მონაზვნად აღკვეცილი დედა ქეთევანის მარტვილობა დასრულდა. თავად მან ყველა მის მწამებელს შეუნდო… როგორც მისმა შვილმა მიამბო, დედამ, რომელსაც სიცოცხლეში არასდროს უმღერია, სიკვდილის წინ იმღერა: „ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია“ და ასე დალია სული…
ნორა კვიციანი მაგალითია იმისა, თუ როგორ ანადგურებდა ფაშისტი სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და როცა იდეოლოგიურად ვერაფერს უხერხებდა, მტკიცე ნებისყოფის ადამიანებს ციხეებში სპობდა. ის თავისი რეპრესიული ორგანოების მოთავეებს: მერაბიშვილებს, ოქრუაშვილებს, ადეიშვილებს, კეზერაშვილებს, კოდუებს ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს აძლევდა. ამიტომაც იყო, კოდორის ხეობაში ზოგიერთი ზონდერის ცოლიც რომ დაიარებოდა მზვერავად, ისე როგორც თბილისის ზღვაზე, პუტჩისტების ბანდაში რომ მიდიოდნენ ბანდის მონაწილეთა ცოლები და ქმრებს აქეზებდნენ, მოუწოდებდნენ უკანონო დანაშაულებრივი ქმედებებისკენ.
სააკაშვილის ჯალათების მითითებებით, ნორა კვიციანთან ერთად ათეულ ათასობით ქალმა, მათ შორის მეც, ჟურნალისტმა, გამოვიარეთ ციხის ჯურღმულები. ბევრმა სიცოცხლე იქ დატოვა. გადარჩენილებმა კი ჯანმრთელობა დავტოვეთ ციხის კედლებში. ოქროს მოწმე ვარ, უკანონოდ გასამართლებული ქალების მიმართ როგორ ხორციელდებოდა მიზანმიმართული პროგრამული, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი. შეუპოვარი ბრძოლებით გადარჩენილებს, დღეს ვითომ თავისუფლებაში, უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. დღემდე ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის. მაგრამ ჩვენი ზონდერ პროკურორები და ზონდერ მოსამართლეები კიდევ უფრო დიდ თანამდებობებზე დანიშნეს. ის პოლიტიკანები და ვაისახალხო დამცველები, დღეს რომ ნორა კვიციანის თემით სპეკულირებენ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ნაწამები ადამიანის სახელს გაიძახიან მუდმივად, დუმილით გვერდს უვლიან ათეულ ათასობით დაზარალებულ, ციხეში ნაწამებ და გარდაცვლილ ადამიანს. სავსეა ჩემი პუბლიკაციები ციხეში ნაწამები ადამიანების ისტორიებით. ახლა თქვენი კერძო ანგარებითი ინტერესებისთვის ნუ იყენებთ ნორა კვიციანის სახელს! მან თავის მწამებლებს აპატია. თუმცა მე არ მიპატიებია სააკაშვილის რეჟიმისთვის და მათი ზონდერებისთვის და არც ვაპატიებ!!! მოვითხოვ სამართლის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას და კანონის წინაშე თანასწორობას. თქვენ კი კანონზე მაღლა აყენებთ ფაშისტ სააკაშვილს. ვინ არის სააკაშვილი? რა, უმაღლეს რასას ეკუთვნის? განა, მისი ბრძანებით არ იყო, ნორა კვიციანთან ერთად 300-ზე მეტ პატიმარ ქალს, შუბლზე ავტომატმიბჯენილებს, ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებივით რომ მიგვათრევდნენ და მიგვერეკებოდნენ? მაშინ თქვენ სად ბრძანდებოდით? განა, თქვენ არ იყავით, კომენტარს რომ აკეთებდით, ქალებმა გადაამეტესო? ერთადერთი პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია იყო, რომელიც გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, ქალებოო! დანარჩენები მატროსოვიდან ისე გაიძურწეთ და დაიმალეთ, სააკაშვილის ზონდერბრიგადებმა სად გადაგვასახლეს, ისიც კი არ გიკითხავთ. ისეთ სასტიკ ადგილას მიგვიყვანეს, როგორშიც ვარსქენ პიტიახშის მიერ ნაწამები შუშანიკი იმყოფებოდა… და მერე ამ ნატანჯ პატიმრებთან შემოდიოდით. დაგადგეთ ახლა პირზე? განა, პირადად მე, ჟურნალისტს, არ მეუბნებოდით, ნუ ხართ ასეთი კატეგორიული, არ გეშინიათო?
ახლა, ნორა კვიციანის სიკვდილის შემდეგ, თქვენი პოზიციების გასამყარებლად სულ რომ გაიძახით, ნორა კვიციანი, ნორა კვიციანიო, გეკითხებით, რატომ არ არის გამოძიებული ქალთა ბუნტის საქმე, რომელიც მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კოლონიის უფროსმა ერთად მოაწყვეს და მილიონები „გააპრავეს“? გიკითხავთ, ბუნტის შემდეგ რამდენი გარდაიცვალა? ან რამდენი შეირყა ჭკუიდან? ან დღეს, თქვენი გასაოცარი დემოკრატიის პირობებში, სააკაშვილის ციხიდან ცოცხლად გადარჩენილი რამდენი ყოფილი პატიმარი გარდაიცვალა ავადმყოფობით, უსახსრობით და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.
ამასწინათ გოგა ხაინდრავამ სახელისუფლებო არხზე ისაუბრა ნორა კვიციანის წამების შესახებ. მე მას მინდა ვუთხრა: თქვენი „ჰეროკრატია“ შერჩევითი იყო. და ეს ფილმი შერჩევითი რომ არ ყოფილიყო, ამისთვის შევხვდი ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს და ვთხოვე მას, გადმოეცა თქვენთვის, რომ პატიმარი ქალების წამებისთვის გვერდი არ აგევლოთ. თქვენ კი საერთოდ არ დაინტერესდით ამ თემით და შექმენით ყალბი სურათი, როგორ მოდელირებულ ქრონიკასაც ქმნიდა სააკაშვილი გიორგი არველაძესთან ერთად, რაც ემსახურებოდა თავის ამომრჩევლისთვის გავლენის მოხდენას. სააკაშვილმა მოდელირებულ რეალობაში აცხოვრა თავისი ამომრჩეველი. თქვენც იგივე გააკეთეთ იმ ფილმით. თქვენ არ აჩვენეთ ქალების ცემა და წამება, გადასახლება, თქვენ არ აჩვენეთ 17 წლის გიორგი იაშვილის წამებით სიკვდილი მატროსოვზე და კიდევ რამდენი ასეთი ფაქტი იყო, რომელზეც მე თამამად ვწერდი!
ახლა კი გამოდის ირაკლი კობახიძე და უტიფრად ამბობს, რომ პატიმარ სააკაშვილს 200 ათასი ლარი დაახარჯეს. იმას ვერ ხვდება, რომ ანტიკონსტიტუციურ განცხადებას აკეთებს. ამით მან თავად აღიარა, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ადამიანები უთანასწორო მდგომარეობაში არიან, რადგან დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმისგან ნაწამებ ადამიანებს, ყოფილ პატიმრებს თუ მათ, ვინც ჯერ კიდევ იხდიან სასჯელს, ერთი თეთრითაც არ დახმარებია, ხოლო მწამებელი რეჟიმის მოთავეს, სამშობლოს მოღალატეს, რომელსაც მილიონები აქვს ქვეყნის ბიუჯეტიდან მითვისებული, კიდევ იქით ახარჯებს სოლიდურ თანხებს. ამისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ! ახლა კი თქვენ, ქოც-ნაცურმა კოჰაბიტანტურმა რეჟიმმა, ნაწამებ ადამიანებს შემოგვთავაზეთ მორიგი პოლიტიკური საინფორმაციო სიცრუე -არიქა, სააკაშვილი შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოსო. ამ მარაზმს 24 საათი გვაყურებინებენ ვითომ თავისუფალი ტელევიზიები – მესამე პრეზიდენტი კვდება, მესამე პრეზიდენტი კვდებაო. ერთი რამ შეუშვით კარგად თავში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია. დანარჩენები, შევარდნაძიდან მოყოლებული, პრეზიდენტები კი არა, გარედან მითითებით მოყვანილი რეზიდენტები არიან და მათ სამარცხვინო სიაში ნუ მოიხსენიებთ ზვიად გამსახურდიას! განა, იმპერილიზმის მონური მორჩილების შესრულება არ იყო, სააკაშვილის ზონდერ სახეების – ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალება? ამ სამარცხვინო შეწყალებით ათეულ ათასობით ადამიანს სულში ჩააფურთხეს. მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც კი. ჩემი პოლიტიკური შეფასების შემდეგ მავანთა და მავანთა გაბრაზება თქვენი პოლიტიკური და ინტელექტუალური დეგრადაციის აღიარება იქნება, რომ ისევ მოხდეს ნაცრეჟიმის რესტავრაცია, რათა დაიბრუნონ პრივილეგიები და ძლევამოსილება. ეს რომ ასეა, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა ნორა კვიციანის მიერ 15 წლის წინ დაწერილ დღიურს წაიკითხავთ:
2007 წელი, 10 სექტემბერი. მატროსოვის ციხე. მეორე ბარაკი.
მოყავთ და მოყავთ პატიმრები, თითქმის ყველა ასაკის, ღრმად მოხუცებულებიც კი. აქ არიან ყველა პროფესიის ადამიანები: ექიმები, პროფესორები, პედაგოგები, ეკონომისტები, ინჟინრები, ჟურნალისტები, ოჯახის ქალები. კრიმინალები კი უმცირესობაში არიან. მატროსოვი გადაჭედილია. ადგილები არ არის. ციხის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, სად მოათავსონ პატიმრები, არ იციან. ყველა კუთხიდან ისმის მოთქმა და გოდება. მე ვცდილობ მათ დამშვიდებას. ჩემი მდგომარეობა სულ მთლად დამავიწყდა. ციხის „ნადზორი“ სასოწარკვეთილ ქალებს აჩუმებს: ხომ ხედავთ, აქვე, ახალი ციხე გიშენდებათ და ადგილების მეტი რა იქნებაო. ვზივარ გაშეშებული. ვხედავ, ზოგს გული მისდის და მიწაზე ეცემა… ახლა თვალი გამექცა ჩემი გოგოს მოტანილი ფეხსაცმლისკენ. შვილო, რამდენი უძებნია ჩემი ზომის ფეხსაცმელი. მაინც, როგორ ყველა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მოიპარა კოდორში, ჩემი სახლიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოქრუაშვილის ხელქვეითმა ქალმა! ის ჩემი ტანის იყო. ყველაფერი გაზიდეს და მოიპარეს. განა, არ ვიცი, ჩემი მაცივარი ვინ წაიღო? ირაკლი ოქრუაშვილი ვიდეოთი სხვებს უღებდა და თავს იწონებდა, კრიმინალებს რომ ავლენდა. ამ დროს ყველაზე დიდი კრიმინალები თვითონ და მისი ხელქვეითები იყვნენ, თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ხელაღებით რომ ძარცვავდნენ (ამის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ნორა კვიციანის ტანის სამხედრო ფორმიანი ქალის ვინაობით და დავურეკე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ოფიცერს, რომელიც ოქრუაშვილმა იმ წლებში გაათავისუფლა თანამდებობიდან. მან მითხრა, ოქრუაშვილს რომ სპეცოპერაციებზე დაჰყვებოდნენ, ის ქალები დღესაც იქ მუშაობენო და მათი გვარებიც მითხრა, თუმცა მათ შეგნებულად არ ვასახელებ. საზოგადოება უნდა დაინტერესდეს იმ ქალების ვინაობით, რომლებიც სააკაშვილის უკანონო რეპრესიებში მონაწილეობდნენ და დღესაც იმავე თანამდებობებზე მუშაობენ. მაგალითისთვის, 1937-38 წლებში შინსახკომის შემადგენლობა მონაწილეობას რომ იღებდა რეპრესიებში, ისინი ან დახვრიტეს ან დიდი ვადით გაუშვეს საპატიმრო დაწესებულებებში. მათ არ გაუგრძელებიათ მუშაობა შინაგან საქმეთა ორგანოებში. – ნ.ს.). ახლა მარტო „მხედრიონზე“ რომ ლაპარაკობენ, ძარცვავდნენ სამეგრელოში ყველაფერსო, რასაც სააკაშვილის ბანდა აკეთებდა კოდორში, ამას ალბათ „მხედრიონიც“ კი არ აკეთებდა…
…ახლა მატროსოვზე, ზონაში, ვდგავარ ფიქრიანი და სევდიანი და ამ წუთას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიდგას თვალწინ. თან სინანულის ცრემლები ჩამომდის. როგორ ვერ დავიცავით ეს ჭეშმარიტი მამულიშვილი! რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა და როგორ ვერ დავირაზმეთ. მას სვანურ ქუდთან ერთად ნამუსის ქუდიც ეხურა. როცა დაიწყო სამოქალაქო ომი, ჩემი ძმა ემზარი წამოვიდა კოდორიდან მის დასაცავად. ალბათ, ახსოვს საზოგადოებას, რომ მან აღშფოთებულმა განაცხადა, ჩამოვედი თბილისში და რუსთაველის პროსპექტზე ავტომატიანი გიგა ბოკერია დამხვდაო. აი, იმ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი განადგურება. იმ პერიოდიდან ირაზმებოდნენ ბოკერიები, სააკაშვილები, ბარამიძეები, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ისინი იბრძოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. კარგად მახსოვს, ერთხელ ჩემი და, მრავალშვილიანი დედა, დოდო კვიციანი მივიდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან და უთხრა, რომ საცხოვრებელი ბინა არ ჰქონდა. ბატონ ზვიადს უთქვამს, ჩვენი ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ექნებათ მრავალშვილიან დედებს. შესაბამის სამსახურს მოვახსენებ და ამ თემით დაინტერესდებიანო. სულ მალე ჩემს დას ფონიჭალაში სახლი და მიწა მისცეს. ის კი არა, 56 სვანური ოჯახი თავისი პრეზიდენტობის დროს სოხუმში ჩაასახლა. ფაშისტი სააკაშვილი კი მხოლოდ თავის გარემოცვას აძლევს ბინებს და არა მრავალშვილიან დედებს. ყველამ კარგად ვიცით, რა ასოციალური მიზეზების გამო აძლევს ის ქალებს ბინებს, თანამდებობებს, ბიზნესებსაც კი უწყობს. ერთი სიტყვით, ისეთებს ეხმარება, რომლებსაც არანაირი ეროვნული პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
სულ ახლახანს რომ მიიღო შრომის კოდექსი, ამ კანონით მან დისკრიმინაციაში მოაქცია მრავალშვილიანი დედები. მისი მმართველობის დროს მრავალშვილიანობა დანაშაულად ითვლება. ეს ხომ ერის მოღალატე და საქართველოს მტერია, აბა, ვინ არის!
ახლა ერთი ისტორია გამახსენდა სააკაშვილის ტაკიმასხარაობიდან: როდესაც მან სვანეთში ამოიყვანა უკრაინის პრეზიდენტი იუშენკო, სვანური ქუდები მოითხოვა. ყველას დაურიგეს და ბოლოს, სააკაშვილს არ შეხვდა. მივიდა ბარამიძესთან, გადახადა ქუდი და თვითონ დაიხურა. იუშენკოს უხერხულობა რომ გაეფანტა, თვითონ მოიხადა და მისცა ბარამიძეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს მოჩვენებით. მთელი მისი მოქმედება არის საშინელი მოჩვენება. მე იმის შიში მაქვს, რა უბედურებას უმზადებს ქვეყანას, კაცმა არ იცის…
გაზეთებს სულ ვკითხულობდა მიკვირს, რომ არაფერს წერენ კოდორზე. ტელევიზია საეჭვოდ დუმს. ჩემი ძმა 14 წელი რომ იცავდა კოდორს, აიძულეს, დაეტოვებინა კოდირი. მე ციხეში მომიყვანეს. ახლა ციხეში იმდენი დრო მაქვს ფიქრისთვის, ძალიან ცუდი ამბები მიტრიალებს თავში. ჩემს თავს ვეკითხები, რისთვის იყო ჩემს სახლში, კოდორში, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი? ჩვენ, ქართველებს, როგორც გვჩვევია, ისე დავხვდი: ერთ ხელში კუბდარი ეჭირა, მეორეში – ხაჭაპური. ფეხების დასათბუნებლად წყალიც კი გავუცხელე და იმ დროს, როცა მისმა ქმარმა, ერეკლე კოდუამ დაურეკა, მე იქ მარტო არ ვიყავი, მას ახლდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანზორ მარგიანი და ჩვენს თვალწინ კოდუას მობილურზე უტიფრად უთხრა, სვანები მიტაცებდნენო. ეს ტყუილი მას იმიტომ დასჭირდა, რომ კოდორში დაეძაბა სიტუაცია. ამ საუბრიდან მეორე დღეს შემოვიდა კოდუა სპეცნაზით კოდორის ხეობაში. მან მკვლელები და საშიში ხალხი ჩამოიყვანა. ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტებს ურცხვად ეუბნებოდა, კოდორში ყველაზე მეტად ნორა კვიციანის სახლში შემეშინდაო. თან გადავყევი და ეს იკადრა. ახლა მატროსოვიდან ვამბობ, თუ ჩემი კოდორი დაიკარგა, ნანუკა ჟორჟოლიანსაც თავისი წვლილი ექნება შეტანილი კოდორის დაკარგვაში. მან პოლიტიკური ნიადაგი მოუმზადა სააკაშვილს მტრისთვის კოდორის ჩასაბარებლად. ამიტომაც ავრცელებდა ის ასეთ დეზინფორმაციას.
კარგი არაფერი მოელის ჩემს კოდორს ამათ ხელში. უკვე გასხვისებული არ ჰქონდეთ. ენგურს აქეთ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია. ამ ღალატის მოსამზადებლად დაიარებიან კოდორში კეზერაშვილები და მერაბიშვილები თავიანთი ჟურნალისტებით. როგორც ჩანს, საჩუქარს უმზადებენ რუსეთის იმპერიას. იმ ჟი ხარი, იმ ჟი ხარი (ღმერთმა ნუ ქნას, ღმერთმა ნუ ქნას)! მე იმიტომ მომიშორეს, რომ მათი პოლიტიკური ზრახვებისთვის ხელი არ შემეშალა.“
ნორა კვიციანი
როცა მატროსოვზე ცხონებულ ნორა კვიციანთან ნატოს ეგიდით შემოვიდა ნანუკა ჟორჟოლიანი, კოდორი უკვე დაკარგული იყო. მაშინ ნორამ შეახსენა თავისი სიტყვები, რომელიც ჟორჟოლიანმა უკან წაიღო, არ მითქვამსო.
ახლა რომ ნორა კვიციანის თემით სპეკულირებენ „ოცნების“ ჩინოვნიკები, ურჩევნიათ, პროკურატურას მიმართონ, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, იმასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა რამდენი ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა, საბრძოლო იარაღი და ტანკები დაუტოვა რუს ოკუპანტებს კოდორის დაპყრობის შემდეგ. „ოცნება“ სააკაშვილის პორნოგრაფიით რომ არის დაკავებული, აჯობებს ამის ნაცვლად მას სახელმწიფო ღალატში წაუყენონ ბრალი. ნურავის დაავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს რუსი ოკუპანტებისთვის გადაცემული აქვს უკრაინისგან ნაყიდი ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომელსაც რუსეთი დღეს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ ვინც სააკაშვილის ციხიდან გამოშვებისთვის ისწრაფვის, მათი მიზანია საქართველოს სრული და საბოლოო დესუვერენიზაცია, კოლონიად ქცევა. კოლონიურ საქართველოში კი იმპერიალიზმის ეს ზონდერები ადგილობრივ მოურავებად მოგვევლინებიან. ამიტომ უნდათ სააკაშვილის გამოსვლა ციხიდან, რომელიც ფიდელ კასტროს ბაძავს და მის ცნობილ ფრაზას იმეორებს: „მე ისტორია გამამართლებსო“. რატომ გაამართლებს? რა, კოდორი დაიბრუნა თუ ახალგორი?!
სააკაშვილო, ისტორიამ შენ გაგამტყუნა. შენ უკვე შეხვედი ისტორიაში, როგორც საქართველოს მოღალატე და ქართველი ხალხის მტერი. შენი ფაშისტური რეჟიმისგან ნაწამები ნორა კვიციანი, დედა ქეთევანი დაასაფლავეს კოდორის ხეობის მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აშენდება დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი.
კომენტარები