ირინე გოგოსაშვილი
„ალიას“ დღევანდელი სტუმარია სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ოჯახის უფროსი, ჩვენი კოლეგა ზურაბ დათუაშვილი, რომელიც ამჟამად კანადაში იმყოფება.
მისი მეუღლე ქალბატონი მანანა ღურჭუმელიძე კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით „ალიას“ მკითხველისთვის. ჩვენ მუდამ ვაშუქებდით, როგორ არ ეპუებოდა სააკაშვილი-შაშკინის განათლების რეფორმას, სისტემაში გამეფებულ უვიცობას და ზოგადად, იმ მანკიერ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში იკიდებდა ფეხს!
ქალბატონ მანანას ებრძოდა მთელი „ნაცმოძრაობა“, ფიზიკური განადგურებითაც ემუქრებოდნენ მასაც და მის ოჯახსაც და ფიზიკურად რომ გადარჩენილიყო, ემიგრაციაში წავიდა, სადაც მოგვიანებით ოჯახის წევრებიც გაჰყვნენ….
ნერვიულობამ და ნოსტალგიამ თავისი ნაყოფი გამოიღო… მანანა ღურჭუმელიძე უკურნებელი სენით დასნებოვდა და რამდენიმე თვის წინ კანადაში გარდაიცვალა…
– გამარჯობა ზურა! კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას მანანას გარდაცვალების გამო. ღმერთმა გაგაძლებინოს მის გარეშე… დავიწყებ იმით, რომ სააკას რეჟიმის მსხვერპლია შენი ოჯახი! საინტერესოა რას იტყვი, როცა ის უკვე საპატიმროშია და თბილისში მისი გათავისუფლების მოთხოვნით არამხოლოდ ხელმოწერები გროვდება, არამედ ფართომასშტაბიანი მიტინგიც კი ჩაგვიტარეს მისმა მომხრეებმაა?
– მოგესალმებით „ალიას“ და თქვენს მკითხველს! მანანას წინააღმდეგ შტურმი მთლიანად დაგეგმა და განახორციელა შაშკინმა და ეს საქმე პირადად ჰქონდა შეთანხმებული პრეზიდენტთან. ამ პროცესში ჩართული იყო მთელი სამინისტრო, რესურს-ცენტრები, დირქტორთა კორპუსის დიდი ნაწილი, მედია და შენ წარმოიდგინე, საბანკო სექტორიც, რომელმაც მასწავლებელთა პროფკავშირს უარი განუცხადა საბანკო ოპერაციებზე. ამათ დაემატა თვითონ ორგანიზაციის შიგნით რეფორმებით უკმაყოფილო, სულგაყიდული ადამიანები და ამ მასირებული შტურმის მერე, მანანა იძულებული გახდა, წასულიყო თანამდებობიდან, რათა მის მიერ შექმნილი ორგანიზაციის ნგრევა აეცილებინა თავიდან.
მანანა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე იყო…
ერთ ფაქტს გეტყვი. მე მაშინ ერთი საერთო ნაცნობის მეშვეობით ხმა მივაწვდინე მარიკა ვერულაშვილს და შეხვედრა ვთხოვე, რომ გამერკვია, რა იყო ხელისუფლების მხრიდან ასეთი მასირებული იერიშის მიზეზი. იმან შემომითვალა, – აზრი არ აქვს, ეგ საკითხი შაშკინს პირადად „იმასთან” აქვს შეთანხმებული და არაფერი შეიცვლებაო…
მიზეზი ის იყო, რომ მანანა უმართავი ლიდერი გახლდათ, რომელიც მათ დაკრულზე არ ცეკვავდა!
როგორ გგონია, სააკაშვილს აწყობდა ქვეყანაში ყველაზე დიდი, 100 000-წევრიანი ორგანიზაციის ლიდერი? ცხადია, არა და ამიტომაც მოიცილეს თავიდან.
რაც შეეეხება სააკაშვილის პატიმრობას…. ნახე, როგორი სურათი იკვეთება: ქართული მედიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ე.წ. ცნობადმა სახეებმა (იშვიათად მინახავს ასე დევალვირებული გამოთქმა მშობლიურ სასიტყვებელში), პოლიტპერსონებმა და საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილმა, საჯარო სივრცეში ისტერიული კამპანია გააჩაღეს მოთხოვნით, – თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. ვინც ეს დაგეგმა, ჭკუა-გონება ნამდვილად არ აკლია. მშვენივრად იცის, რომ მინავლული საზოგადოებრივი ინტერესის ჩეჩმას „უდროჟოდ“ ანუ საფუარის გარეშე ვერ წამოათუხთუხებს და იმასაც ხვდება, რომ ტყვიაგაუმტარი მსაზღვრელის გარეშე ამგვარი სლოგანი უფრო ახირებად აღიქმება, ვიდრე აღშფოთებული მასების სამართლიან მოთხოვნად. ჰოდა, ადგნენ და საჭირო მსაზღვრელიც მოიფიქრეს, – პოლიტპატიმარი! დამეთანხმებით, – ძალიან მძიმედ და მრისხანედ ჟღერს და კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა, სინამდვილესთან ოდნავ მაინც რომ იყოს კავშირში ეს ტერმინი და საქმეც ისაა, რომ მთელი ეს ლოზუნგი, პირველი ასოდან ძახილის ნიშამდე, ყალბია!!!. სცენარისტებს არ აინტერესებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ უამრავ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში უკვე დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს (სხვათა შორის, მის მიერვე შექმნილი და შემდეგ მოქმედი ხელისუფლებისგან ნაკელმიყრილი სასამართლოს მიერ), რაზეც არ წარუდგენიათ, ის ხომ არ აინტერესებთ და არ აინტერესებთ. ის, რომ უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ საზღვარი არალეგალურად გადმოლახა და იმალებოდა (პლუს, სასამართლოში გამოცხადებას აარიდა თავი), საერთოდ აღარ ახსოვთ! არც ის არ მიკვირს. რომ გაიხსენონ, მაგრამ მაშინ გათავისუფლებას ხომ ვეღარ მოითხოვენ?!
არადა ხოში აქვთ, – მათი კუმირი გარეთ უნდა იყოს და არა უბრალოდ გარეთ, არამედ ტახტზე, რომელზეც ჯაიპურელი მაჰარაჯასავით ნეტარებდა ორი ვადის განმავლობაში, უკონტროლოდ ხარჯავდა მილიონებს და ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიოდა დემოკრატიის, პროდასავლურობის, ნატოსა და პროგრესის სახელით!!!
კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი: სცენარის ავტორმა (თუ ავტორებმა) მოხერხებულად გამოიყენეს ყოფილი პრეზიდენტის შემოსვლა ქვეყანაში და დღეს ელექტრონული მედიის მეშვეობით აქტიურად უნერგავენ ადამიანებს ტვინში მამულისთვის თავგანწირული მიშას ხატს. იშველიებენ პარალელებს საქართველოს ისტორიიდან და ისე ხატავენ სურათს, რომ ცოტნე დადიანის, დემეტრე თავდადებულისა და ქეთევან წამებულის ძვლები მიწაში სირცხვილით ბორგავენ! გაყალბებისა და თვალებში ნაცრის შეყრის დიდოსტატები არაფერს ერიდებიან, ყვავის ყრანტალს ბულბულის გალობად ასაღებენ, ბამბის შრიალს კაკლის ჩხრიალად, ტალახიან ქვას კი – ვულკანურ ობსიდიანად! ჩანაფიქრი მარტივია: მასირებულმა საინფორმაციო შტურმმა ადამიანები უნდა დააბნიოს და დააჰიპნოზოს! სასურველი რეალობად შეასაღოს და დაფიქრების შესაძლებლობა არ მისცეს!!! თუ დაფიქრდნენ, მაშინ გმირზე მორგებული სცენარი აღარ იმუშავებს. რუხი ნივთიერების მსუბუქი დაძაბვაა საჭირო, იმის მისახვედრად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში მარტვილობის მიზნით, ზნეობრივი მაგალითის საჩვენებლად არ ჩამოსულა. ეს რომ სდომებოდა, საზღვარზე სათანადო სპქტაკლსაც დადგამდა და გნებავთ საჰაერო, გნებავთ სახმელეთო გზით დაბრუნდებოდა სამშობლოში!!! ის კი არ ჩამოვიდა, შემოიპარა და შემოიპარა სრულიად ცხადი განზრახვით, – კრიტიკულ მომენტში სათავეში ჩადგომოდა მასშტაბურ არეულობას. მართალია, ილიჩივით რაზლივის ტყეში არ დაუცია კარავი და მეგზურად ეინო რახია არ ჰყოლია, მაგრამ არც უპატრონოდ და ალალბედზე უვლია. მის მეგზურს სხვა სახელი და გვარი აქვს, მისი კარავი კი სრულიად კონკრეტულ მისამართზე მდებარე ბინა აღმოჩნდა სანზონაში. უბრალოდ, არ გაუმართლა. ვიღაცამ ორ შაურად გაყიდა და მესიის დაბრუნების მომლოდინე სცენარისტებს სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა გეგმა ბე-ს ამოქმედებისა!!! რასაც გულისხმობს ეს გეგმა, დასაწყისში უკვე აღვნიშნე. მთელი ეს კაკაფონია იმდენადაა გულის ამრევი, რამდენადაც იაფფასიანია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ოპონენტები სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეებს შურისძიებით ანთებულ, სისხლმოწყურებულ ბრბოდ ხატავენ!ცინიზმია, როცა ამას ის ადამიანები აკეთებენ, ვინც თავის დროზე დუმდა და არ აპროტესტებდა ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილ ნაავკაცარს! საერთოდ, მათ ძველის გახსენება არ სიამოვნებთ და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე მომარჯვებული აქვთ არგუმენტი – ამოვიდა ყელში იმ სისხლიან ცხრა წელზე ლაპარაკი. სანამ უნდა მოიშველიოთ წარსული იმის გასამართლებლად, რომ აწმყოში არაფერი შეგიქმნიათო? ვერაფერს იტყვი, არის ამ სიტყვებში ლოგიკა, მაგრამ ასჯერ მეტიც რომ იყოს, იმას, რის დავიწყებასაც ეს ადამიანები ცდილობენ, ვერავის დაავიწყებენ!!! მე და უამრავ ჩემნაირს ყოველთვის გვექნება ასეთი კითხვები, რომლებზეც ოპონენტებს სერიოზული პასუხი არ გააჩნიათ, არასერიოზული კი – რამდენიც გნებავთ, მათ შორის, უახლესი ქართული სკაბრეზის კლასიკად ქცეული პარტიზანი მებაღის ცნობილი ფრაზა.
სხვებმა საკუთარი მოტივაცია თვითონ განმარტონ, მე ჩემსას ვიტყვი. 2012 წლამდე სად იყავით-მეთქი, იმისთვის კი არ ვკითხულობ, რომ ამით მოქმედი ხელისუფლების უვარგისობა მივაფუჩეჩო. არც იმის სურვილი მამოძრავებს, ამის გამო ვინმეს კრიტიკა ავუკრძალო, მაგრამ მათ ობიექტორობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად მაქვს.
როცა ვხედავ, რომ მავანს საქვეყნო სიკეთე კი არა, ვიწრო პარტიული ინტერესი ალაპარაკებს, საკუთარ მოვალეობად ვთვლი, წარსული გავახსენო და სრულიად ლოგიკური კითხვა დავუსვა – რატომ არ რეაგირებდა თავის დროზე იმაზე, რის გამოც დღეს თავგამოდებით გაჰკივის და არის თუ არა ეს წვრილმან ხოშზე დამყარებული ორმაგი სტანდარტი?!
– რასაკვირველია, ორმაგი კი არა, დღეს სამმაგი და ათმაგი სტანდარტით მოქმედებენ, ოღონდაც საწადელს მიაღწიონ, ხარჯავენ უამრავ ფულს, რაიონებიდან ჩამოჰყავთ პოლიტიკურად უმეცარი ადამიანები, რადგან ნაცმოძრაობის ყველა ლიდერი გაკოტრებულია თავის სააკაშვილიანად… მოდი, ისევ შენი ოჯახის ისტორიას დავუბრუნდეთ და იმ მიზეზებს, რომლის გამოც ემიგრაციაში აღმოჩნდით.
– ჩემი მეუღლე, მანანა ავტორიტეტი იყო განათლების სისტემაში და ეს არ აპატიეს!!! განსაკუთრებით იმის მერე გადაეკიდნენ, რაც 2009 წლის ნოემბერში მანანა ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს!!!
სწორედ ამის შემდეგ იყო, ღია ომი რომ გამოგვიცხადეს ოჯახს და სხვა გზა არ იყო მანანამ ოკეანის გაღმა, კანადას შეაფარა თავი!!! ჩვენ აქეთ ვიყავით, მანანა კანადაში… ნერვიულობამ, უსამართლობამ, ნოსტალგიამ, ოჯახის მონატრებამ უკვალოდ არ ჩაიარა… დროთა განმავლობაში დაავადდა და გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი… (პაუზა)
– ღმერთმა აცხონოს! ვიცი რა მძიმეა ახლა შენთვის საუბრის გაგრძელება… მადლობა ღმერთს, მის საყვარელ საქართველოში რომ დაიკრძალა….
– მადლობა შენ და „ალიას“, ჩემო ირინა, რომ გამიხსენეთ და მათქმევინეთ ის, რაც მოხდა!
კომენტარები