ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შესახებ მინდა გკითხოთ – კი, მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ყურადღებას იმსახურებს ეს მოვლენა, მაგრამ ისეთი ამბავია ატეხილი, თითქოს ერთი პარტიის კი არა, საპარლამენტო არჩევნები მოდის…
– სიმართლე გითხრათ, სხვა პარტიის შიდა საქმეებში ჩარევა, დიდად არ მეხალისება. რაც უნდათ, ის უქნიათ, ვინც უნდათ, ის აურჩევიათ. ზოგადად, ამის დრო არ არის და ეს საკითხი მთავარი თემა არ უნდა იყოს ქვეყანაში. ამაში ნამდვილად გეთანხმებით. თავზე გვემხობა ქვეყანა და 24 საათი იმაზე ლაპარაკი, ვის რა გაახსენდა და ვის რა მოუნდა ერთ კონკრეტულ პარტიაში, არ არის სწორი. მმართველი პარტია რომ იყოს, ცხადია, ფართო და ხანგრძლივი განხილვის საგანი ბუნებრივად იქცეოდა და არა ხელოვნურად. ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშეა და რა დროს ეს არჩევნები იყო. ყოფნა-არ ყოფნის წინაშე ვართ, შეიძლება დავკარგოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და საერთოდ, ქვეყანაც. რა დროს შიდა პარტიული გარჩევები იყო?!
– „ნაცმოძრაობამ“ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი წამოსწია წინ ამ არჩევნების წინ. მათ კისერზე ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცოდვაა. ასეთებს ემიჯნებიან ან მალავენ მათთან კონტაქტებს. ესენი პირიქით იქცევიან. რა უნდათ?
– ეს მათი საქმეა. აქ უნდა ყოფილიყო ერთიანობა ოპოზიციისა. „ნაცმოძრაობა“ ახლა შიდა გარჩევებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, უნდა გამოსულიყვნენ პარლამენტიდან მათი დეპუტატები, უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ერთიანი მაგიდა, როგორიც იყო. სწორედ მაშინ წამოვიდა ხელისუფლება დათმობებზე და არა შიდა გარჩევების დროს. რად უნდა ლაპარაკი, რომ რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საბოლოოდ ასე გამოდის. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების შიდა გარჩევები, საერთოდ არ ანაღვლებს ეს ხალხს.
– სააკაშვილი სასამართლო პროცესზეც არ მიიყვანეს კლინიკიდან. ბევრი ფიქრობს, იმდენად მძიმე დღეშია, რომ საზოგადოებას მისი მძიმე მდგომარეობა არ ანახეს და იმიტომ ჩაატარეს სხდომა მის გარეშე. თუმცა, ხელისუფლება ამას უარყოფს…
– არ ვიცი, რასაც ამბობენ მისი თვითმხილველები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმ სამედიცინო დასკვნებს, რასაც აქვეყნებენ, იქიდან ისე გამოდის,რომ ეს არის მკვლელობა. სახელმწიფო შეგნებულად კლავს ადამიანს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დამნაშავეა თუ არა, ეს სხვა საკითხია. ის არის პოლიტიკური პატიმარი. ადამიანი თუ პოლიტიკური პატიმარია, ეს არ გამორიცხავს მის ქმედებაში დანაშაულს. შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და პოლიტპატიმარი იყო. შერჩევითი და პოლიტიკური ნიშნით სამართალწარმოების შედეგია პოლიტპატიმარი. ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილს გვერდით უნდა ეჯდეს ბიძინა ივანიშვილი და ბევრი კიდევ სხვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან. აი, მაშინ იქნებოდა სამართლიანობა.
კომენტარები