„2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა“, – ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ საახალწლო ინდექსში. ამ ინდექსით „აისეტი“ ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მათი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია.
„ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზე ვაკეთებთ არჩევანს.
გრაფიკიდან ვხედავთ, რომ 2020 წელთან შედარებით ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია.
სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176.5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189.1 ლარი) – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177.3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში გვქონდა.
2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (+38%), ყველი (+12%), კარტოფილი (+35%), სტაფილო (+38%), კიტრი (+15/9%), ვაშლი (+18%), რძე (+13%).
ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კგ. ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ფასები იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშიც ადასტურებს. ასეთი მაღალი ინფლაცია 2011 წლის სურსათის ფასების კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, ნოემბერში, წლიურ ჭრილში, ფასები 27.3%-ით გაიზარდა. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა საქართველოში წლიური ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ხოლმე. თუმცა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადგილობრივ ფასებზე. 2021 წლის დეკემბერში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.10 იყო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2020 წლის დეკემბერთან შედარებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქტების ფასები დაბალია. თუ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, საერთაშორისო ფასების ზრდა შეიძლება ადგილობრივ ფასებზე არ აისახოს,“-ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.
კომენტარები