ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ამგვარად, ჩვენ გარკვეულწილად ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში 7 300-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, აქედან 350-მდე რეანიმაციაში მკურნალობს. გაბუნიამ ასევე განმარტა როგორია რეანიმაციაში მოხვედრილი ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი.
„საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის შემთხვევების მაღალი რაოდენობა. შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის დელტა შტამით გამოწვეული. ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, ვრჩებით 1.3-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს ძალიან მაღალი, საგანგაშო მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 501 297 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 436 977, გარდაიცვალა 6 590 პაციენტი.
კომენტარები