საბერძნეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან, მათ შორის, საბანკო, ფულადი და საფოსტო გზავნილების სერვის ცენტრებში ვიზიტისგან.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საბერძნეთში, ქალაქ ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსით დაინფიცირება.
მათივე ცნობით, საელჩო იმყოფება მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც არ აღენიშნება სიმპტომები, თავს გრძნობს კარგად და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან მათ შორის, საბანკო, ფულადი და საფოსტო გზავნილების სერვის ცენტრებში ვიზიტისგან.
ასევე, გაცნობებთ, რომ ათენში საქართველოს საელჩო მუშაობს საგანგებო რეჟიმში შაბათ – კვირის ჩათვლით და ფუნქციონირებს 24 – საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 6995779793.
ამასთან, მიუხედავად საკონსულო მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშესაწყობად, საელჩო საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს გასცემს, კვირის ყველა დღეს, მომართვისთანავე“, -აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები