“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს არცერთ საპროტესტო ეპიცენტრში არ გამოჩენილა. ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ამბობდა, რომ აქციები უწყვეტ რეჟიმში გაიმართება, არც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისულა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან მობილიზებულები.
გუშინ, 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აქციები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან გაიმართებოდა. მანვე თქვა, რომ მე-4 ლოკაციის მისამართს განგებ არ დაასახელებდა. გუშინვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მეოთხე საპროტესტო კერა სწორედ საქალაქო სასამართლო იქნებოდა.
საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ 46 ადამიანი დააკავა, თუმცა კამერებს ნიკა მელია არცერთ ლოკაციაზე არ დაუფიქსირებიათ. მან მხოლოდ წერილობითი მიმართვა გაავრცელა, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ “ხელისუფლება შეშინებულია”.
„ტვ პირველი“
კომენტარები