იმ დროს, როცა ჩვენთან, კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მიმდინარეობს, მეზობელ რეგიონში – ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, რიგით მესამე 2005 წლის შემდეგ. სულ რაღაც ერთ დღეში მთელი პოლიტიკური სისტემა დაინგრა… და ეს მოხდა ერთი საპროტესტო აქციით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოიწვია. ზედიზედ გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები, ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები პროტესტანტების მხარეზე გადავიდნენ. პარლამენტის წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, რომლებიც ერთმანეთის გადაწყვეტილებას არ აღიარებდნენ. მოგვიანებით ჟოგორკუ კენეშის (პარლამენტის) სპიკერიც გადადგა. გაჩნდა კითხვა – ხომ არ გახდება რევოლუციის მსხვერპლი პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი
4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იქაური ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, შვიდპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. მათგან სამი, ადგილობრივი პოლიტოლოგების თქმით, მჭიდროდ არიან დაკავშირებული მოქმედ პოლიტიკურ ელიტასთან. პირველი ადგილი დაიკავა პარტია “ბირიმდიკმა”, რომელიც ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში აქტიურობს (თავის დროზე, 1990-იან წლებში, ყირგიზეთის პოლიტიკური ელიტა პირობითად ორად გაიყო – ქვეყნის სამხრეთში და ჩრდილოეთში არსებულ კლანურ-პოლიტიკურ ჯგუფებად, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიდნენ), მეორე ადგილი – პარტია “მეკენიმ კირგიზსტანმა” (“მშობლიურმა ყირგიზეთმა”). აქვე ვიტყვით, რომ “სამხრეთის ბლოკს” ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვიც წარმოადგენს.
როგორც ბიშკეკელი დამკვირვებლები აღნიშნავენ, ამ ორ პარტიას თავის განკარგულებაში ჰქონდა ბევრად უფრო მეტი რესურსი, ვიდრე დანარჩენებს, რის გამოც მათ ბევრად უკან ჩამოიტოვეს დანარჩენები და გაიმარჯვეს. “ბირიმდიკის” სიაში შედის პრეზიდენტის ძმა ასილბეკ ჟენბეკოვი, ხოლო “მეკენიმ კირგიზსტანს” საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რაიმბიკ მატრაიმოვი აფინანსებდა, მეტსახელად “რაიმ-მილიონი”.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, არიან “რესპუბლიკა” და “ატა მეკენი” (“მამული”), “ბუგუნ კირგიზსტანი” (“ერთიანი ყირგიზეთი”), “ზამანდაში” (“თანამედროვე”) და სოციალ-დემოკრატიული პარტია, უფრო ზუსტად მისი ის ფრთა, რომელმაც თავისი დამაარსებლის, ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ერთგული დარჩა.
პარადოქსულია, რომ არჩევნების წინ პრაქტიკულად ყველა ექსპერტი და პოლიტიკოსი, ოპოზიციონერების ჩათვლით, ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ პატიოსნად მიმდინარეობდა, ხოლო თავის მხრივ პრეზიდენტმა სორომბაი ჟეენებეკოვმა განაცხადა, რომ ობიექტურობის დაცვის მიზნით, იგი წყვეტდა ურთიერთობას ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის თავისი ძმის პარტიასთანაც. მაგრამ მოგვიანებით ოპოზიციონერებმა მიანიშნეს, რომ მართალია ხმების დათვლის დროს რაიმე გაყალბება არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო ელექტრონული ურნების გამო, მაგრამ ჟეენბეკოვებისა და მატრაიმოვების მდიდარმა კლანებმა ამომრჩევლები, უბრალოდ, მოისყიდეს. ერთი ხმის კონკრეტული ფასი – ორი ათასი სომი, რომლის კურსი რუბლის ტოლია.
ვინაიდან ვერცერთი ცნობილი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა და, შესაბამისად, მათთან ერთად კიდევ 12-მა ორგანიზაციამ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ხმის დათვლის შედეგები უარყვეს და “ალა-ტოოს” მოედანზე საპროტესტო მიტინგი გამართეს, შემდეგ კი “თეთრი სახლისკენ” (სამთავრობო ადმინისტრაციული კომპლექსისაკენ გაემართნენ და შიგ შეიჭრნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უშედეგოდ. შენობაში ხანძარი გაჩნდა და ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით მომიტინგეებმა საპყრობილედან გაათავისუფლეს ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც კორუფციის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები. საინტერესო ფაქტია, რომ მომიტინგეებს წინ ექსპრეზიდენტის ვაჟი ყადირ ატამბაევი მიუძღოდა, რომელმაც, შეიძლება ითქვას. მამა ციხიდან გამოუშვა.
კურიოზულად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საპყრობილედან გათავისუფლდა აგრეთვე ექსდეპუტატი სადირ ჯაფაროვი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტ ალბაზბეკ ატამბაევის სურვილით ჩასვეს. ახლა კი ყოფილი დეპუტატი და პატიმარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად არის დასახელებული… პარლამენტსაც ახალი სპიკერი ჰყავს – ოპოზიციური ლიდერი მიქტიბეკ აბდილდაევი, თუმცა ეს დროებით – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხ ოქტომბერს ჩატარებული არცევნების შედეგები გააუქმა და ახალი განმეორებითი ხმის მიცემა დანიშნა, რომელიც ორი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს.
- სად გაქრა პრეზიდენტი? იმალება და გაქცევას აპირებს?
6 ოქტომბერს პრეზიდენტმა სორომბაი ჟეენბეკოვმა გამბედაობა მოიკრიბა და “ზოგიერთი პოლიტიკური ძალა” სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა – იმიტომ, რომ სისხლისღვრა არ სურდა: “მეუბნებოდნენ, რომ მიტინგები დაუნდობლად უნდა დარბეულიყო და მისი მონაწილეები დაგვეჭირა, მაგრამ მე უარი ვთქვი – სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა”. საინტერესოა, რომ ამ განცხადების შემდეგ იგი… გაქრა. სორომბაი ჟენებეკოვის სახელით განცხადებებს მისი პრესსამსახური ავრცელებს, ამ მომენტისათვის მისი ადგილ-სამყოფელი არავინ იცის. არ არის გამორიცხული, რომ იგი ახალმა ხელისუფლებამ დააკავოს ისევე, როგორც ადრე ხდებოდა.
სორომბაი ჟეენბეკოვი წარმოშობით სამხრეთის დაჯგუფებიდან არის. სამშაბათს პრეზიდენტის ძმა ასილბეკი შეეცადა, რომ ქალაქ ოშში “სამხრეთელების” ამბოხი მოეწყო – “მზრუნველი პრეზიდენტის” დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ – თანამემამულეებმა მისი მოწოდება ვერ გაიგონეს.
ყირგიზელებს პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებისათვის მრავალი მიზეზი აქვთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია გამეფებული, რომელიც “კოვიდ-19”-ის პანდემიითაა გამოწვეული. კარანტინებისა და წარმოების გაჩერების გამო ბიუჯეტმა შემოსავლების თითქმის ერთი მეხუთედი დაკარგა. ყირგიზეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მაღალი დონეა მსოფლიოში, საავადმყოფოები გადატვირთულია, არ ჰყოფნით მედიკამენტები და სამედიცინო ტექნიკა.
ჯერ კიდევ 2009 წელს, ოფიოციალური მონაცემებით, მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ანუ დაახლოებით 1,3 მილიონი ყირგიზელის შემოსავალი დღეში მხოლოდ 1,5 დოლარი იყო. ამის გამო ქვეყნის თითქმის მილიონი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. განა ისინი პრეზიდენტის მომხრეები იქნებიან?
როგორც ზოგიერთი ინფორმირებული წყარო ანონიმურად აცხადებს, სოსრონბაი ჟეენებეკოვი მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ქვეყნიდან შესაძლო ევაკუაციის შესახებ. ალბათ, მას მალე ასკარ აკაევის გვერდით ვნახავთ.
- ყირგიზეთი – რევოლუციების პოლიგონი: ქართველთა “დამსახურება”
ყირგიზეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ისევე როგორც სხვა ექსსაბჭოთა რესპუბლიკები – კრიზისში მოექცა. 1990-96 წლებში ეკონომიკის მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა. გაჩერდა საწარმოები, გაძლიერდა მიგრაცია, კვალიფიცირებული სპეციალისტების გადინება, თუმცა 2000-იანი წლებიდან სიტუაცია დასტაბილიზდა და ეკონომიკური ზრდა დაიწყო. ყირგიზეთს გააჩნია მდიდარი ენერგორესურსები, ურანისა და ოქროს საბადოები… ქვეყნის პირველი პრეზიდენტ ასკარ აკაევის მმართველობის პერიოდში (1990-2005 წლები) ყირგიზეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრიც კი გახდა, რაც ერთობ დიდ წარმატებად ჩაითვალა. მაგრამ ამ წარმატებას თან დიდი ჩრდილიც სდევდა – კორუფცია და მექრთამეობა… განსაკუთრებით კი ასკარ აკაევის ოჯახურ კლანში.
ჩვენმა მკითხველებმა, ალბათ, იციან 2005 წლის მარტის მოვლენები, როცა ყირგიზეთში სახალხო რევოლუციის (ე.წ. “ტიტების რევოლუციის”) შედეგად ასკარ აკაევი ხელისუფლებას ჩამოშორდა. მიზეზები შემდეგში მდგომარეობდა: ასკარ აკაევმა ხელისუფლების უზურპირება მოახდინა და საკუთარ ხელში მოაქცია და როცა მისი ორი შვილი 2005 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეეცადნენ, ყირგიზელების მოთმინება ამოიწურა. პროტესტები მთელ ქვეყანას მოედო… ასკარ აკევი და მისი ოჯახი ქვეყნიდან გაიქცნენ.
სხვათა შორის, პრეზიდენტის დამხობაში გარკვეული წვლილი მაშინდელ “ქართველ ვარდოსან რევოლუციონერებსაც” – გივი თარგამაძეს, თემურ ნერგაძეს და კახა გეწაძესაც “მიუძღვით”, რომლებიც ბიშკეკში პარლამენტის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ისინი არათუ უბრალო დამკვირვებლები, არამედ ბიშკეკის რევოლუციის “რუხი კარდინალები” იყვნენ.
ქართველ ტელემაყურებლებს დღემდე ახსოვთ გივი თარგამაძის პირდაპირი ჩართვა ბიშკეკიდან, “ვასილიჩს” ყირგიზული ეროვნული ქუდი რომ ეხურა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდის როლი “ტიტების რევოლუციაში”, რომელსაც წინ უძღოდა “ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე სურდათ, რომ წარმოეჩინათ.
- განვლილის გამეორება?!
ასე იყო თუ ისე, 2005 წლის ივნისში ყირგიზეთში ახალ პრეზიდენტად ექსპრემიერი ყურბანბეკ ბაკიევი აირჩიეს. მან თანამდებობებზე ოპოზიციის ლიდერები და ვეტერანი პოლიტიკოსები დანიშნა. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და როცა ადამიანებმა დაინახეს – რეალური ცვლილებები არ ხდება და კორუფცია გრძელდება, მათში უკმაყოფიების გრძნობა გაჩნდა: დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ უბრალოდ “ა” (აკაევი) “ბ”-თი (ბაკიევით) შეიცვალა. მართლაცდა, ყურბანბეკ ბაკიევმაც იგივე გზით წავიდა, რითაც მისი წინამორბედი მიდიოდა – ოჯახის წევრები ხელისუფლებაში მიიყვანა… ჰოდა, ბაკიევი 2010 წლის რევოლუციამ შეიწირა – ისიც აკაევივით ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა.
- რუსეთი ელოდება…
რაც შეეხება ყირგიზეთის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ექსპერტების აზრით, ის უცვლელი დარჩება: როგორც ცნობილია, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებად რუსეთი, ყაზახეთი და ჩინეთი ითვლება. ბოლო დროს ყირგიზეთში მნიშვნელოვნად ძლიერდება თურქეთის ინტერესი (ისინი ორივე თურქულენოვან სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან, ზოგიერთი გავლენიანი ყირგიზელი ბიზნესმენი თურქეთის ეკონომიკაშია ჩართული). სხვათა შორის, თურქეთმა ყირგიზეთს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და ძველი ვალებიც ჩამოაწერა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ქვეყნის დღევანდელ მოვლენებში თურქეთიც არის გარკვეულწილად ჩარეული.
რუსეთი ყირგიზეთისთვის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად ითვლება. რუსეთში ყირგიზეთის მოქალაქეების საკმაო ბევრი რაოდენობა მუშაობს. თუ ვინ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში, კრემლისთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს – უეჭველია, ბოლო წლების პოლიტიკა გაგრძელდება. უბრალოდ, მოსკოვი ელოდება, როგორ გადანაწილდება კლანებს შორის ხელისუფლება, ვინ იქნებიან თანამდებობის პირები და როცა ეს ყველაფერი გაირკვევა, კრემლი მაშინ ამოქმედდება.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები