„ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კოდექსი ისეთი ფორმით ვერ იქნება ჩამოყალიბებული, როგორიც ქვეყანას სჭირდება” – ასეთი განცხადება გააკეთა „რეზონანსთან” საუბრისას პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ.
მისი თქმით, იგი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო სარჩევნო კოდექსში რაიმე ფუნდამენტური ცვლილების მოლოდინი არ ჰქონია.
„კონსტიტუციასთან დაკავშირებით ცვლილებებს, რა თქმა უნდა, მივსალმები, ძალიან კარგია, რომ მიუხედავად დაგვიანებისა და ბევრი წვალებისა, მაინც მიიღეს აღნიშნული ცვლილებები.
„რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, აქ სამწუხაროდ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შედის და რაც შედის, ისიც არასწორია. საერთო ჯამში არ მინდა ამ თემის განსაკუთრებულად პოლიტიზირება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კოდექსი ისეთი ფორმით ვერ იქნება ჩამოყალიბებული, როგორიც ქვეყანას სჭირდება”, – ამბობს კახა კუკავა.
მისივე თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის” არ შევა არცერთ საარჩევნო ბლოკში და დამოუკიდებლად ეცდება პარლამენტში შესვლას.
„ამ არჩევნებში დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობას. ასევე, ვაპირებ, რომ მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი თბილისში ან სამეგრელოში. სამეგრელოში თუ წარვადგენ თავს, მხოლოდ ჩემს მშობლიურ ოლქში (ფოთი-სენაკი) ვიყრი კენჭს.
„რაც შეეხება თბილისს, ეს დამოკიდებულია ჩვენი პარტიის სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებებზე. დაველოდები და საბოლოო ჯამში შევჯერდებით.
„სავარაუდოდ, გოგი წულაია მაჟორიტარ დეპუტადად კენჭს ქუთაისში იყრის, თუმცა, მისი პოპულარობიდან გამომდინარე, იმერეთის ნებისმიერ ოლქში შეგვიძლია მისი წარდგენა”, – აღნიშნა კუკავამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისას 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ხოლო, საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში ბარიერი ბლოკში გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
„რეზონანსი“
კომენტარები