2020 წლის არჩევნებისთვის ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „გავრილოვის სისხლიანი ღამის“ ერთ-ერთი შემოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, მთავრობის მეთაურის თანამდებობას გამოემშვიდობოს, ჩნდება კითხვა – სად გადაინაცვლებს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი თუ ექს-ფავორიტი?
როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, კულუარებში აქტიურად განიხილება რამდენიმე ვერსია, თუ რა პოზიციას დაიკავებს გახარია გადადგომის შემდეგ.
“2020NEWS” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელს გამოემშვიდობება, იგი აქტიურ პოლიტიკაში კვლავ დარჩება და 2020 წლის არჩევნებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას ჩაიბარებს. ამ პოზიციაზე იგი ალექსანდრე მოწერელიას შეცვლის.
მიუხედავად გახარიას შესაძლო კარიერული და თანამდებობრივი რეგრესისა, ყოფილი პრემიერის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში გადასროლა შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირში იყოს, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე სანდრა რულოვსის დამარცხებასა და „ოცნების“ კანდიდატის გამერებაში, გახარიას ლომის წვლილი მიუძღვის.
მეორე ვერსია, რომელიც კულუარებში განიხილება – გახარიას „ქართუში“ გადანაცვლებაა. ჯერჯერობით არ კონკრეტდება პოზიცია, რომელიც შესაძლოა, პრემიერობის შემდეგ გახარიამ დაიკავოს. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს პოზიცია „ქართუ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობაც შეიძლება იყოს.
არსებობს მესამე ვერსიაც – გახარია მიდის პრემიერობიდანაც და მიდის საქართველოდანაც. ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის გარემოცვის წევრები არ გამორიცხავენ მის რუსეთში დაბრუნებასაც, სადაც იგი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.
ამ ვერსიების მიუხედავად, თავად გახარიას ფინალისტობა უნდა. მისი ბედით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს ,,ასპოლიერებს“ და ფინალური სერიის დალოდებას ურჩევს.
არც პრემიერის რჩევის გათვალისწინებაა საფუძველს მოკლებული. განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ფინალი ძალიან ახლოსაა. ვნახოთ რა მოხდება ფინალურ სერიაში!
კომენტარები