ბრიტანული გამოცემა “The Times of London” ომის პირველი თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების თემაზე საინტერესო კვლევას აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წამყვანი ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში შესულ ამერიკელებს კონტროლის დასამყარებლად ყოველ 1000 გერმანელზე 101 ჯარისკაცი ესაჭიროებოდათ, ერაყში – 1000 მოსახლეზე 7; ბოსნიის კონტროლქვეშ ასაყვანად 1000 მოსახლეზე 19 ჯარისკაცი იყო საჭირო; კოსოვოში კი ნატო-ს ყოველ 1000 მოსახლეზე 20 ჯარისკაცი დასჭირდა.
სამხედრო სფეროში მიღებულ გათვლებზე დაყრდნობით სპეციალისტებმა დაიანგარიშეს, რომ უკრაინის ოკუპაციისთვის რუსეთს ყოველ 1000 სულ მოსახლეზე 20 მეომარი ესაჭიროებოდა, თუმცა რეალურად, ქვეყანაში ამჟამინდელი შეჭრის დროისთვის 20-ის ნაცვლად მხოლოდ 4, ანუ საჭირო რაოდენობაზე 5-ჯერ ნაკლები ჰყავდა მივლენილი.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ჯამში 200 000-მდე მეომარია შეჭრილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ციფრი 5-ჯერ ნაკლებია ქვეყნის ოკუპაციისთვის საჭირო რაოდენობაზე, მაშინ ამ უკანასკნელის განსასაზღვრად 200 000 5-ზე უნდა გადავამრავლოთ. მიღებული ციფრი თითქმის უტოლდება რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას. მაშასადამე, უკრაინაზე კონტროლის დასამყარებლად პუტინს მთელი მისი ჯარი დასჭირდება.
რაც შეეხება დანაკარგებს, ექსპერტების გათვლით, რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიის დაწყების მომენტიდან ყოველდღიურად საშუალოდ 500 სამხედროს კარგავს. შედარებისთვის: ვიეტნამში ამერიკელებს დღეში საშუალოდ 8 სამხედრო ეღუპებოდათ, ყველაზე აქტიური ბრძოლებისას კი – საშუალოდ 20; ავღანეთში ამერიკული არმიის საშუალო დღიური დანაკარგი 0,3 სამხედროს შეადგენდა, ერაყში – 1,8-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორები კონსერვატიულ სტატისტიკას ეყრდნობოდნენ – არა უკრაინული მხარის მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა, გაზვიდებული იყოს, არამედ გასაშუალოებულ ციფრებს.
როგორც ბრიტანელი ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინაში რუსული ჯარის ხსენებული დღიური დანაკარგი ნიშნავს მთელი პირადი შემადგენლობის დაახლოებით მესამედის, ტანკებისა და ჯავშანმანქანების მესამედზე მეტის, საფრენი აპარატების დაახლოებით 25%-ის დაკარგვას. თუ ამ ყველაფერს ნატო-ს სტანდარტებით შევაფასებთ, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრილი ნაწილი (დაახლოებით 200 000 ადამიანი) უკვე ბრძოლისუუნაროა.
ახლა აგრესორი გამალებით ცდილობს ცოცხალი ძალის შევსებას. ამ მიზნით ბრიანსკის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში მიმდინარეობს ფარული თუ ნახევრადფარული მობილიზაცია, რომლის ფარგლებშიც იწვევენ 2004 წელს დაბადებულ პირებს – ანუ გამოუცდელ ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში, ცხადია, საზარბაზნე ხორცად გაიგზავნებიან.
პარალელურად მიმდინარეობს მობილიზაცია გეგმა “ბარსის” ფარგლებში: აქ უკვე იწვევენ ჯარმოხდილ პირებს, მათ შორის – მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ პატიმრებსაც.
გარდა ამისა, მიმდინარეობს სამხედროების გადასროლა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და მთიანი ყარაბაღიდან.
ამ უკანასკნელით უკვე ისარგებლა აზერბაიჯანმა, რომელმაც გარკვეულ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედროები შეიყვანა, პუტინს სამშვიდობოების გაყვანისკენ მოუწოდა და სთხოვა, სახელწოდება “ყარაბაღი” აღარ გამოიყენოს.
გაჩნდა ასევე ნიშნები იმისა, რომ უახლოესი 1-1,5 თვის განმავლობაში შეიძლება, დაიძაბოს ვითარება ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზეც, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, თალიბებმა შანსი გაუშვან ხელიდან. ასეთ შემთხვევაში კი ეს ნაპერწკალი შესაძლოა, მთელს ცენტრალურ აზიას გადაედოს.
ამგვარად, დაწყებულია რუსული ჯარის დასუსტების პროცესი რუსეთის ფედერაციის მთელს პერიმეტრზე და პუტინის რუსეთს მეორე ფრონტის მიღების ყველა შანსი აქვს.
არადა, როგორც ომის მეორე თვის დასაწყისისთვის ირკვევა, რუსული ჯარი, რომელიც “მსოფლიოს №2 არმიად” მოიაზრებოდა, არა მარტო საკვების, არამედ საბრძოლო მასალის კუთხითაც სერიოზულ პრობლემებს განიცდის: არსებული მარაგები კატასტროფული სისწრაფით მცირდება, მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დახურულია, ნაწილი კი ჯარის დროული მომარაგებისთვის საჭირო რაოდენობას ფიზიკურად ვერ აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს, თუმცა თუ ოფიციალურ განცხადებებს დავუჯერებთ, პეკინმა რუსები უარით გაისტუმრა.
წყარო – accentnews.ge
კომენტარები