ლუგარის ლაბორატორიის გარდა კორონავირუსზე ტესტებს ახორციელებს თბილისის ინფექციური საავადმყოფო, ასევე ლუგარის 2 ფილიალი ბათუმსა და ქუთაისში. ტესტების აღება ხდება ისევე, როგორც ლუგარის ლაბორატორიაში- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავრიუსის გამოსავლენად, სწრაფი ტესტების დასანერგად მსჯელობენ. მისი განმარტებით, საქართველო ელოდება გარკვეულ რეკომენდაციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ეს მეთოდი უკვე გამოიყენეს.
„ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომელთაც მიუხედავად იმისა, რომ არა აქვთ ან მოგზაურობის ისტორია ან აქვთ ტემპერატურა მომატებული, ან შეიძლება არც ჰქონდეთ ტემპერატურა, თუმცა აქვთ შიში, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი და სურვილი აქვთ ჩაიტარონ ტესტირება იმ მეთოდით, რა მეთოდითაც ჩვენ ახლა ვატარებთ. ამ შემთხვევაში მინდა დავაზუსტო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასიმპტომურ პირებში, ამ ტესტის გამოყენების ინსტრუქციას არ იძლევა, ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ ისევ ვრჩებით შემთხვევის სტანდარტულ განმარტებაზე და მკაცრად მივყვებით ამ განმარტებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამჟამად მარაგშია 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 000-მდე ტესტი.
გარდა ამისა, თამარ გაბუნიამ ორსულებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამეანო განყოფილება მზადდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მოემსახურება.
კომენტარები