საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ლოცვა დაწერა. პატრიარქის მიერ შექმნილ სავედრებელს საქართველოს საპატრიარქო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწერილი ლოცვა
„მამაო ჩვენო, ღმერთო, აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ!
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა!
დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ!
შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავაფერთა განსაცდეთაგან.
შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელს-გვყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ ვიხარებდეთ ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2020 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. მსახურების ბოლოს წაკითხულ იქნა უწმინდესის მიერ დაწერილი ლოცვა.
„გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენი
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო, ღმერთმა ისმინოს ლოცვისა ამის.
ეს ლოცვა იქნება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ, – ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, – ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, – ბრძანა უწმინდესმა.
კომენტარები