კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 2 მარტს, მორიგი სხდომა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც, მათ შორის, გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული მოიცავს ასევე დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებასაც.
საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლებსა და სადგურებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე უნდა წარუდგინოს.
კომენტარები