მწერალი, ალეკო შუღლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჯერ თავი შემოყო, მერე მთლიანად შემოვიდა, კარი ნაზად მიხურა, კედელს ზურგით მიეყრდნო და ხახუნით გამოუყვა, გზაში ფარგლებს წამოედო, გადმოყარა, მაგრამ ისე სწრაფად აკრიფა, რომ ვერავინ დაინახავდა, სინამდვილეში რა გადმოყარა…
იმ რაღაცების კრეფის პროცესში ფანქრებსა და სათლელებს წამოედო, მაგრამ ისინი დაიკიდა. ფეხით მიხვეტა და კუთხეში მიაქუჩა.
სოფო მაგიდის ქვემოთ მიმაგრებულ ღილაკს დააწვა… „ამარანტის“ პურზე კარაქი მქონდა წასმული და ის-ის იყო ჩაკბეჩას ვაპირებდი, როცა ჩემთან სამზარეულოში წითელი ნათურა აინთო, რაც საფრთხის მოახლეობას და ჩვენ სრულ მზადყოფნას ნიშნავდა.
პურის ნაჭერი პირში შევიტენე, ვედროში წყალი უკვე ჩასხმული მქონდა… სამზარეულოდან ცალი თვალით გამოვიჭყიტე, ღეჭვას ვაგრძელებდი…
ანასტასია ჯერ არ გამოდიოდა, სავარაუდოდ, ვერ გადაეწყვიტა გაზის პისტოლეტში წიწაკის ვაზნა ჩაედო თუ მდოგვის.
– აქ ჩემი ხელნაწერი დავტოვე, – უთხრა ქალმა სოფოს, – თუ არ ბეჭდავთ, მაშინ წავიღებ.
ასეთ რამეს არ ველოდით, ეს რაღაც სრულიად ახალი იყო.
სოფომ თავი გააქნია, უბრალოდ გააქნია, რაც სრულ უარს ნიშნავდა, უარს ყველაფერზე, ყველანაირ უარს…
ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ეს წყლის ჭავლი არ ავაცდინო, ღმერთო, რას გვერჩი?!
– პირს ვინ აწკლაპუნებს? – ჰკითხა ქალმა სოფოს და თავი ჩემი მიმართულებით გადმოაქნია, – იქ ვინ არის?
– დაცვის ბიჭია, – სოფო ხავსს ჩაებღაუჭა.
გამოვედი, ლუკმის ღეჭვით, ვედროთი ხელში.
– აქ ხელნაწერი დავტოვე, ძალიან მნიშვნელოვანი, – ახლა მე მითხრა ქალმა უკვე გაბრაზებულმა, – დამიბრუნეთ, უნდა წავიღო.
– ჩვენ წიგნების მაღაზია ვართ, გამომცემლ…
– დამიბრუნეთ ახლავე! – დაიწივლა ქალმა.
– არ გაატანოთ! – დაიყვირა საწყობიდან ანასტასიამ. ყველაზე კარგი თავდაცვა – შეტევაა.
– ვერ გაგატანთ, – ვუთხარი მე, – რასაც არ ვბეჭდავთ, იმას ვანადგურებთ. და თქვენ ეს იცოდით.
თავი ჩაღუნა და მაღაზიიდან ჩაფიქრებული გავიდა.
უცბად ისევ შემოაღო, ოდნავ შევხტით.
– სადმე რომ ვნახო ჩემი ხელნაწერი წიგნად გამოცემული, იცოდეთ, გიჩივლებთ! – დაიყვირა…
და კარი ისეთი გაიჯახუნა, რომ თაროდან იუნგის „მეტამორფოზის სიმბოლოები“ გადმოვარდა, – წიგნი, რომელსაც ერთი წელია ვეძებდით და ვერ ვპოულობდით.
თუ რამეს ვტყუოდე, ის ქალი დაბრუნდეს.”
კომენტარები