„ალია“ ესაუბრება ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძეს:
– უკვე დაიწყეს საუბარი მეორე ტალღაზე, რამდენად რეალური გგონიათ და აქვე გეტყვით, ზოგს ამ დროს ჯერ კიდევ ის კითხვა აქვს, პირველი ტალღა გვქონდა კი?
– რამდენი ტერმინი შემოვიდა, ტალღა, პლატო – სამწუხაროდ ადამიანების დიდმა ნაწილმა, ვინც ამ სიტყვებს იყენებს, მათი მნიშვნელობა არც იცის. გაიხსნა ეკონომიკა და გასაგებია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს. გერმანიის მაგალითი რომ ვნახოთ, საუკეთესო შედეგი დადო, მიუხედავად დაავადებულთა დიდი რიცხვისა. გერმანიაშიც კი, მას შემდეგ რაც გაიხსნა რესტორნები, თეატრები (ოღონდ ორი ადგილის გამოტოვებით სვამენ ხალხს) მოიმატა ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა – ერთ დღეს მოიმატებს, მეორე დღეს დაიკლებს – ნორმალურია. რაც შეხება საქართველოს, სწორედ ბრძანეთ, ე.წ. ეპიდემია იყო როო? მაგაზე მეტი გვყავდა სეზონური გრიპით დაავადებული ადამიანები და მაგას ეპიდემიას არავინ ეძახდა.
-მე მახოვს, ქალაქების ჩაკეტვა 24 საათით ადრე რომ გამოაცხადეს და დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით გადავსებული იყო მაგისტრალები… უამრავი ადამიანი წავიდა რეგიონებში, სადაც კონტროლის მექანიზმიც არ იყო და ზოგ ადგილებში რამდენიმე სოფელი, სულ ორ პოლიციელს აბარია.
– კი, გეთანხმებით, დაბადების დღეებსაც იხდიდნენ და არაერთს. რაიონებში და სოფლებში, არავითარი ე.წ. კარანტინი არ ყოფილა, ამას არ სჭირდება დამტკიცება, ფაქტია უკვე. რაც შეეხება მეორე ტალღას, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეორე ტალღა, შეიძლება 20 ახალი ინფიცირებულიც რომ იყოს ერთ დღეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისევ უნდა ჩავკეტოთ ეკონომიკა. აი, საგანგაშო ისაა, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მედ. პერსონალში. არც ერთი პანდემიის არ შეგვეშინდება, თუ გვექნება აწყობილი, სრულყოფილი სამედიცინო სტრუქტურა და ეს ხალხი, ვინც მუშაობას ამ სამედიცინო დაწესებულებებში, იქნება უსაფრთხოდ. ექიმები, ექთნები , სანიტრები, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანები – მაგათი უსაფრთხოებაა ახლა პირველი. თუ გვექნება კარგად აწყობილი სამედიცინო სტრუქტურა, არ შეგვეშინდება 10 და 20 ახალი ინფიცირებულის, ნამდვილად გაუძლებს ამას ჯანდაცვის სისტემა. ვიმეორებ, თუ გვექნება მოწესრიგებული ჯანდაცვის სისტემა და თუ არ იტყვიან მედიცინის მუშაკები, აუ, გაიარა და რა მოხდა მერე, ხელს აღარ დავიბან და ნიღაბს აღარ გამოვიცვლი, ხელთათმანს აღარ ჩავიცვამ… ეს წესები უნდა იყოს მუდმივად. ვითომ ატარებდნენ ტრენინგებს, მაგრამ მერე არავინ ამოწმებს. არის ასეთი ცნება – მხარდამჭერი კონტროლი – ჩავატარე ტრენინგი? მერე უნდა გადაგამოწმო, იმიტომ კი არა რომ დაგსაჯო, არა, იმიტომ რომ ვნახო, როგორ ასრულებ.
– რესპუბლიკურში ვიყავი ორი საათით ცხელების ცენტრში, ისე წამოვედი, არც ერთი ანალიზი არ აუღიათ, მაგრამ… ვხედავ, დერეფანში სადაც არის ექიმი, ექთნები, პაციენტები ერთად, გამოდის ექთანი, პირბადის და ხელთათმანის გარეშე, ილუკმება თან… ექიმმა მისცა პაციენტს ფურცელი და კალამი, გამოართვა, მოკიდა ხელი, იგივე ხელით პირბადე გაისწორა, სახეს შეეხო… მერე უკვირთ…
– კი, სამწუხაროდ ასეა. მეც ვაკვირდები. კარგია პროტოკოლების და გაიდლაინების გაგზავნა, მაგრამ ვიღაცამ უნდა შეამოწმოს, მისდევენ წესებს? არ არღვევენ? ეს არ ეხება მხოლოდ ცხელების ცენტრს. ყველგან და მუდმივად უნდა ხდებოდეს სწავლება და კონტროლი, მით უფრო, რომ ვაპირებთ პირველ ივლისს გავხსნათ ტურისტული სეზონი. ჩემი აზრით, ნამდვილად არა ვართ ტურისტული სეზონის გახსნისთვის მზად. როგორც ტრანსპორტის გასაშვებად არ ვიყავით მზად.
– არ გამოიყვანეს საჭირო ოდენობის ტრანსპორტი და არ კონტროლდება… მით უფრო, რომ ის სანიტარი და ექთანი, ტაქსით ხომ აღარ დადის და ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის?
-რა თქმა უნდა. ვერ ვისაუბრებ მეორე ტალღაზე და ჩაკეტვაზე, მაგრამ, უნდა დავიცვათ ყველამ წესები. მე ვიცი, რომ რთულია ნიღბით სიარული ამ სიცხეში, მაგრამ სხვა მეთოდი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ არ მესმის, კონდიციონერის არ ჩართვა, გაუგებარია, რას ეფუძნება. ვეძებე მსოფლიო ლიტერატურაში და ვერ ვიპოვნე ვერსად, ვერც ერთი მონაცემი, რომელიც მოგვცემდა იმის საფუძველს, რომ კონდიციონერის ჩართვა აგვეკრძალა…. აფთიაქში, მაღაზიაში მომუშავე ადამიანები კონდიციონერის გარეშე, მით უფრო ახლა, ივლისი-აგვისტოს თვეში – წარმოუდგენელია.
ასევე ეროვნული გამოცდები, ძალიან სერიოზული ამბავია, კონდიციონერი არ იქნება და პირბადით უნდა დაწეროს ბავშვმა გამოცდა – სტრესი, სიცხე და პირბადე. ჯერ რა აუცილებელი იყო ივლისში გამოცდის ჩატარება, კონსტიტუციას ვცვლით კვირაში სამჯერ, ნუთუ გამოცდას ვერ გადავწევდით სექტემბერში? გამოცდები არის სერიოზული, ძალიან სერიოზული პრობლემა.
-იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტებს დავსვამთ 2 მეტრის დისტანციის დაცვით, პირბადე მაინც იქნება აუცილებელი?
-კი, მაინც იქნება საჭირო, მაგრამ თუ სიგრილე იქნება და კონდიციონერი ჩართული, პრობლემა არ იქნება. კონდიციონერის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი – საქმე გვაქვს სიჯიუტესთან და არ ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ამას ვაკეთებთ. თუ იმისთვის ვატარებთ ეროვნულ გამოცდებს, რომ ჩავატაროთ და მოვრჩეთ? სამწუხაროდ, არავინ აყენებს ამ საკითხს.
– ძალიანაც ხშირად ვწერთ მაგ თემაზე, მაგრამ ვერ შევასმინეთ.
-არავის არ უსმენენ კი, ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან.
– გამყიდველები, სტილისტები, ფარმაცევტები, მძღოლები, ბევრია ისეთი, ვისაც დღეში 10 საათი უკეთია ლამის პირბადე და სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით, ორ-სამ საათში ერთხელ ახალი პირბადე რომ იყიდოს, ხელფასი არ ეყოფა….
– ერთი დღე კი არა, კვირაობით დადიან ერთი პირბადით, უდევთ ჯიბეში, ან ჩანთაში, ამოიღებს, გაიკეთებს, შეინახავს – არადა ეს ისეთი პირბადეა, რომელიც უნდა გადააგდო ორ საათში. აზრი არა აქვს მის ტარებას. როგორ დავავალოთ ადამიანს, რომელთა შემოსავალი ისედაც შემცირდა ბოლო დროს, რომ მუდმივად ჰქონდეს ახალი პირბადე, როცა პირბადე ღირს 1.20 ან 1.50?
-თუ ადამიანს უკეთია პირბადე დღეში 8-10 საათი, რა საფრთხე შეიძლება მიადგეს მის ჯანმრთელობას?
– გააჩნია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქვს თუ არა სხვა დაავადებები, შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობის შეგრძნება, წნევის მომატება, გლუკოზის (შაქარი) რაოდენობამაც შეიძლება მოუმატოს, გააჩნია ადამიანს რა პათოლოგიები აქვს. შეიძლება ვიღაცამ ატაროს და პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ არიან ადამიანები, კაშნესაც ვერ იკეთებენ. ნახეთ რა ხდება – არ გავიკეთებთ პირბადეს – ცუდია და გავიკეთებთ და კარგი არ არის…
– ჩემი მეგობრის შვილს ჰქონდა ასთმური შეტევები, რომელიც ორი წლის წინ, გაუქრა. ახლა უწევს მგზავრობა, შეუქმნის თუ არა მგზავრობისას 6 საათით პირბადის გაკეთება მის ჯანმრთელობას საფრთხეს?
– ჩემ თავზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება პროვოკაცია მოახდინოს, შეიძლება…
– ჯანმოს რეკომენდაციებზე უნდა გკითხოთ…
– ჯანმოზე ყოველთვის ვიძახდი, რომ არის ძალიან სუსტი და არაფრის გამკეთებელი ორგანიზაცია, გამოავლინა, რომ სრულიად მოუმზადებელია. არ შეიძლება კვირაში სამჯერ ცვლიდე ინფორმაციას, გინდა მედიკამენტებზე, გინდ გავრცელებაზე, გინდ პანდემიის გამოცხადებაზე. საბოლოოდ გამოავლინა თავი, როგორც ყველაზე სუსტმა ორგანიზაციამ.
– მე ვიცი, ერთი ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ პირბადე არ არის საჭირო, ევროპაში ვარ ახლაო, აგერ ფანჯრიდან ვუყურებ და პირბადე არავის უკეთიაო. მაგ დროს საქართველოში დეფიციტი იყო პირბადეების, ახლა თავისუფალ გაყიდვაში და უცებ საჭიროც გახდა და აუცილებელიც და როგორ არის ეს ამბავი?
– ესპანეთში მეტრო არ გაჩერებული პიკის დროსაც კი. იდგა ოფიცერი და აკონტროლებდა, თუ ვინმეს არ ჰქონდა პირბადე, თავად, რა თქმა უნდა, უფასოდ აძლევდა. მეც მახსოვს ეგ განცხადება, ვინ თქვა, ისიც კარგად მახსოვს, პირბადე რა საჭიროა, არავის არ შველისო – ახლა აღმოჩნდა, რომ საჭიროა. პოლიტიკურ კონექტურაზე თამაში არ შეიძლება, მით უფრო ასეთ პანდემიურ სიტუაციაში.
– რელიგიურზე?
– რა გითხრათ, მე ჩემი აზრი მაქვს, რომ წესი ყველასთვის წესია. ყველასთვის უნდა იყოს ერთი. სომხეთს რაც მოუვიდა, მოუვიდა იმიტომ რომ წესებს არ იცავდნენ. არ ატარებდნენ პირბადეებს, დადიოდნენ სტუმრად, ქორწილები, ქელეხები, საზღვრებიც არ იყო ისე კარგად ჩაკეტილი, არ კონტროლდებოდა ხალხი და მიიღეს ის, რაც მიიღეს. წესის დაცვა ყველასთვის აუცილებელი. ის თუ გახსოვთ მანქანაში წინ დაჯდომა არ შეიძლებაო და ჯანდაცვის მინისტრი რატომ ჯდებოდა მანქანის წინა სალონში?
-იმიტომ, რომ ჯანდაცვის მინისტრია…
-აი, ხოო, წესი უნდა იყოს წესი. პარაგვაელი დიქტატორი წერდა – მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს – კანონი. ასე არ შეიძლება, კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი.
– და თურმე პარლამენტარებს რომ არ ევალებათ პარლამენტში, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ეს იცოდით?
-ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა შოტლანდიაში, შოტლანდიაში ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე (ჯანდაცვის მინისტრის ტოლი თანამდებობაა, იქ მინისტრი არ ჰყავთ) გადადგა და იცით, რატომ გადადგა? დაარღვია წესი და წავიდა თავის აგარაკზე, ჟურნალისტმა გადაუღო ფოტო. გადადგა – დავარღვიე წესი და აწი სხვას როგორ მივცემ შენიშვნასო. ეს არის ნორმალური საქციელი. ყველაზე ცუდია, როცა ადამიანი ხედავს, რომ წესი ვიღაცეების წესია და ვიღაცებისთვის არა, მერე ჩნდება უნდობლობა. ყველაზე საშიშია, სხვათა შორის, უნდობლობა. ვერ ვიტყვი, რომ ამ უნდობლობას საფუძველი არა აქვს, გერმანია ახლა ხსნის საზღვრებს 31 ქვეყანაში. საქართველო ამ 31 ქვეყანაში არ მოხვდა. რატომ? იქ რა კრიტერიუმებიც იყო ჩამოთვლილი, ჩვენ ერთის გარდა არც ერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდით.
– მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა რას ჰქონდა? ჩატარებული ტესტების რაოდენობას?
– ყველა გადამწყვეტი იყო – ტესტები, ჯანდაცვის სისტემის მზაობა და მდგრადობა, რაოდენობა ინფიცირებულთა და რამდენადაა სისტემა მზად რომ უზრუნველჰყოს ტურისტების უსაფრთხოება.
– ჩვენ რომელს ვაკმაყოფილებთ?
– ჩვენ, ალბათ, ერთადერთს – რაოდენობას.
– ბოლო 72 საათში აღებული ცნობით შეუძლია ტურისტს შემოვიდეს და არ გაიაროს კარანტინი – ეს უსაფრთხოა?
– იცით, რა ხდება? კარანტინი თუ უნდა გაიაროს 2 კვირით, რა აზრი აქვს მაშინ ჩამოსვლას? მეორეს მხრივ, ბოლო 72 საათში, მე შეიძლება, წავედი, ავიღე ანალიზი, გამოვედი და დამემართა, ან მაქვს და ე.წ. ფანჯარა არსებობს ლაბორატორიულ საქმეში, რომლის დროსაც არ ჩანს ანტისხეული, არც ანტიგენი. ვერ იქნები გარანტირებული, რომ ტესტის პასუხის მიუხედავად, ვირუსი არა მაქვს. ამიტომაც ჯერ ევროპაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ჩვენ მით უმეტეს არა ვართ და როგორ ვაპირებთ პირველი ივლისიდან გავხსნათ ტურისტული სეზონი? მე ვერ ვხედავ რომ მზად ვიყოთ. დაწყებული ტრანსპორტიდან, დამთავრებული დაინფიცირებული მედპერსონალის დიდი რიცხვის გამო.
– „ფაბრიკის“ მაგალითი რომ ავიღოთ, გაიხსნა თუ არა, უამრავი ადამიანი მიაწყდა, პირბადის გარეშე, დისტანციის გარეშე.
-ძალიან კარგი მაგალითია ფაბრიკა. მაგაზე კარგი მაგალითიც ვიცი, აპრილის თვეში, თუ გახსოვთ, ექიმები რომ შეიკრიბნენ, სურათები რომ გადაიღეს, ნიღაბი არავის ეკეთა, დისტანციას არ იცავდნენ… ნდობას აქვს დიდი მნიშვნელობა, ნდობა თუ დაეცემა, მერე პრობლემები გვექნება.
– პასუხისმგებლობა ჩინოვნიკს არ უნდა ეკისრებოდეს? მერე რა, რომ ექიმია, ჩინოვნიკიც ხომ არის, როცა თანამდებობა უკავია და წესებს მკარნახობს?
– ყველას აქვს პასუხისმგებლობა. მეშინია უკვე, პასუხისმგებლობა ისევ ჩვენ არ გადმოგვაბარონ. ჩვენზეც უნდა იყოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მარტის თვე იყო, თვითიზოლაციაში იყო ორი პირი და ორივე წავიდა ზუგდიდის სასამართლოში, რასაც მერე სასამართლოს დახურვა მოჰყვა. ეს არის არამოქალაქეობრივი საქციელი.
-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თვითიზოლაციაში იყო და ქუჩაში დადიოდა…
– ესეც მახსოვს, დადიოდა ხალხთან ერთად, ჟურნალისტიც ახლოს მივიდა, შეეშალა ნამდვილად…
– კი, მაგრამ ეს კაცი რომ ნამდვილად ყოფილიყო თვითიზოლაციაში, ჟურნალისტს წვდომა აღარ ექნებოდა.
– აგაშენოს ღმერთმა, მაგაშია საქმე. ამ ყველაფერს წესით უნდა უზრუნველჰყოფდეს ე.წ. პირველადი ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არის, არ გაგვაჩნია. ეს სისტემა რომ იყოს კარგად დაფინანსებული, მდგრადი, მომზადებული, არაფრის შეგეშინდებოდა.
– მინისტრი ადგა ახლა და პოლიკლინიკების ნაწილი ამოაგდო დაფინანსებიდან, ახლა ეს პოლიკლინიკები გაუქმდებიან, აბა, რა მოუვათ?
– ეს დიდი ხანი მზადდებოდა, სერგეენკოს დროს დაიწყო მაგაზე საუბარი, თუმცა, სერგეენკო, ასე თუ ისე, ეწინააღმდეგებოდა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი ამოაგდეს დაფინანსებიდან პირველ მაისს. ისედაც ამდენი პრობლემა ჰქონდა ამ ხალხს. გადაიტანე პირველ სექტემბრამდე. ამითი არაფერი იცვლებოდა, მათ შორის, არც ფინანსური კუთხით. თუ პირობითად 110 ლარს სამ კლინიკას ურიცხავდნენ, ახლა 110 ლარს მისცემენ ერთ კლინიკას. ექიმები, ექთნები, ბუღალტრები, სანიტრები, ტექნიკური პერსონალი, უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. შემოსავლის გარეშე, ჩვენ ამ პერსონალს გადავანაწილებთო, კი თქვა მინისტრმა, მაგრამ გვაჩვენოს აბა, ვინ სად გადაანაწილა? ძალიან დიდი შეცდომა იყო. და რომ იცოდეთ რამდენი ადამიანი წავიდა კლინიკებიდან და აღარ აბრუნებენ – ვერ დაინახეს უსაფრთხოება, უთხრეს, რომ ასე ვერ იმუშავებენ, ოჯახი ჰყავთ, შვილები ჰყავთ და როგორია, პირობები არ გაქვს რომ უსაფრთხოდ იმუშავო და გაუშვეს სამსახურიდან. უკან არ აბრუნებენ, იგივე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ არის, მაგალითად… მთავარი ექიმი რომ ჰყავს, რა გვარია?
– ლევან რატიანი? ხო, ექიმების და ექთნების წასვლა არ გაუხმაურებია… სამაგიეროდ, სააღდგომოდ იტირა, შვილებს ვერ ვნახულობ, აქ ხალხი უნდა ნახოთ როგორ იხრჩობა და ხროტინებს და არ წახვიდეთ აღდგომას ტაძრებშიო და ახლა თქვა, მაგ დროს, თქვენ რომ გიკრძალავდით, მე ჩუმად ყოველ ღამე დავდიოდი ეკლესიაშიო…
– მართლა? ეს არ გამიგია, გამეცინა ახლა…
– მედიკოსთა ერთი ნაწილი ამბობს, ვაქცინა ვერ შეიქმნება, რადგან ვირუსი მუტირებს და მუდმივად იცვლებაო, მეორე ნაწილი ამბობს, ვირუსი რომ არ მუტირებს და არ იცვლება, ამიტომ მაქვს იმედი, რომ ვაქცინა იქნებაო და მუტირებს ვირუსი, თუ არა, ბოლოს და ბოლოს?
– ჯერჯერობით არა აქვს მსოფლიოს სრულყოფილი ინფორმაცია, ამის თაობაზე – როდის ექნება? – აი, ეგაც არავინ იცის.
– რამდენიმე ვერსია არსებობს, რატომ არ მოხდა საქართველოში ვირუსის აფეთქება. იმ ვერსიას რომ მთავრობამ კარგად იმუშავა, ვერ გავიზიარებ, ვნახეთ რა ხდებოდა სოფლებში და რაიონებში, ეკლესია იცავდა დისტანციას, მაგრამ ათასობით ადამიანი შეიკრიბა აღდგომას და ეზიარა, ვნახე როდის დაიკეტა სახმელეთო საზღვარი ირანთან, სამი დღის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის ყველა ქალაქშია ვირუსი გავრცელებული. ტრაილერის მძღოლები მაისის თვემდე არ მოწმდებოდნენ საზღვარზე – მანამ, სანამ ტრაილერის რამდენიმე მძღოლს ვირუსი არ აღმოაჩნდა. ამიტომ, ვერ დავაბრალებ კარგ მუშაობას. ორ ვერსიას აჟღერებენ – 1. ვირუსი გენეტიკასთანაა კავშირში და 2. ჩვენი ქალაქები არ არის ისე მჭიდროდ დასახლებული და ამან გამოიწვია ჯაჭვის ჩაწყვეტა – თქვენ რა ვერსიას განიხილავთ?
– მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი რეალობიდან ასეთი კარგი შედეგი არ უნდა გვქონოდა, საბედნიეროდ გვაქვს ეს შედეგი, რაც ძალიან კარგია… როგორც ყოველთვის, ახლაც განსხვავებულები ვართ და აი, რატომ ვართ განსხვავებულები, მაგას მე ვერ გეტყვით. რეალურად, ყველა მონაცემების მიხედვით, ჩვენთანაც უნდა ყოფილიყო ინფიცირებულთა მაღალი ციფრი, ველოდებოდი, რომ 3-4 ათასი მაინც იქნებოდა პაციენტი, როგორც ვნახეთ, საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, რატომ არ მოხდა, ამის ანალიზის გაკეთება ჩემთვის რთულია.
-სიმართლე რომ ვთქვა, არაერთმა ადამიანმა შემიძულა, ყველას ვურჩევდი რეკომენდაციების დაცვას – ახლა არაერთმა წამომაძახა – ხედავ, მზიურის გახსნაზე როგორ მივიდნენ? ხედავ პარლამენტში რომ არ იკეთებენ პირბადეს და არაფერი მოსდით? ხედავ, ვიღაცები შეიკრიბნენ და არავის გადაედო ვირუსი – ბოლოს და ბოლოს, თუ არსებობს ვერსია, საშიშია კორონავირუსი, თუ არ არის საშიში?
– რომც დაგემართოს, დროულად თუ მიმართავ სამედიცინო დაწესებულებას, მგონია, რომ არც ისე საშიშია… რა თქმა უნდა, გააჩნია თანმდევ დაავადებებს, რომლებიც თავის მხრივაც პრობლემას იწვევენ. ძალიან ბევრს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი, შეიძლება მეც გადატანილი მქონდეს, შეიძლება სუსტ ფორმაში გადავიტანე… ამის კვლევაც არა გვაქვს ჩატარებული, მასობრივი ტესტირება არ მომხდარა და არ ვიცით, ზუსტად რამდენ ადამიანს ჰქონდა ვირუსი საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან ბევრს ჰქონდეს მსუბუქი ფორმით გადატანილი. მესამედ ვამბობ, მაგრამ მთავარი ფაქტორია, წესი უნდა იყოს ყველასთვის ერთი – ნდობის მომენტია, მთავრობამ არ უნდა დააკარგვინოს მოსახლეობას მის მიმართ ნდობა – ამ შემთხვევაში შედეგები უკეთესი იქნება.
თამო კეშელავა, ალია №20
კომენტარები