ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ წლიურ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა მისი ხელისუფლების ეკონომიკურ წარმატებებზე ილაპარაკა:
“დღეს პარლამენტს ბატონი ღარიბაშვილი ესტუმრა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უპრეცედენტო პროგრესი ეკონომიკაში. ცნობისთვის, პანდემიის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მართლაც გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურება – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული დროებითი ეფექტი. თანაც, ტრანზიტული საქონელბრუნვის ზრდა, არის სპეკულაციური და არანაირად არ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბესა და შემოსავლებზე. როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, გაზრდილი სატრანზიტო ტვირთბრუნვაც გაქრება.
სომხეთის ეკონომიკა კი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიუხედავად, გაცილებით დიდი ციფრებით იზრდება. სომხეთს, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და არ გააჩნია პორტები, ჩვენზე ეფექტური მმართველობა ჰყავს. მეტიც, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს საერთოდ რომ არ ჰყოლოდა ხელისუფლება, არ არსებულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტი და მინისტრთა კაბინეტი, (მხოლოდ პოლიციას ემუშავა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად) 300 %-ით უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა. ბატონი ივანიშვილის მიერ შექმნილმა კორუმპირებულმა, უსამართლო, არაპროფესიონალმა, ნეპოტიზმზე დაყრდნობილმა, შიშსა და სიყალბეზე აგებულმა ხელისუფლებამ 300 %-ით დაამუხრუჭა ჩვენი განვითარება. ხელისუფლებაში „რუსული ოცნების“ ნაცვლად ჩეხეთისა და ესტონეთის მსგავსი მთავრობა რომ გვყოლოდა, სამჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და თითოეული ქართული ოჯახი.
მომავალში კიდევ გავაყალბებინებთ არჩევნებს „ქოცბანდას“? – უარესს მივიღებთ! მახსენდება ისტორიული გამონათქვამი – ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორც ჰყავს. უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვიმსახურებთ „ქოცბანდას“ და ვიმსახურებთ ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს ჩეხეთსა და ესტონეთს.”
კომენტარები