საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები. ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი: გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივად და სადაც აუცილებელი იყო – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვლმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და არჩევნების ჩატარება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ დაგვიანდება.
„არ გამოცხადებულა სრული კარანტინი; არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არც – აღმსარებლობის თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით, და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
კომენტარები