რა ხდება საქართველოს ისტორიულ და ტურისტულ ზონაში, იქ, სადაც დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, 1861—1907 წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია; იქ სადაც ილიას გარდაცვალების შემდეგ, ჭავჭავაძის ქვრივმა _ ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი – სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა. 2018 წელს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა. მაშ ასე, ადგილი, რომელიც ერის სინდისის სიმბოლოა, ფაქტობრივად, ფეკალიებს მიაქვს.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ხდება ის, რაც ყველა ლოგიკით დაუშვებელია, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, რამაც ქვეყანა თავდაყირა დააყენა.
2020 წლის, სექტემბერში, “ალიას” რედაქციაში, სოფელ საგურამოს 26 ოჯახის, ფეკალური სითხით დატბორილი მიწის ნაკვეთების მფლობელების, საგანგაშო წერილი მივიღეთ. მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას სამართლიანად ითხოვს, რომ აღდგეს არსებული კანალიზაციის ქსელი ისე, როგორც იყო მოშლამდე და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენების საშუალება მიეცეთ.

წერილში ვკითხულობთ: “2003 წელს ზოგიერთმა თავგასულმა პიროვნებამ მათზე განაწილებული მიწის ნაკვეთებზე გამავალი კანალიზაციის მილი გააუქმა და მიწიდან აღნიშნული მილები ამოყარეს, რის გამოც, 2003 წლიდან დაწყებული, დღემდე, ფეკალური მასა და სითხე მიედინება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებში ღია, მიწისზედა, ბუნებრივად გაკვალური არხით და იტბორება უბინძურესი სითხით თითქმის 20 000 კვადრატული მეტრი ფართობი. აუტანელი სუნის გარდა, გამრავლდა მავნე მწერები და ქვეწარმავლები, დაჭაობდა საუკეთესო ტერიტორიები ზიანდება ეკოლოგია. არაერთი თხოვნის მიუხედავად, სამწუხაროდ, საკითხი დღემდე მოუგვარებელია, არადა, აღნიშნული საკანალიზაციო ქსელი ემსახურება სოფელ საგურამოს 26 ოჯახს.”

“ალიამ” საკითხის მოკვლევა ჯერ კიდევ სექტემბერის დასაწყისში დაიწყო, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი პირადად ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ საკანალიზაციო მილი იყო გახეთქილი და ფეკალიები მიედინება მთავარ, სახელმწიფოს კუთვნილ გზაზე. უამრავ პრობლემასთან ერთად, ფეკალიებმა დააზიანა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები და რაც მთავარია, არსებობს სასმელი წყლის დაბინძურების და ახალი ინფექციების გავრცელების საფრთხე. მოსახლეობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ პრობლემა მოგვარებულიყო, პრობლემა, პრობლემად რჩება!
“ალია” ასევე დაუკავშირდა, მცხეთა-მთიანეთის მერს, გიორგი კაპანაძეს, მაშინდელ მაჟორიტარ დეპუტატს და ფაქტობრივად, არ დარჩა უწყება, რომელიც იტყვის, რომ ამ პრობლემის შესახებ, არაფერი იცის. გავარკვიეთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უძლურია, ამ ტიპის მასშტაბური პრობლემის გადასაჭრელად და მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესწევს ძალა, მოაგვაროს ეს გლობალური საკითხი და განახორციელოს ამ ტიპის ძვირადღირებული პროექტი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რეაქციამ არ დააგვიანა და სამინისტრომ საკითხის მოკვლევა, ფაქტობრივად, წერილის მიწერიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, თუმცა საკითხი კვლავ გაურკვეველი დარჩა, თუ როდის დაესმება წერტილი 2003 წლიდან დაწყებულ პრობლემას?! წესით, ამ საკითხს არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დრო და მსხვერპლთშეწირვა, არიქა, გვიშველეთ, ფეკალიები გვახრჩობსო, მაგრამ ეს საქართველოა, აქ ხომ ყველაფერი მოსულა! და, ახლა რა ხდება?
დეკემბერში, ჩვენ ვიღებთ პასუხს, რომ პროექტზე ტენდერია გამოცხადებული და 2021 წლის ბიუჯეტი ამ პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს. ცხადია, ამ თემას ბოლომდე გავყვებით და ჩვენი “რადარებიდან” ეს პრობლემა არ გაქრება. მანამდე კი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისგან, გიორგი კაპანაძისგან, უკვე მეორედ, მივიღეთ ამ ტიპის ინფორმაციული პასუხი:
“ვინაიდან, ჩვენი სახსრებით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებდით, რადგან ეს გახლავთ გლობალური პრობლემა, ჩვენ წერილით მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე უშუალოდ შეხვდით და ვესაუბრეთ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ილია ბეგიაშვილს, მას ავუხსენით თუ საიდან მოდიოდა ეს პრობლემა და ყველა დეტალის ირგვლივ პირადად ჩავაყენეთ საქმის კურსში.”
როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტმა, რომელიც უძლურია ეს პრობლემა გადაჭრას, ყველა წესის დაცვით, საქმის კურსში აყენებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ახლა კი ვნახოთ, რა პასუხს გზავნის რედაქციაში აღნიშნული უწყება ჩვენს კითხვაზე:
_ “ალია” სექტემბრის დასაწყისიდან ელოდება, რომ ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ დროს მაინც ეტყვის მოსახლეობას ვინმე. მით უფრო, რომ ეს არ არის გეგმიურად შესასრულებელი პრობლემა და დაუყოვნებლივ გადასაჭრელია. თანაც ამ პანდემიის დროს, ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადგილ-ადგილ აგვიფეთქდეს ქვეყანაში ახალი ვირუსი ან ინფექცია. კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ, გაერკვეთ საკითხში და შეგვატყობინოთ პასუხი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ პასუხში ვკითხულობთ: “თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სოფელ საგურამოში არ ოპერირებს. რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია არ მართავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს დასახლებაში. საგურამოს წყალმომარაგება/წყალარინების სისტემის პროექტის მომზადების მიზნით, „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ ახლახან გამოაცხადა ტენდერი. ამდენად, მხოლოდ პროექტის მომზადებისა და დაფინანსების წყაროს მოძიების შემდეგ გახდება შესაძლებელი სისტემების მშენებლობის დაწყება. შესაბამისად, ამჟამად სოფელში შექმნილი ვითარების მოგვარება აუცილებელია მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით.”
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხის კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, “ალია” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სამინისტროს წარმომადგენელს, თუ რას გულისხმობდა ამ პასუხში და კითხვაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უძლურია მსგავსი ტიპის პრობლემა მოაგვაროს და შესაბამის უწყებას დაწყებული აქვს თუ არა საკითხის პროექტირება? მივიღეთ პასუხი, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია, ვინაიდან პროექტი ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.
ვნახოთ, ჩვენი ქვეყნის “სინდისზე” ფეკალიების “გადაფრენის” დასრულებას როდის შეძლებს ის უწყება, რომელიც ანგარიშვალდებულია ნებისმიერი ფინანსური ხარჯი გაიღოს, თუნდაც ერთი ადამიანის უსაფრთხოების დასაცავად!
ნინო სამხარაძე, ალია
კომენტარები