აპრილის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონების განვითარებისთვის “500-მილიონიანი პროგრამა” წარადგინა. მთავრობის განცხადებით, 4 წელზე გადანაწილებული პროგრამა საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
პროგრამასთან კითხვები აქვს უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს. გიორგი გახარიას ყოფილი მრჩევლის განცხადებით, მსგავს პროგრამას საქართველოს ბიუჯეტი საერთოდ არ ითვალისწინებს. შესაბამისად გაურკვეველია, თუ საიდან უნდა მოვიდეს მის დასაფინანსებლად სახსრები. ამასთან, თუკი მისი დაფინანსების წყაროა საგარეო ვალი, ის აუცილებლად IMF-თანაც უნდა შეთანხმდეს.
“ჩვენ მეგობრებო, მივიღეთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, მე არ მინახავს ბიუჯეტში ცვლილების ინიციატივა ამ ახალი ფინანსური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით; არც ის მინახავს, საიდან მოვიდა ეს ფინანსური რესურსი; თუ ეს ბიუჯეტის დეფიციტის მხრივ ფინანსდება, ეს ერთი საკითხია და მისი მნიშვნელობის სხვანაირად განსაზღვრას იწვევს; თუ ეს ვალით ფინანსდება, სად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი საერთოდ?! პროგრამა დასრულდა, ახალ პროგრამაზე მუშაობა არ დაგვიწყია.
IMF-ის მიერ როგორ არის შეფასებული ეს 500 მილიონი, რომელზეც გაჟღერებული იყო, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში იხარჯებაო, რაც ნიშნავს ერთი მუნიციპალიტეტისთვის 1,8 მილიონის ფინანსურ რესურსებს და მე არ ვიცი, ახლა 15 000 ადამიანის დასაქმებაა უზენაესი მიზანი და ის ასობით ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენას დააბალანსებს?! ეს რთული წარმოსადგენია.
საერთოდ, ამ ფულის გამოყენების პრიორიტეტულობაზე ვინ მიიღო გადაწყვეტილება?! ამ ფულით შეიძლებოდა კიდევ 3 თვით კომუნალურების სუბსიდირება მილიონზე მეტი ოჯახისთვის, 6 თვის განმავლობაში სამსახურდაკარგული ადამიანების, შშმ პირების, 65 000-მდე ოჯახის, 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახების და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ 6 თვით გახანგრძლივება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე სადეპუტატო კითხვა გავუგზავნე მთავრობის ხელმძღვანელს, თუ საიდან მოვიდა ეს დაფინანსება და როცა ვსაუბრობთ და ვცდილობთ, საზოგადოებას ეს მხარდაჭერის პროექტი მივყიდოთ, როგორც ამოსავალი ეკონომიკური პოლიტიკისა, ჯერ დავაზუსტოთ საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია”, – განაცხადა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
რეგიონების განვითარების 500-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 8 ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამ ტენდერების ჯამური მოცულობა 160 მილიონი ლარია და მათში წინადადებების მიღება ხვალ იწყება და ორშაბათს მთავრდება. ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა პროექტები 2 წლის ვადაში უნდა დაასრულონ.
მთავრობის მიერ 26 აპრილს მიღებული დადგენილების თანახმად, წელს ამ პროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 130 მილიონი ლარი, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მისი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფარავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ თანხის მხოლოდ მიზნობრიობა იცვლება. კონკრეტული X პროექტების ნაცვლად სამინისტრო Y პროექტებს დააფინანსებს.
ამ 130 მილიონი ლარის გარდა, დადგენილების მიხედვით, პროექტისთვის 2021 წელს განსაზღვრულია კიდევ 90 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთიდან მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩაურიცხოს.
წყარო – bm.ge
კომენტარები