სოსო გოგაშვილი, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს, 2021 წლის დასაწყისში, “ალიასთან” ე.წ. კასრების საქმეზე და კომისიაზე, რომლის წევრიც თავად იყო, საუბრისას, ამბობდა:
–”კასრების კომისია” ახდენდა ფაილების დახარისხებას და საგამოძიებო ჯგუფისთვის მიწოდებას. ეს საიდუმლო ბრძანებით შექმნილი, საიდუმლო კომისია იყო, დავახარისხეთ ფაილები და გადავეცით შესაბამის ორგანოს. ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს, ამ ფაილებით ახორციელებდა შანტაჟს და ძალმომრეობით პოლიტიკას, ისევ სისტემაში არიან, ოღონდ, გაგიკვირდებათ და, უფრო მაღალ პოსტებზე! მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევამ წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი შეიწირა და მე ძალიან არ მინდა, რომ „ქართული ოცნებაც“ შეეწიროს ამ ჩინოვნიკების პოლიტიკას.
– ბოლოს და ბოლოს, განადგურდა „კასრების“ კადრები, თუ მხოლოდ ნაწილი განადგურდა და ნაწილი სხვა „კასრებში“ გადაინახეს?
– კომისიის წევრებმა ფაილები დავლუქეთ და გადავეცით შესაბამის უწყებას, იმის იქეთ ჩვენ უკვე მასზე წვდომა აღარ გვქონდა. ჩვენი ფუნქცია იყო, გაგვეხსნა, დაგვეხარისხებინა და მიგვეწოდებინა გამომძიებლებისთვის. შემდეგ გაანადგურეს ნამდვილად, მაგრამ, არც ერთ ვარიანტში არ იქნებოდა იმ მასალების მხოლოდ ერთი ასლი! ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია.
– რამდენიმე ფაილი „კასრებიდან“ სააშკარაოზე გამოვიდა, იმის თქმა გინდათ, რომ ასლებს იყენებდნენ?
– დიახ, ის არ იყო ერთადერთი ასლი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს, მისი დუბლირებაც მოახდინეს და ჩემი მუშაობის პერიოდში, ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანი – ოღონდ, საშუალო რგოლის წარმომადგენლები, პასუხისგებაში მივეცით! ისინი იმ ფირების საშუალებით ახდენდნენ შანტაჟს ბიზნესმენების და სხვა სფეროს ადამიანების.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ კასრების ფაილები განადგურებულია.
კომენტარები