ხელოვნების მუზეუმთან, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფი ანჩისხატის მისსავე სახელობის ტაძარში გადატანის მოთხოვნით აქციას გამართავს.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია გუშინ დაიწყო, თუმცა მუზეუმში არ საუბრობენ კონკრეტულად რომელ ექსპონატს სად გადაიტანენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადავა, რომელიც ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ნაწილი კი იმავე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბე კორპუსში:
“გადატანა-გადმოტანა კონფიდენციალურია და უსაფრთხოების მიზნით, არ მაქვს უფლება ვისაუბრო. დიდი ნაწილი ალბათ გადავა ჯანაშიაში და მეორე ნაწილი ბე კორპუსში” ამბობს ხელოვნების მუზეუმის ფონდის დირექტორი, გია მარსაგიშვილი.
ხელოვნების მუზეუმის შენობა მინისტრმა წულუკიანმა ამორტიზებულად გამოაცხადა და დაკეტა, რასაც სფეროს სპეციალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, სამინისტრომ, ისე გადაწყვიტა კულტურული მემკვიდრეობის გატანა შენობიდან, რომ მათთვის უცნობი იყო ევაკუაციის გეგმა და პირობები. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წულუკიანის უწყება სწორედ იმ გეგმით ხელმძღვანელობს, რომელიც მისივე გათავისუფლებული თანამშრომლების მიერაა შედგენილი.
ამ ფაქტს ისინი მიესალმებიან და ამბობენ, რომ გეგმა პროფესიონალებმა შეადგინეს და კარგია თუ წულუკიანს ამის აღიარება მოუწია.
ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გატანილია 11 ექსპონატი. პროცესი დღესაც გაგრძელდება, ხოლო რა ბედის ელის შენობას, რომელიც მინისტრმა ამორტიზებულად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი რეაბილიტაციაც შეუძლებელია, უცნობია.
კომენტარები