,,სირცხვილიას” დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი პირველ საჯარო განმარტებას აკეთებს:
,,საჯარო კომენტარისგან ვიკავებდი, თუმცა ვინაიდან 2019-22 წლებში მე სირცხვილიას დამფუძნებელი წევრის გარდა, მისი სახე ვიყავი, ალბათ ეს შეფასების პასუხისმგებლობას მაინც მაკისრებს.
მიჭირს საუბარი, რადგან ერთი მხრივ, მძიმე შეცდომაა დაშვებული, მეორე მხრივ კი გული შემტკივა ამ ორგანიზაციაში დარჩენილებსა და ახალწვეულებზე, რომლებიც სამართლიან კრიტიკასთან ერთად საშინელი ცილისწამების სამიზნეებად იქცნენ.
ამ ვითარებაში არ მიმაჩნია ღირსეულ საქციელად, ბუნებრივად გაჩენილ ბრაზში გაზავებულ ბევრ ღვარძლსა და ტალახს ჩემი განსჯები დავურთო. ამიტომ მედიებს კომენტარზე უარი ვუთხარი – როცა ემოციები ჩაცხრება, რეფლექსიის დრო შემდეგ დადგება. სათქმელი და გასააზრებელი კი ბევრია.
დიდ პატივს ვცემ სირცხვილიას წევრებს, რომელმაც ამ წლების განმავლობაში წარმოუდგენელ დარტყმებს გაუძლეს და გამოავლინეს შეცდომის აღიარებისა და პასუხისმგებლობის ტვირთის აღების დეფიციტური უნარი.
იმედს ვიტოვებ, რომ მოძრაობის საბოლოო მემკვიდრეობად დარჩება არა ეს მტკივნეული შეცდომა, არამედ პროპორციული არჩევნები, “ჰელფერები”, “შინ ევროპისკენ” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომელშიც სირცხვილიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა.
თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა. წინ ევროპისკენ და არა რუსულ კანონს!”
კომენტარები