საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სთხოვს ინფორმაცია მიაწოდონ.
„ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება.
დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია.
მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად. თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია, “- ნათქვამია განცხადბაში.
კომენტარები