პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“რატომ არ აკეთებს განცხადებას სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვების დასაცავად? ეს მაინც ხომ არის ის საკითხი, რაც მისი მანდატია? ადამიანის – ბავშვების, მშობლების – უფლებების დაცვა. (ჩემი აზრით, ყველაფერი მისი მანდატი იყო, რაზეც აქამდე თავი შეიკავა, მაგრამ მის სიტყვებს ვციტირებ).
გუშინ თვალი მოვკარი 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან „დამოუკიდებელი სახალხო დამცველი“ ნაწილობრივ შესრულდაო და ამაზე გამახსენდა.
ეს პროცესი რამდენიმე დღეა მიდის. მანამდე იყო მოსამართლეების სანქცირების საკითხი, რომელზეც თქვა, რომ არ ეხება; იყო თათია სამხარაძის დევნის საკითხი, რაზეც დღეები დუმდა; იყო მარტის აქციების საკითხი, რაზეც მისი პოზიცია არ იყო სათანადო; იყო ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ფაქტობრივად მოქმედების ფარგლები შემოუსაზღვრეს და დუმდა.
რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერზე აქცენტს. ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ოცნებამ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ამ პირობებში ვთვლი, რომ სახალხო დამცველი ხმალამოღებული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის უფლების მცირედი დარღვევის თითოეულ ფაქტზე. კი არ უნდა აგვიანებდეს, მისი მანდატის ახლებურად წარმოჩენას და ოცნების მიერ განსაზღვრულ ფარგლებზე საეჭვოდ მორგებას კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ პირველი უნდა აფასებდეს მოვლენებს.
არ ვითხოვ არაობიექტურ და პოლიტიზირებულ სახალხო დამცველს. ვითხოვ ობიექტურს და დამოუკიდებელს და სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენების მისეული შეფასებები არ მაძლევს ამის თქმის საფუძველს. არ ვსაუბრობ ჩასაფრებული. როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს იმიტომ, რომ ეს არის ახლა უკანასკნელი იმედი, რომელსაც ხალხი შეჰყურებს.
ვფიქრობ, ამ თემის არაღნიშვნა არანაკლები პრობლემაა. მოითხოვეთ ყველამ, რომ სახალხო დამცველმა შეასრულოს მისი ფუნქცია ისე, როგორც ეს ევალება. ვინც მის არჩევას ხმა მიეცით, მოსთხოვეთ საქმე. მინიმუმ უყურეთ მხოლოდ მის ინტერვიუს ინგა გრიგოლიასთან და გამოიტანეთ დასკვნები.
წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები მოდის. არ მინდა დავიჯერო, რომ ოცნებამ მიზანს მიაღწია და აირჩია ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც არჩევნების შედეგებს ასე „არც მწვადი დაწვა არც შამფური“ პრინციპით შეაფასებს.
შესწორება: ამ პოსტის დაწერიდან 35-ე წუთზე სახალხო დამცველი გამოჩნდა.”
კომენტარები