სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ვგებულობთ, რომ ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები.
გიგზავნით ინფორმაციას პარტიის შემომწირველი პირების, შემოწირულებების სახისა და ოდენობის შესახებ (იხ. დანართი 1), რომელიც საჯაროა და გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდზე www.monitoring.sao.ge .
ამასთანავე გაცნობებთ, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები (ოფისების რემონტისა და ბრენდირების ხარჯების დაფინანსება სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის განკარგვა საიჯარო ვალდებულებების გარეშე), რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა შემოწირულების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და − ჯარიმა შემოწირულების ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი,” – ნათქვამია პასუხში.
კომენტარები