ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, მიდით, სტანდარტული კითხვით დავიწყოთ – შოვის ტრაგედის თავიდან ასაცილებლად რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და რა არ გააკეთა?
– უპირველესად, სამძიმარი მინდა ვითხრა შოვში დაღუპული ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს მთელი ერის ტრაგედია და მთელი ერის ტკივილია. შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ხელისუფლება ახლა ცდილობს, ერთმანეთში აურიოს სტიქიის აცილება და სტიქიური უბედურების, შედეგების, მსხვერპლის თავიდან აცილება. სტიქიას ვერ აირიდებდნენ, ეს კარგად ვიცი, მაგრამ ტრაგედიის აცილება იყო შესაძლებელი. რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? მოგახსენებთ. 1. გლობალური დათბობის პროცესში ვართ, კავკასიონის სამხრეთ ფერდზე მიმდინარეობს მყინვარების დნობის პროცესი, ეს წყალუხვობა იწვევს მდინარეების ადიდებას. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის? რამდენი მეწყერი იყო რაჭაში, სვანეთში, ლეჩხუმში, მთიულეთში, დევდორაკი გავიხსენოთ. აქედან გამომდინარე, რაჭაში და ყველგან, მიმდინარე პროცესები შესწავილი უნდა ყოფილიყო. 2. ეს შესაძლო საფრთხეები ჩვენი მოგონილი კი არ არის, გარემოს დაცვის სააგენტოს მინიტორინგის სამსახურს დოკუმენტი უდევს, სადაც საუბარია წყალდიდობის, მეწყერის საფრთხეებზე, მათ შორის, შოვში. ე.ი. წინასწარ იცოდნენ ამ საფრთხეების შესახებ და გაატარეს ეს ყველაფერი. 3. არ იყო დამონტაჟებული წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომლებიც რამდენიმე წუთით და უფრო ადრეც გატყობინებს შესაძლო საფრთხის შესახებ. 5 მილიონი კუბური მეტრი იყო მასა, რომელიც მოწყდა და მოვარდაო. ამ სტიქიური მასის ჩამოსვლას სჭირდება 2 მილიონი კუბური მეტრი წყლის მასა, რომელიც ასე სწრაფად, 8–10 წუთში ვერ დაგროვდებოდა და ვერ ჩამოიტანდა იმ მასას შოვამდე. ასე სწრაფად არ ხდება ეს პროცესი. კიდეც რომ დავუჯეროთ ხელისუფლებას, რომ 8–10 წუთში მოხდა ყველაფერი, ადრეული შეტყობიბების სისტემები რომ ყოფილიყო, ჩაირთვებოდა სირენები, მაღლობებზე ავიდოდნენ ადამიანები, ზოგი მანქანით გამოასწრებდა და ან მხვერპლი არ იქნებოდა, ან ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. 4. არ იყო მონიტორინგის სისტემა, რომელის 24 საათი განმავლობაში კონტროლდება, რომლის მეშვეობითაც, ნალექის სიუხვის, მდინარეთა ადიდების მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო მოსალოდნელი საფრთხე და ხალხი ხალხი გამოიყვანო მოსალოდნელი სტიქიის ზონიდან. ეგერ, სლოვენიასა და ავსტრიაში იყო სტიქია, ავსტრიაში ერთდროულად რამდენიმე რეგიონში იყო მეწყერი და წყალდიდობა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. წინა დღეებში მოხდა ხალხის ევაკუცია ამ მონიტორინგის წყალობით, რომელმაც შესაძლო საფრთხე შეატყობინა ორივე ქვეყნის შესაბამის სამსახურებს და ხელისუფლებებმა მყისიერი რეაგირება მოხდინეს, ხალხი გამოიყვნეს საფრთხის შემცველი ადგილებიდან. აქ საერთოდ არ აქვთ ამგვარი მონიტორინგის სისტემა. შექმნილი აქვთ აიპები, სიპები სადაც უსაქმური პარტიული აქტივისტები ჰყავთ დასაქმებული, რომელთა საქმე არჩევნების გაყალბება და ტროლ–ბოტობაა სოც–ქსელებში, რომ ლანძღონ პოლიტიკური მოწინაღმდეგეები. შოვში ღვარცოფული მდინარეები რომ არის, ეს იცოდნენ. ამ მასშტაბის არა, მაგრამ იქ ყოფილა მდინარის მოვარდნის ფაქტები. 21–ე საუკუნეა, სატელიტები არსებობს, სატელიტური ფოტოები არსებობს. ამათ სატელიტით გადაღებული ფოტოები რომ შეესწავლათ, მიხვდებოდნენ, რომ სახიფათო პროცესები უკვე დაწყებული იყო და იქნებ რეაგირებაც მოეხდინათ. უამრავი საშუალება არსებობს, რომ თავიდან აირიდო ასეთი ხიფათი. ბოლოს და ბოლოს, არსებობს სპეციფიკური „დრონები“, რომლებსაც მონიტორინგისთვის იყენებენ. ამ „დრონების“ მეშვეობით მთლიანად დაათვალიერებდნენ ხეობას, მყინვარმწვერამდე ავიდოდა, მერე სპეციალისტი მთლიანად ჩაიწერდა ამ მონაცემებს და მიხვდებოდნენ, რომ საფრთხე არსებობდა. ყოველდღე და თუ საჭირო იქნებოდა, დღეში რამდენჯერმე უნდა გაეშვათ ეს „დრონები“, მაგრამ არც ეს ჰქონდათ. ამის გაკეთება ძნელია? დიდი ფული უნდა? არაფერი ბევრი ფული არ უნდა. პატარა, ორკაციანი ბიური იყო საჭირო, ეს ყველაფერი, მთელი ხეობის მონიტორინგი რომ გაეკეთებინათ. მთის ტურიზმის განვითარებაზე რომ გაქვს გეზი აღებული, მთის ყველა კურორტზე, სადაც ახლო–მახლო მდინარეებია, ამგვარი მონიტორინგის ჯგუფი უნდა არსებობდეს. ეს სულ მცირე და საერთოდ, სადაც საფრთხის შემცველი მდინარეებია, ყველგან უნდა იყოს ასეთი ბიუროები, რომ არც ტურისტი, დამსვენებელი და არც ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალდეს. სამაშველო თვითმფრინავი არ ჰყავს სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლება წელიწადში მილიარდს ხარჯავს უსაქმური ბიუროკრატიის შესანახად, გესმით, რა თანხაზეა საუბარი? ამ დროს 1 სამაშველო ვერტმფრენი და „დრონები“ ვერ შეიძინეს, სამგიეროდ ჩინოვნიკებს, პარლამენტის და საკრებულოების დეპუტატებს ჰყავთ ბოლო მოდელის „ჯიპები“. ყოველ წელს იცვლიან მანქანებს, არ იკლებენ ძვირადღირებულ ავეჯს კაბინეტებში, უცხოეთში მივლინებებს და იქ ბიუჯეტის ფულით გრიალს. ზოგი ისე გათავხედდა, „სმარტფონებსაც“ ბიუჯეტის ფულით ყიდულობს, თითქოს მათ მხოლოდ სამსახურებში იყენებდნენ. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი დასკვნა გავაკეთოთ–ამ ტრაგედიის თანაავტორი ხელისუფლებაა, მკვლელები არიან ხელისუფლებაში. მით უმეტეს, როდესაც მსგავსი ტრაგედია გაქვს გამოვილი 2015 წელს, როდესაც მდინარე ვერე ადიდდა. სხვათაშორის, მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი. იმის წინა წელს, დევდორაკის ხეობაში იყო მეწყერი და ჩაიყოლა მუშები. გუდაურში, არადანიშნულებისამებრ რომ გამოიყენეს MI-8 ტიპის ვერტმფრენი ტურისტების გადასარჩენად, რა ტრაგედია დატრიალდა, 8 ადამიანი დაიღუპა. ზემოთ ჩამოვთვალე ის რეგიონები, სადაც არაერთხელ იყო დიდი მეწყერები. ამას დაამატეთ ბორჯომის ხეობის ხანძარი, სადაც სახანძრო–სამაშველო ვერტმფრენები არ გვეყო, ვერ ჩააქრეს ცეცხლი და დახმარება თურქეთს ვთხოვეთ, ისინი დაგვეხმარნენ, თორემ მთელი ბორჯომის ხეობა გადაიწვებოდა. მაშინ საკმარისი ვერტმფრენები რომ გვყოლოდა, ათეულობით ჰეტქარი ტყე, ასწლოვნი ნაძვები გადარჩებოდა, რადგან თურქეთის ხელისულებისადმი დახმარების თხოვნამ, გარკვეული პროცედურების გავლამ და ვერტმფრენების თურქთიდან ჩამოფრენამ, სამაშველო ოპერაციებში ჩართვამ ცოტა დრო არ წაიღო. ამ ყველაფერის მერე ჭკუა როგორ ვერ უნდა ისწავლო, არ მესმის. საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოება საერთოდ არ გაგვაჩნია. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ყოველ წუთს, ყოველ საათს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პრევენციაზე ხომ ვილაპარაკეთ და ამ სპეციალური საშუალებით ამცირებ ზარალს, ზიანს და რაც მთავარია, ადამიანის სოცოცხლის გადარჩენის შანსს ზრდი. მართლა გმირები არიან ჩვენი მაშველები, შოვის ტრააგედია პირველი ხომ არ რის, სადაც ისინი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ. თუმცა, მუდმივად გმირებზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულნი. 600–800 ლარი აქვთ მაშველებს ხელფასი.
– მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, მაშველებს 750–დან 1500 ლარამდე აქვთ ხელფასი, ხოლო მათ უფროსს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის შეფს – 6250 ლარი.
– მერე, ეგ რა არის? ზღვარსგადასული უნამუსობა. რეგიონებში რიგით მაშველებს, 600 ლარიც აქვთ, თბილისში უფრო მაღალია. მარტო ხელფასი ხომ არ არის? ხომ ნახეთ, რა აღჭურვილობით მუშაობენ? ნორმალური აღჭურვილობა არ გააჩნიათ. უნდა მიმდინარეობდეს მაშველთა ტრენინგები, მუდმივი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა, თანამდეროვე საშუალებების ათვისება და ცოდნის გაღრმავება. ნიჩბით რაც გააკეთეს, ეგ არის, მეტის გაკეთება აღარ შეუძლიათ. რაც ჩამოვთვალე, არც ერთი საკითხი არ არის გადაწყვეტილი, ყველაფერზე ჰქონდა დაპირება ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი გააკეთა.
– ღარიბაშვილმა შარშან თქვა, სამ სამაშველო ვერტმფრენს ვიყიდით და გაისად გვექნებაო, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2018 წელს განაცხადა, 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნებაო. გავიდა ის 2–3 წელი და არაფერი დაუმონტაჟებიათ, რადგან ეს რომ გაეკეთებინათ, თავად სამინისტრო გაავრცელებდა ინფორმაციას. არადა, ღარიბაშვილი უარყოფს თავის ნათქვამს, დავითაშვილმა კი პროვოკატორები ეძახა იმ ჟურნალისტებს, ვინც 5 წლის წინანდელი დაპირება შეახსენა.
– ვიცი, ესენი მატყუარები და ჩვეულებრივი მკვლელები არიან, ამათ განწირული ვყავართ. მთავარია, თავად არ მოაკლდეთ კომფორტი და ადამიანების სიცოცხლეს მათთვის გროშის ფასი აქვს. არადა, სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა. ინგლისელი ფილოსოფოსი, თომას ჰობსი, თავის ნაშრომში „ლევიათანი“ ავითარებს აზრს, რომ ადამიანი თავისი ბუნებრივი მდგომარეობით შეიძლება იყოს მკვლელი. შესაბამისად, უნდა დაიცვან თავი. ამიტომ, მკვლელები რომ არ ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევიზღუდოთ უფლებები და ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს უსაფრთხოებაზე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ქვეყნის საზღვრები, შიგნით მართლმსაჯულება განახორციელოს, ესეც მოქალაქის დაცვაა და ამავე დროს, სტიქიური უბედურებების დროს პრევენცია და სამაშველო სამუშაოები უნდა განახორციელოს. აქედან არც ერთი ჩვენთან არ კეთდება.
– ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია, არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას. ჯერ იმას იძახდნენ, რომ მწვერვალიდან 8–10 წუთში ჩამოაღწია შოვამდე წყალმა და მეწყერი გამოიწვია, რაშიც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან. ახლა ახალი ვერსია წამოსწიეს–ზამთარში 12 დღე თოვდა ონში, დიდი თოვლი მოვიდა, დადნა, მდინარეები ადიდდა და იმან გამოიწვია ღვარცოფი და იმ ღვარცოფმა მეწყერიო. კი მაგრამ, ზამთარში მოსული თოვლი გაზაფხულიდან დნობას რომ იწყებს, მდინარეები რომ დიდდება და ღვარცოფის და შესაბამისად, წყალმოვარდნის, წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხე იზრდება, ეს არ იცოდნენ? ბოლოს და ბოლოს, მე–5 კლასის გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოში სწერია.
– ეს ელემენტარული რაღაცაა და იციან, მაგრამ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი. გამოდის ირაკლი კობახიძე და იძახის, ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის სისტემა უამრავ ადგილზეა დამონტაჟებული, რაჭაში 20 სისტემაა დამონტაჟებული მდინარეებზე, შოვშიც იყო, მაგრამ წყლის მატება არ დაუფიქსირებია, გარდა ბოლო 10 წუთისა, როცა მეწყერი მოვარდაო. გესმით? თავის გასამართლებლად ახალი ტყუილი შემოაგდეს. რაის 20 მონიტორინგის სისტემა იყოო. რა სისულელეა?! თქვენი თქმისა არ იყოს, მთელი ის ღვარცოფული მდინარეები აღჭურვეს მონიტორინგის სისტემებით და ინფორმაცია არ გავრცელდა? გარემოს დაცვის სამინისტროს საკუთარ ვებ–გვერდზე არ დადო? სამთავრობო მედიას არ შეატყობინეს? 5 კილომეტრ ასფალტს რომ აგებენ რომელიმე სოფელში, გუბერნატორი, მერი და მინიმუმ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ერთად ხსნიან და ყველა სამთავრობო ტელევიზია აშუქებს დღეში რამდენჯერმე ამ ამბავს. ამხელა საქმე გააკეთეს და დამალეს? თუ ტყუილი არ არის და მინისტრი დავითაშვილი რატომ ეძახის პროვიოკატორებს ჟურნალისტებს, რომელთაც ეს დაპირება შეახსენეს? რატომ არ უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრ ადგილას დავამონტაჟეთ სისტემები და რაჭაში 20 ერთეულიაო? თუ მინისტრმა არ იცოდა, რომ ეს სისტემები იყიდა მისმა სამინისტრომ და დაამონტაჟა? კობახიძე და დავითაშვილი შეთანხმებულიყვნენ მაინც და ორივეს ერთნაირი ტყული ეთქვა. ყველაფერს კადრულობენ, საკუთარი დანაშაული რომ არ აღიარონ, ხალხმა არ იფიქროს, რომ ამ სისტემების არსებობის შემთხვევაში მეწყერს ხალხი გადაურჩებოდა, მათი ევაკუაცია თუ დროზე მოხდებოდა. იქ მონიტორინგის სისტემა რომ ყოფილიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. ვიმეორებ, ესენი არიან მკვლელები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშული ჩაიდინეს. პირდაპირ გამოკვეთილია სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული. კოდექსში პირდაპირ გვიწერია, თანამდებობრივი დაუდევრობა, გულგრილობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამაზე უნდა აგონ პასუხი. ასევე, ეს იყო ადამიანების განსაცდელში მიტოვება, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამათი დანაშაულობათა შემადგენლობა პირდაპირ სახეზეა. დაღამდაო და ვეღარ გავაგრძელებთ სამაშველო სამუშაოებსო. არ იცოდნენ, დღეს ღამე რომ მოსდევს? რომელი საუკუნეა? რატომ არ ჰქონდათ ვერტმფრენებს ღამის ხედვის საშუალებები? ისეთებს იძახიან, გადაგრევენ კაცს. 3 საათის დაგვიანებით მივიდა ვერტმფრენი და მერე რა მოხდაო. საერთაშორისო სტანდარტებით, სტიქიის ადგილას 15 წუთში უნდა იყვნენ ვერტმფრენები, ასეა ნორმალურ ქვეყნებში. შესაბამისად, ვეტმფრენები ისეთ ადგილზეა ბაზირებული, 15 წუთზე მეტი არ მოანდომონ ადგილზე მისვლას. ვინც სტიქიას ებრძოდა და ცოცხლად გამოაღწია, მათი ინტერვიუები ხომ ნახეთ და წააიკითხეთ? ამბობენ, რომ 1 საათი და საათნახევარი და ებრძოდნენ სტიქიას, ამ მოვარდნილ მასას და ძლივს გამოაღწიეს. ამ დროს უნდოდა ამ ხალხს დახმრება, იქ უნდა ყოფილიყო ვერტმფრენი, სამაშველო ტროსი ან კალათი უნდა ჩაეშვათ და ისე ამოეყვანათ ის ხალხი. კაცმა არ იცის, რამდენი ებრძოდა 1 საათი და მეტი სტიქიას, ძალა გამოელიათ და დანებდნენ. რამდენი გაიტაცა მდინარემ, წინააღმდეგობას უწევდნენ, ცოცხლები იყვნენ იმ 2–3 საათის განმავლობაში და მერე ისინიც დანებდნენ. 3 საათის დაგვიანებით მივიდა 2 ვერტმფრენი, ისიც არა სამაშველო, საზღვრის დაცვის სამსახურისა, რომელსაც სულ სხვა ფუნქცია აქვს, საზღვრის მონიტორინგი და სულ სხვა ტექნიკური მახასიათებლები, 2000 მეტრს ზემოთ ვერ დაფრინავს. სამაშველო ვეტმფრენს სხვა ტექნიკური მახასითებლები აქვს, შეუდრებლად მანევრირებადია, ვიწრო ხეობებში ფრენა, ჰაერში გაჩერება, ტყის მასივებში სამაშველო სამუშაოს ჩატარება და ბევრი რამ შეუძლიათ. ხომ გინახავთ, უცხოეთის ქვეყნებში ცათამჯენებს შორის დაფრინავენ. ერთ რამეს დაუკვირდით. საზღვრის დაცვის ვერტმფრენებს არ აქვთ ღამის ხედვის საშუალება. ე.ი. საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე ღამით თუ რაიმე ინციდენტი ან ტრაგედია მოხდა, ამ ვერტმფრენებს ვერ გამოიყენებენ, თუ საჭირო გახდა, ხალხს ვერ გადაიყვანენ. ეს სახელწიფო არ არის, ამათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს ოპოზიცია. რად უნდათ? რად უნდათ კომისია? პარლამენტში უნდა იტინგიცონ, ერთმანეთს უნდა ეძახონ შენი 9 წელი, შენი 11 წელი, სპექტაკლები რომ დადგან და ხალხს აყურებინონ, მაგისთვის უნდათ კომისია. რა არის გამოსაძიებელი, როდესაც დანაშაული სახეზეა. ფაქტიურად, აღარაფერია გამოსაძიებელი. კიდევ ერთი საკითხია. ბიძინა ივანიშვილს 15 ვერტმფრენი გაქირავებული ჰყავს, 5 კი აქ ჰყავს პირად საკუთრებაში. გულმა როგორ მოუთმინა და ერთი არ ააფრინა? რატომ არ დაურეკა ამათ და არ უთხრა, აგერ მყავს ვერტმფრენები და გამოიყენეთო? დაახლოებით 20 კაცს ჰყავს კერძო ვერტმფრენი საქართველოში, მათ შორის პოლიტიკოსებს და გული ერთს როგორ არ შეუქანდა? ჩვენ ვუყურებთ, რომ სახელმწიფოს სათავეში უდგანან მკვლელები, რომელთაც არაერთხელ გაწირეს სასიკვდილოდ თავიანთი თანამოქალაქეები. მზად არიან, ყველას და ყველაფერს დააბრალონ დანაშაული, ოღონდ თვითონ არ აიღონ პასუხისმგებლობა. ბოლოს მგონი იქამდე მივლენ, რომ ესენი მყინვარს, მდინარეებს ბუბას და ჭანჭახს გადააბრალებენ და გაასამართლებენ.
– ხელისუფლების მომხრეები მოგვიწოდებენ, დააცადეთ მუშაობა, ჯერ ნუ აკრიტიკებთ, დასკვნებს წინასწარ ნუ დასდებთო. თან ჯერ დაღუპულები ვიგლოვოთ და მერე განსაჯეთო. რამდენი ტრაგედია მოხდა, რამდენი ვიგლოვეთ და რამდენი უნდა დავაცადოთ? როცა მართლა დავაცადეთ, 2015 წლის თბილისის წყალდიდობის შემდეგ, გამოიძიეს საქმე? დასაჯეს ვინმე? მაშინაც სტიქიას დააბრალეს ყველაფერი და ამით მორჩა.
– წინასწარ და აბსურდულ დასკვნებს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ თუ ვლაპარაკობთ, მხოლოდ ფაქტების, მოვლენების გაანალიზებისა და ლოგიკაზე დაყრდნობით. გვამუნათებენ, გაჩუმდით, შეფასებებისგან თავი შეიკავეთ, პოლიტიკური მანიპულაციები არ შეიძლება. ცოდვის კალო ტრიალებს, რა დროს სიჩუმეა? სხედან სახლებში, თავად აწყობილი აქვთ ცხოვრება და სხვისი ჭირი არ ადარდებთ. ჯვარი სწერიათ და, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები რომ მოყოლოდნენ იმ მეწყერში, მერეც მოგვიწოდებდნენ სიჩუმისკენ? ქვეყანას შეძრავდნენ და მართლებიც იქნებოდნენ. გეთანხმებით, ჩუმად რომ ვიგლოვეთ 2015 წლის ტრაგედია, ამან მოიტანა დევდორაკი, გუდაური და შოვი. ამ სიჩუმემ მოიტანა. ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო ასეთი ტრაგედიები რომ დატრიალებულიყო, გამოვარდებოდა ხალხი და თმებით გამოათრევნდნენ კაბინეტებიდან მინისტრებს და სხვა ჩინოვნიკებს.
– იმ დროს, როდესაც შოვში რამდენიმე დაღუპული ადამიანი ნაპოვნი იყო, ცალკე ხელისუფლების და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა რესტორნებში ქეიფი გამართეს.
– საკუთარი სახეობა რომ ეღუპება, ცხოველს აქვს გლოვის უნარი. ვინც გინდა, ის იყავი, რომელ პარტიასაც გინდა, იმას ეკუთვნოდე – რა გაქეიფებს?! რა დროს რესტორანია?! რა გაცეკვებს და რა გამღერებს?! რა ჯიშისა ხარ?! ასეთი არაადამიანი როგორ უნდა იყო?! მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკაში ხარ და პასუხისმგბლობა გეკისრება, სხვას უნდა უთხრა, რომ ასეთ დროს ტაშ–ფანდური არ გამართოს და ამას შენ აკეთებ. ამათგან აღარაფერი მოკვირს. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, ადამიანების სიცოცხლე ჩირად არ უღირთ, მთავარია ისხდნენ საკრებულოებში, პარლამენტში და თავად იყვნენ კარგად. მიმიფურთხებია მაგისთანებისთვის გინდა ხელისუფლებიდან იყვნენ და გინდა ოპოზიციიდან.იმ დღეს რატომ დაგვიანდა იცით, სამაშველო სამუშაოები? სუს–ის დღეს აღნიშნავდნენ ძალოვანები მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ და მთელი მთავრობა იქ ქეიფობდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც იქ იყო. აი, ეს არის სიმართლე, რისი აღიარებაც არ უნდათ და რისიც ეშინიათ.
კომენტარები