10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
“ალიასთან” აღნიშნულ ფაქტზე საუბრობს, ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:
საქართველოში მართლმსაჯულება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ქართულ ენაზე, მაგრამ პირი, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, უზრუნველჰყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმანის მეშვეობით. როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონდებლობა, კერძოდ ევროპული კონვენციის მე–5 მუხლი ადგენს ნათლად და მკაფიოდ, რომ პირს, რომლის დაკავებაც ხდება, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განემარტოს ბრალის არსი, რაში ედება ბრალი და რის გამო ხდება მისი დაკავება. ამ კონვენციის მეხუთე მუხლში მოცემულობა გვაქვს არამარტო ის, რომ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, რომელ ენასაც ფლობს, იმ ენაზე უნდა ეცნობოს დაკავების შინაარსი და ბრალი, არამედ ამაში იგულისხმება ის, რომ შესაძლებელია პირმა ენა იცოდეს, მაგრამ ვერ აღიქვამდეს იურიდიულ ტერმინოლოგიას და შესაბამისად, აღნიშნულის დეტალიზაციაც უნდა მოხდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, როცა პირის დაკავება ხდება და მისთვის არ არის ცნობილი, რისთვის აკავებენ, ეს არის უდიდესი დარღვევა, წარმოუდგენელია, რომ ამ ფაქტს, გამოძიებამ არ მიაქცია ყურადღება პროკურორმა, თუ გამომძიებელმა, ვინაიდან ბრალდებული ყველა დეტალს უნდა იცნობდეს, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მას უნდა მიეცეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად შესაძლებლობა წარადგინოს საპირწონე, საწინააღმდეგო მტკიცებულებები, თუ ენა არ იცის და მისთვის მტკიცებულებები არ არის ცნობილი, შესაბამისად, ამ უფლების რეალიზება ვერ მოხდება და სახეზე გვაქვს კონვენციური დარღვევა.
აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლემ აღნიშნული საკითხი უნდა გაარკვიოს და ასევე საქმის არსებითი განხილვის დროსაც, მოსამართლოს ვალდებულებაა რომ დაადგინოს, პირი ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას და თუ აღნიშნული არ გაარკვია, არ ვიცი, რომელ სამართლებრივ გარემოებაზეღა შეიძლება აქ საუბარი.
კონვენციური დარღვევის გარდა, მოსამართლის მხრიდან აშკარად დარღვეულია უფლებამოსილების განხორციელებაში ის ვალდებულებები, რასაც მას კანონი აკისრებს.
კომენტარები