სამართალდამცავებმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი მოტყუებით იყენებდნენ ცნობილი ადამიანების სახელებს, თითქოს და ისინი ვიზების დამზადებაში ეხმარებოდნენ.
დაკავებული მამაკაცი მომღერალ გია სურამელაშვილის ახლო მეგობარი, ღონისძიებების ორგანიზატორი და მომღერალი ჯიმი მაქაცარიაა.
გია სურამელაშვილი “AMBEBI.GE”-თან ამბობს:
“მე ვიცნობ ჯიმი მაქაცარიას, დაკავებულ მამაკაცს. პროდიუსერი არ ყოფილა ჩემი, ვახლობლობდით, კარგი მეგობარი იყო, პირად საქმეებში არ ვერეოდით. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთ საქმეებში თუ იყო. ძალიან შეწუხებული ვარ, ცოლი ჰყავს, ავადმყოფი დედა და ორი ბავშვი. როგორც მეგობარი – გადასარევი, ტკბილი ადამიანია. მისი საქმიანობის მეორე მხარე არც ვიცოდით. სახლიც კი არ აქვს ბიჭს, შემიძლია შვილიშვილი დავიფიცო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. რაიმე შემოსავალი თუ ჰქონდა, კეთილსინდისიერად მიხდიდა ჰონორარს და გასტროლებზეც წავუყვანივარ.
ქალი საერთოდ არ ვიცი ვინ არის, ჩვენი წრის არ არის. არც საკუთარმა დედამ და ცოლმა არ იციან. გუშინ დამირეკეს, რომ პოლიცია დაადგა და ჯიმი აიყვანესო. ჩვენი საქმიანობა იყო შოუბიზნესი, ბოლო დროს თავადაც დაიწყო სიმღერა. ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობს მეგობრებში და ახლობლებში და გაოგნებულები ვართ, როგორ გაეხვა ამ მაქინაციებში”.
კომენტარები