გიორგი ჯავახაძე, ალია
„ალია“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამჟღავნება არ სურს:
„ 20 ივნისს მთელმა მსოფლიომ ნახა რამდენი ადამიანი გამოვიდა პროევროპულ აქციაზე, ვნახეთ კადრები, როგორ მივიდა მიტინგზე ყველა ასაკის და ყველა პროფესიის ადამიანი, ვნახეთ, რა ხდებოდა მეტროსადგურ თავისუფლებაზე, იმდენი ხალხი იყო, მათი ამოყვანა გაუჭირდათ, იდგა ხალხი და მღეროდა, ასე, ლიდერის გარეშე, პოლიტიკოსის გარეშე, იდგა ხალხი და მღეროდა. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენიმე ევროპარლამენტარის გული შესამჩნევად მოლბა, შანსი იმისა, რომ შეიძლებოდა, მიუხედავად ევროკომისიის რეკომენდაციისა, მაინც მოენიჭებია ევროპარლამენტს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის – სწორედ, ამ იმედს გადაასხა ცივი წყალი დღეს ღარიბაშვილმა.
წერდნენ, რომ ღარიბაშვილი 20 ივნისს აქციაზე გასული ხალხის რიცხვმა გააბრაზა – ხალხო, ღარიბაშვილს ბრაზი არ შეუძლია ივანიშვილის გარეშე, რაზე უნდა გაბრაზდეს და რაზე არა, მაგას ივანიშვილი კარნახობს. 20 ივნისის დილით კი განაცხადა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ევროკომისიის პირობები და მივიღოთ 6 თვეში კანდიდატის სტატუსიო… მაგრამ, ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ აქციაზე ხალხის გადინება შეემცირებინა – რასაკვირველია, არავინ არაფრის შესრულებას არ აპირებს – ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო, იმის არ იყოს, დეოლიგარქიზაცია როგორ უნდა შეასრულოს ოლიგარქმა ივანიშვილმა? ან, სასამართლოს როგორ გაათავისუფლებს? გამორიცხულია. თუ დააკვირდებით, პრემიერს არც 20 ივნისს უთქვამს, შევასრულებთ პირობებსო, თქვა, ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებითო – მაშინ, როცა მოლდოვამ და უკრაინამ ცლსახად განაცხადეს შევასრულებთო და რა მოხდა ამის შემდეგ? საღამოს იკრიბება ზღვა ხალხი – აქცია, რასაკვირველია, პოლიტიკური იყო, როგორ შეიძლება პოლიტიკური მოთხოვნით იყოს აქცია და იყოს აპოლიტიკური? მაგრამ, წინა პლანზე არ დააყენეს პოლიტიკური პარტიები და დაუკარგეს ხელისუფლებას იმის თქმის შანსი, რომ ეს იყო ნაციონალების აქცია, თან, მას შემდეგ, რაც აქციაზე ამდენი ადამიანი მივიდა, უკვე თავადაც აღარ აწყობთ იმის თქმა, რომ იქ ყველანი ნაცები არიან. აქციამ და პრემიერის შედარებით ნორმალურმა გამოსვლამ 20 ივნისს, მართლაც გააჩინა იმედები. ეს იმედები მოკლეს 22 ივნისს საქართველოს პარლამენტში!
რა თქვა დღეს პრემიერმა? დღეს ის აღარ ამბობს, შევეცდებით შევასრულოთ ევროკომისიის პირობებიო, დღეს მან თქვა – ევროკომისიის პირობებს პასუხებს გავცემთო – ეს სულაც არ ნიშნავს რომ დადებით პასუხს გასცემს. თუმცა, მან დღეს უკვე გასცა პასუხები – ევროპა ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – პრემიერი ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ევროპა ითხოვს 5 ივლისს მომხარი ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების დაკავებას და გამოძიებას, პრემიერმა განაცხადა – დამნაშავე ისაა, ვისაც თავს დაესხნენ და არა თავმდამსხმელიო, ევროპა ითხოვს დეოლიგარქიზაციას – და ევროპარლამენტარმა იუკნევიჩიენემ თქვა, “ევროკომისია გარკვევით ამბობს, ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა ვერ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.“
გარდა ამისა, არსებობს ევროპარლამენტის რეზოლიცია, სადაც ღიად წერია, „შეშფოთებას გამოვხატავთ იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს, ასევე მის მიერ ხელისუფლებასა და მის გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ეხება. ასევე კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში ითამაშა“
და მაინც, ღარიბაშვილი თავს ისულელებს და ამტკიცებს, არ ვიცი, დეოლიგარქიზაციაში რომელ ოლიგარქს გულისხმობენ, ივანიშვილს არ გულისხმობენო. ევროპა ითხოვს სასამართლოს რეფორმას და ღარიბაშვილი ამტკიცებს – ჩვენ ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყანა ვართო – მოკლედ, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის პირველმა პირმა იმ ადამიანებს, ვის გადაწყვეტილებასაც მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ელის და ხალხმა თავისი ნება 20 ივნისს გამოხატა – ადგა პრემიერი დღეს და ევროკომისიას ყველა პირობაზე უარი უთხრა! ყველა პირობაზე უთხრა, არა, ასე არააო, ასეაო, შავზე ეუბნება თეთრიაო, ევროპა ამბობს, შავი უნდა გავათეთროთო და ეს უმტკიცებს, თეთრიაო – გიჟი ხარ შენ გეჩვენებაო, ბრმა და ყრუ ხარ და ვერ ხედავ და არ გესმისო. ამის შემდეგ ურცხვად ამბობს, ჩვენ ევროკომისიის ყველა პირობას პასუხს გავცემთო, მეტად როგორ უნდა გასცეს პასუხი – გასცა დღეს პასუხი – ყველა პირობა, რაც ჩამოთვალა ევროკომისიამ უარჰყო და თქვა, რომ მსგავსი პრობლემა ქვეყანას არა აქვს და რაც არ აქვს, იმას როგორ გამოასწორებს? სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის პრემიერმა, ჩვენი ქვეყნის პარლამენტიდან კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროკავშირს! და შეურაცხყოფა რომ აიტანონ, ეს უარი როგორ უნდა მიიღონ, მართალი გითხრათ, არ ვიცი.
თქვა კიდეც რასა იუკნევიჩიენემ 20 ივნისს „თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო.“ თუმცა, ღარიბაშვილს და ივანიშვილს არ ეყოთ ის, რაც გააკეთეს კანდიდატის სტატუსის არმისაღებად და ოლიგარქის თხოვნით, საკონტროო გასროლაც მიაყოლა ევროკავშირს ღარიბაშვილმა.
კომენტარები