ანი დვალიშვილი, ალია
ახალი წლის წინა დღეებში, საკრებულოებში სასწრაფო წესით მიღებული ბიუჯეტების კორექტირება მოახდინეს. მოგეხსენებათ, მთავარი მიღებაა, თორემ შემდეგ, მთელი წლის განმაავლობაში, ბიუჯეტს ჭრა-კერვა უკვე ტექნიკის საქმეა.
საკრებულოს რიგითი წევრები უკმაყოფილოები არიან, რადგან მათ დაპირდნენ, რომ ხელფასებს მინიმუმ 1000 ლარამდე გაუზრდიდნენ და ეს იმის ფონზე, რომ კომისიების თავმჯდომარებს, ფრაქციის თავმჯდომარესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს მინიმუმ 2500 ლარი ექნებოდათ (საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასი 4000 ლარიდან იწყება).
ჰოდა, ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა ხელფასები გაიზარდეს, რიგით წევრებს კი მცირედით მოუმატეს და 800 ლარს დააჯერეს. უკმაყოფილებაც სწორედ ამის გამოა და ახლა არაერთი საკრებულოს ათეულობით წევრი საკრებულოდან დემარშით გასვლით იმუქრება და მათთან მოლაპარაკებები ახალი წლის საზეიმო დღეებშიც კი არ შეწყვეტილა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთ საკრებულოში სწორედ 2-3 კაცი წყვეტს უმრავლესობას და მათი გასვლით და ახლების შემოსვლით (რომლებიც არანაკლებ არიან განაწყენებულები), შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ოპოზიცია პოზიციად იქცეს და საკრებულოს თავმჯდომარე ამოაყირაოს. ეს ყველაფერი კი პარტიაში ერთადერთ კაცს ბრალდება და იმ კაცს მალე პარტიული თანამდებობიდან გაუშვებენო, ასე ამბობენ ბოროტი ენები და რომ არა ირაკლი კობახიძე, აქამდეც გაუშვებდნენ. საუბარი დიმიტრი სამხარაძეზე გვაქვს, რომელიც პარტიის რეგიონალური მდივანია და წესითა და რიგით, სწორედ მას უნდა დაელაგებინა რეგიონებში სიტუაცია, თუმცცა როგორ დაალაგა, ბოლო არჩევნებმა ნათლად გვაჩვენა.
დასასრულ – ომიკრონის შტამის გავრცელების მასშტაბებისთვის ხელისუფლება მზად არ არის, მაგრამ სამედიცინო წრეებში ამბობენ, რომ ვირუსი მაქსიმუმ ერთ თვეში, საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ყველა გამოიმუშვებს და უკვე გაზაფხულისთვის, ვირუსის ერთეული შემთხვევები გვექნება. აი, სანამ ეს მოხდება, რამდენი ადამიაანი ვერ გადაიტანს ვირუსს, ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ მიახლოებით 13-15 ათასის ფარგლებში ვარაუდობენ ლეტალობის მაჩვენებელს, რაც საქართველოსთვის კატასტროფულად ბევრია, რადგან ერთი ამდენი გარდაცვლილი უკვე გვყავს.
კომენტარები