პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ბ-ნ რეზო ამაშუკელს რამდენიმე შესანიშნავი, განუმეორებელი თვისება ჰქონდა!
უპირველეს ყოვლისა, მის ნიჭს უნდა გავუსვათ ხაზი. შესანიშნავ ლექსებს წერდა, მეოცე საუკუნის მიწურულის ბევრ მამაკაც პოეტს ჩაისვამდა ჯიბეში. “ლოთი სანდრუას” (“ქაშუეთის წინ…”) ერთი სტროფი მირჩევნია თანამედროვე, ბანკის კრედიტების რესტრუქტურიზაციაზე დახურდავებული ბიჭ-ბუჭების მთელს შემოქმედებას. მომისმენია მის მიერ შესრულებული კომპოზიციები სხვადასხვა ჟანრში, მუსიკაშიც უდიდეს შესაძლებლობებს ავლენდა. მისი ენამახვილობაც ხშირად ნიჭის უპირობო გამოხატულება გახლდათ.
ბ-ნი რეზო ნამდვილი დრამატურგიც იყო. ოღონდ პერფორმანსებს სცენაზე კი არა, ცხოვრებაში დგამდა. შეეძლო სტუმრისთვის მოულოდნელად, რისკის ფასად, საიდუმლოდ გადაეყვანა ბობ დილანი ოდესაში, დიდი ბებიის საფლავის მოსანახულებლად.
მისი წყალობით, თბილისში ჩამოსული ჯონ სტაინბეკი ბაგებში გაშლილ მდიდრულ სუფრამდე კოლმეურნეობის მოედანზე მოხვდა, რათა თაგვებთან და ადამიანებთან ერთად ესაუზმა მეწაღეების სასადილოში, სარდაფში გახსნილ სასადილოში.
რეზო ამაშუკელი მეგობრების ერთგული კაცი იყო. მას არც ერთხელ არ უღალატია პრეზიდენტ შევარდნაძისთვის. არც სამოქალაქო ომის დროს, არც რევოლუციისას. არ მოქცეულა იმ რესპექტაბელური და რაფინირებული ინტელიგენტების მსგავსად, რომლებიც კინემატოგრაფში, თეატრში, მეცნიერებასა თუ დიპლომატიაში შევარდნაძის წყალობით დაწინაურდნენ, პირველივე მოსახვევში კი დანა ჩასცეს მას ზურგში და მარტო დარჩენილს საჯაროდ ერთი სიტყვაც არ შეაშველეს, პირიქით… ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს შევარდნაძის პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეუძლებელია არ დავაფასოთ რეზოს უკომპრომისო ერთგულება მის მიმართ.
ბ-ნი რეზო თვითკრიტიკული ადამიანი გახლდათ. საკუთარ თავს კუზიანს უწოდებდა. ნანობდა, რომ ნამდვილი უტილიტარისტი იყო, ნანობდა, რომ უყვარდა ფული, კაზინო, ძალაუფლება. აწუხებდა ის სიძულვილი, რომელსაც სხვების მიმართ ავლენდა. სამწუხაროდ, მის სიძულვილს მხოლოდ სუბიექტური მიზეზები არ განაპირობებდა… ამიტომ იყო დაუძლეველი. მოკლედ, კაცი ამჩნევდა და აღიარებდა თავის კუზებს, ბევრისგან განსხვავებით. ჩემი რამდენიმე მეგობრის დამუნათების გამო, არაერთხელ მწვავედ გვიკამათია. ცხადია, ეთიკის საზღვრებს არ გავცდენივარ.
რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ ერთი სრულიად ამაზრზენი გარემოება გამოკვეთა. საქართველოს რიგი ლიბერალური წრეები არაფრით განსხვავდებიან ველური ხროვისგან. მათ შეუძლიათ გარდაცვლილ ადამიანს კუბოში აფურთხონ! რომ მიუშვათ, “ლედნიკს” როზეტიდან გამოაძრობენ… ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავიანთი ჩატებით, ჯგუფებით, ახალი “ლაიქებისა” და “შეარების” დაპირებით, “კუტოკებში” მიღების იმედით უამრავ თვითდამკვიდრების მსურველ, დაკომპლექსებულ ბავშვს ითრევენ ამ ამბებში.
ღმერთმა ყველა ცოდვა შეუნდოს ბ-ნ რეზოს! მადლობა მას შესანისნავი პოეზიისა და ჯონის გულთბილი მიღებისთვის.”
კომენტარები