,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,საგარეო პოლიტიკაზე იშვიათად ვწერდი, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საშინაო პოლიტიკა იყო და არის ამაში სიმართლე, თუ ქვეყანა ძლიერი იქნება, საგარეო პოლიტიკაშიც უფრო მეტი გეთქმის და მტერი თუ მოყვარე სხვა თვალით გიყურებს. ჩემთვის ფუნდამენტური საკითხი იყო დღევანდელი მომხმარებელი ერიდან მწარმოებლად ვქცეულიყავით, დემოგრაფიული კატასტროფა შეგვეჩერებინა, სოფლის მეურნეობაში სასურსათო უსაფრთხოება დაგვენერგა, ადგილობრივ წარმოებებისთვის ხელი შეგვეწყო, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა გაგვეწია, განათლებაში არსებული პრობლემები გამოგვესწორებინა და ა. შ.
ვინაიდან პოლიტიკაში არც მუდმივი მოკავშირეები და არც მუდმივი მტრები არ არსებობენ, ყველაფერს ინტერესები განსაზღვრავს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაში ლავირების, დაბალანსებისა და “ვაჭრობის” გზა უნდა აგვერჩია. დაახლოებით ისეთის, სერჟიო ლეონეს ფილმის (ერთი მუჭა დოლარებისთვის) გმირი კლინტ ისტვუდი რომ ახერხებს…
თუმცა ეს ყოველივე ნეიტრალურად ყოფნას არ ნიშნავს, როდესაც ერთ მხარეს დგას მეზობელი სახელმწიფო, რომელმაც ტერიტორიები წაგართვა, ხალხი დაგიხოცა და საკუთარი სახლებიდან გამოგიყარა, ხოლო მეორე მხარეს კოლექტიური დასავლეთი, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და გეხმარება ფინანსურად, ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკური სიბეცეა.
ახლა ბევრი იტყვის, რომ დასავლეთი გვაძალებს თანამედროვე ულტრალიბერალურ ღირებულებებს, თუმცა ევროკავშირიც წევრი უნგრეთიც და პოლონეთიც ახერხებენ საკუთარი იდენტობის დაცვას. რა თქმა უნდა როდესაც დასავლეთი მხარს გიჭერს და გეხმარება, მას დირექტივებიც ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად. თუმცა კონსტიტუციაში “ქორწინების დეფინიციაც” ჩავწერეთ და დღემდე არც პრაიდი ჩატარებულა, საგანი “მე და საზოგადოებაც” სრულიად ამოწმენდილი შევიდა სკოლებში. ასე რომ საკუთარი იდენტობისა და პრინციპების დაცვა ყოველთვის შესაძლებელია.”
კომენტარები