მოძრაობა თავისუფლებისათვის – წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი–ს ლიდერი, აკია ბარბაქაძე:
“ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს გაერთიანებას. მათ შორის ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშეც კი. ამის მიზეზი სწორედ ის პოლარიზაციაა, რომელიც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე არ შეწყვეტილა.
მნიშვნელობა არ აქვს საბაბს, მიზეზი საზოგადოების უმწიფრობაა. ერთმანეთის დაპირისპირებაში მყოფებს ჩვენ გვავიწყდება, რომ პარალელურად მსოფლიოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები და ამ პროცესებს გაანალიზება სჭირდება.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვმსჯელობთ, ჩვენ ვეძებთ მხოლოდ მომხრეებსა და მტრებს. შავ-თეთრ ფერებში ვუყურებთ სამყაროს და შედეგიც შესაბამისი გვაქვს: არ შემდგარი სახელმწიფო, გაღატაკებული და დუხჭირი ცხოვრება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა. რაც მტერმა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ვერ მოახერხა – ვერ ამოგვძირკვა ამ ადგილიდან – დღეს ვდგავართ მძიმე რეალობის წინაშე. საკუთარი შვილები გვტოვებენ და ლუკმა-პურის საშოვნად გარბიან სხვა სახელმწიფოებში. ხშირ შემთხვევაში ეს სამუშაო ღირსების შემლახავიც არის. საბოლოოდ, ერთმანეთის მტრობა გვაკარგვინებს როგორც აზროვნების საშუალებას, ისე ღირსებას, მომავალს, აწმყოს და სამშობლოს. ამიტომ სხვა გზა არ გაგვაჩნია, უნდა გავერთიანდეთ ერთ ფრონტად და ერთად მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ძალა თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებშია.”
კომენტარები