ანი დვალიშვილი
შეწყალება ოფიციალურად დაანონსებულია… არ იფიქროთ, ლაზარე გრიგორიადისზე მოგახსენებდეთ, ჩათვალეთ, ის უკვე გარეთ არის და ნიკა გვარამიას მოლაპარაკებებიც აქვს დაწყებული, მის პარტიაში რომ გაერთიანდეს. უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გამოსაშვებად ემზადება. ახლა, მთავარია, სასამართლო პროცესები მალე დასრულდეს და საბოლოო განაჩენი დადგეს, რათა პრეზიდენტს შეწყალებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნას. ქალბატონმა სალომემ ძალიან, ძალიან ბევრი მინიშნება გააკეთა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეს იყო – „ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ, შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს – ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია…“
დასავლეთმა არაერთხელ მიგვანიშნა, რომ ურიგო არ იქნება, თუ არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვა. ოპოზიცია ამ ყველაფერზე თითქოს თანახმაა, მაგრამ პირველობის სურვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და ახლა უკვე, „ახალს“ აქვს და ყველა პირველობას ჩემულობს, „ოცნებას“ კი, არანაირი კოალიციური მთავრობა არ სურს და საკონსტიტუციო უმრავლესობისკენაც კი იწევს. ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს – ერთადერთი ადამიანი, ვინც რეალურად მოახერხებს ოპოზიციის გაერთიანებას და ხელისუფლების დამარცხებას, მიხეილ სააკაშვილია, ოღონდ, თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი და დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ როგორც კი პრეზიდენტს ამის შესაძლებლობა მიეცემა, პოლარიზაციის დასრულების მოტივით, მიშას შეიწყალებს და ეს ძალიან, ძალიან ბევრი ამომრჩევლისთვის გარდამტეხი მომენტი იქნება, რადგან ისინი ჩათვლიან, რომ თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი მოქმედ ხელისუფლებას სახლში გაუშვებს, მითუმეტეს, რომ მას დასავლეთის მხარდაჭერა ექნება. ამას ხვდებიან „ოცნების“ ლიდერებიც, მაგრამ ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებენ, არ სურთ, წინასწარ ატეხონ ვაი-უშველებელი, მერე ამომრჩეველმა რომ არ თქვას, მიშასი ეშინოდათ, ის ახლა გარეთ არის და ამათი საქმე წასულიაო.
საქსტატის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს 170 ათასამდე სრულწლოვან მოქალაქეს არ აქვს. ეს კი ის ციფრია, რომელიც არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი იქნება და სახელმწიფო ან არაფერს აკეთებს, ამ ხალხს მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულება რომ აიძულოს, ან ეს თემა საერთოდ არ აღელვებს. ცნობისათვის, რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, ხელისუფლებისთვის უკეთესია, რადგან ისინი საკუთარი აქტივის და ადმინისტრაციული რესურსის სრულ მობილიზებას აუცილებლად მოახერხებენ.
კომენტარები