ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, თითქოს ამ ხელისუფლებისგან აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, უამრავი ხალხი სცემეს, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტეს და ზოგს ჩასაფრებაც კი მოუწყეს სახლებთან და ისე სცემეს. ამ 5000 ლარიან ჯარიმებს, მგონი, რუსთაველზე ფეხით ყველა გამვლელს უწერენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოახერხეს ჩვენი გაკვირვება. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს 5-5 ათასიანი ჯარიმები არ აკმარა და 10 მათგანს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტის სტატუსი შეუჩერა. ერთ ფაქტზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. რუსეთში საქართველოს შეთრევის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს, უმეტეს შემთხვევაში, ის ხალხი ებრძვის, „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას ის ხალხი ამართლებს, ვინც დღემდე ამაყობს, რომ 1978 წლის 14 აპრილს, საქართველო გარუსებას გადაარჩინა, ქუჩაში გამოვიდნენ და არ დაუშვეს, რომ რუსული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადებულიყო საქართველოში, რაც მაშინ საბჭოთა კავშირის მმართველობას სურდა. ამ პარადოქსზეც მინდა თქვენი პასუხი.
– მოდით, ჯერ კითხვის პირველ ნაწილს ვუპასუხებ. რასაც ხელისუფლება აკეთებს, რა აგრესიაც მისგან მოდის. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია. ცდილობს, ყველა ხერხი და საშუალება გამოიყენოს, რათა ჩაკლას ეს მოძრაობა, ეს ამბოხი, რომელიც თავისუფლებისა და ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო. ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაყიდა, გაყიდა მისი სუვერენიტეტი. ყველა ხერხს იყენებს, რომ პროტესტი შეაჩეროს-მომწამვლელი გაზის გამოყენება, ცემა-ტყეპა, უკანონოდ ხალხის დაჭერები, მერე, ეს „მარშრუტკები“ რომ ჰყავს პოლიციას, იქ ხალხის ცემა, შეურაცხყოფა, გაუპატიურების მუქარა, პატარა, შვილის ტოლ გოგონებს სცემენ გამეტებით, ხალხის სამსახურებიდან გაყრა და სუფთა დიქტატორული რეჟიმების შესაფერისი ახალი კანონების მიღება. ეს არის იმ შიშის ნაყოფი, რომელშიც ივანიშვილი ცხოვრობს. სტუდენტის სტატუსის შეჩერებაზე, მათი უნივერსიტეტიდან გარიცხვაზე, ბოლო პერიოდის კომუნისტებიც არ მიდიოდნენ, ბრეჟნევის მმართველობას და მის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ. კი, კარგი პარალელი გააკეთეთ-1978 წელს, პირველები თბილისი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები გამოვიდნენ, მერე მათ სხვა ინსტიტუტებიც შეურთდნენ. ერთობლივად უკან დაახევინეს ამხელა იმპერიას და ქართული ენა კვლავ დარჩა სახელმწიფო ენად. თუ მაშინ ამ ამბავში მონაწილეობდი და დღეს რაც ხდება, იმას არ აპროტესტებ, მაშინ ყალბი ყოფილხარ, მუდმივად ემორჩილები კონიუქტურას, მაშინაც სხვისი ფეხის ამყოლი იყავი და იმიტომ გახვედი ქუჩაში. მე ასე ვფიქრობ, ვინც დღეს ივანიშვილი რეჟიმს ხელს უწყობს, ეხმარება, ამართლებს, ყველა ამ ქვეყნის გაყიდვის წილშია.
– ვინც ჩუმად არის, მათზე რას იტყვით?
– დანტე ალიგიერმა დიდებულად ბრძანა-ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგასო. დანაშაულს თუ დუმილით ხვდები, ორჭოფობ და ელოდები, ვინ გაიმარჯვებს, რომ მერე მის ნავში გადახტე, უზნეო და დანაშაულის თანამონაწილე ხარ. ხშირად კი დუმილი თქმაზე უარესია. რაც ხდება, ეს არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, არც იდეოლოგიური დაპირისპირება, აქ საკითხი შეეხება ორ უმთავრეს ღირებულებას – შენი სამშობლოს დამოუკიდებლობას და პიროვნულ თავისუფლებას. საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთათვის, ეს არის უმაღლესი ღირებულებები. აი, ასეთ დროს დუმული დიდი დანაშაულია. დუმილით ეთანხმები იმ სისასტიკეს, რასაც რეჟიმი სჩადის და იმ უპერსპექტივობას, ჭაობს, საითაც ამ ხალხსა და ქვეყანას მიათრევს.
– ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია პოლიტიკური პროცესების, ამ ე.წ. ხელისუფლების შესახებ და ვიცი, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მალე დამარცხდება. მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლის კვალდაკვალ, ძალიან ცუდი ტენდენციები ჩნდება. მაგალითად, ამ ბრძოლის მონაწილე ახალგაზრდებმა და საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენლებმა ქვეყანა დატოვეს, ზოგს დაჭერის ეშინია, ზოგი ნიჰილიზმის გამო წავიდა, აღარ სჯერათ ამ ბრძოლაში გამარჯვებისა. ამაზე რას იტყვით?
– ვიცი, წავიდნენ უცხოეთში და მათ ვერ გავამტყუნებ. ამ ხალხმა წლები იბრძოლა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ამიასთვის. საქმე ადამიანების, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, თავისუფფლებას, ჯანმრთელობას ეხება, მათ შორის, ბავშვებისას. ივანიშვილის ციხისთვის არავინ მემეტება ნამდვილად. მერე ამხელა 5000 ლარიანი ჯარიმები ჩამოურიგეს ხალხს და ზოგი სამჯერ, ოთხჯერ დააჯარიმეს. არ გადაიხდი და ყველაფერს დაგიყადაღებენ, უძრავ-მოძრავ ქონებას, მერე გაგიყიდიან და ჯარიმა-საურავებით ამოიღებენ იმ თანხას.ვერც ერთ უცხოეთში წასულს, რეჟიმს გაქცეულ-გარიდებულს ვერ განვსჯი. ეს რეჟიმებთან ბრძოლის თანმხლები მოვლენაა. ზოგი ბოლომდე იბრძვის და ზოგს ეს არ შეუძლია. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ეს ბრძოლა ქართველი ხალხის დამარცხებით დასრულდა, მერე ნახეთ ქვეყნიდან ხალხის გადინება. განსაკუთრებით ახალგაზრდების გადინება მოხდება, თავისუფლად მოაზროვნე თაობისა და ეს იქნება დემოკრატიული კატასტროფა ქვეყნისთვის. თუმცა, დღეს ისედაც ვიმყოფებით ყოფნა-არყოფნის წინაშე.
– ეს ფაქტი იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ რეჟიმი ხალხის წინააღმდეგობას უკვე წელში ტეხავს?
– არა, არავითარ შემთხვევაში. გადაბმულად, ამდენხნიანი საპროტესტო აქციები არ ყოფილა საქართველოში, არც ასეთი ხალხმრავალი. უცხოეთშიც არ შეცვლილა დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ, არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს და გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ხელისუფლება არალეგიტიმურია, სანქციები კვლავ ძალაშია და ახალი სანქციებიც იქნება ამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა და ივანიშვილის მიმართ. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, გაზაფხული გადამწყვეტი იქნება ამ ბრძოლაში.
– „ხელისუფლება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აპირებს, იზრდება სასჯელი ნარკორეალიზატორთა მიმართ, 12-დან ან 16 წლიდან ციხით დაუწყება სასჯელი. კანონი მკაცრდება ნარკომომხმარებელთა მიმართ. ნარკორეალიზატორებს არ დავეძებ, მათ მიმართ კანონი უმკაცრესი უნდა იყოს, მაგრამ მომხმარებლებს ვიდრე დაერევიან, მანამდე უფასო სარეაბილიტაციო ცენტრებზე, უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებასა და კიდევ ბევრ სხვაზე არ უნდა ეფიქრათ?
– ჯერ ის ვთქვათ, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა. ნარკომანია ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, 900 000 ნარკოდამოკიდებულია საქართველოში, ეს ერის გენოციდია და არავინ დავობს, რომ ნარკომაფიას რაც შეიძლება მკაცრად უნდა ებრძოლონ ჩვენი სამართალდამცავები. თავის დროზე ივანიშვილის დავალებით, სპეცსამსახურებმა შექმნეს პარტია „გირჩი“, რომელმაც დაიწყო ჯერ იდეოლოგიური მომზადება საზოგადოებისა, რომ ნარკომანია ეს დიდი არაფერი პრობლემააო, მერე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და მოახერხეს მარიხუანას სრული ლეგალიზაცია, მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მერე, ამ ახალი კანონის საფუძველზე, ივანიშვილს საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენება სურდა, მაგრამ საზოგადოებისა და ეკლესიის წინააღმდეგობის წყალობით ეს ვერ მოახერხა. კაცს კოლუმბია თუ მექსიკა უნდოდა საქართველოში აეშენებინა. ზუსტად ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გამო გვყავს 900 000 ნარკოდამოკიდებული ქვეყანაში, როდესაც 2009 წელს, ქართველი ექსპერტების მონაცემებით, საქართველოში მაქსიმუმ 250-300 ათასი ნარკოდამოკიდებული იყო და ამ ქვეყნის მოსახლეობაც 3.5 მილიონს არ აღემატება საუკეთესო შემთხვევაში. გამოდის, ამ ქვეყნის ყოველი მე-4 მოქალაქე ნარკომომხმარებელია. მეტი რაღა უბედურება უნდა გვჭირდეს? ყოველწლიური წმინდა მოგება 3 მილიარდი რჩება ნარკომაფიას ამ ნარკობრუნვისგან. ივანიშვილის, მისი პოლიციისა და სუს-ის ნებართვის გარეშე ამხელა ბრუნვა რომ არ იქნება, ეჭვი გეპარებათ? გლობალურად უნდა მივუდგეთ მომხმარებელთა მიმართ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას. უნდა არსებობდეს უფასო სარეაბილიტაციო ცენტრები, უფასო ფსიქოლოგიური მომსახურება, ჩანაცვლების პროგრამები, უნდა იყოს უფასო სპორტდარბაზები, ღია სპორტული მოედნები და ყველაფრის კომპლექსური ჩანაცვლება მომხმარებელს დაეხმარება ნარკოტიკს თავი დაანებოს. ახლა ამ კანონების გამკაცრებით, ნარკომაფიას კი არ ებრძვიან. ებრძვიან ნარკომომხმარებლებს და ამას გამოიყენებენ პოლიტიკურად. აქციების მონაწილეებს ჩაუდებენ მარიხუანას, დააჯარიმებენ, ავტომობილის მართვის მოწმობას ჩამოართმევენ, ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ და საბოლოოდ, საპროტესტო მუხტის ჩასახშობად გამოიყენებენ ამასაც. საინტერესო ის არის, მარიხუანას და სხვა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე კანონის გამკაცრებაზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს რიხით, ვისაც მარიხუანას ლეგალიზაციისა და კულტივაციის კანონპროექტისთვის, პირველი მოსმენით ხმა აქვს მიცემული. დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ხმა მისცა იმ კანონპროექტს და მერე ხალხისა და საპატრიარქოს წინააღმდეგობის გამო დაიხია უკან. ბოლოს და ბოლოს, ბერა ივანიშვილს სიმღერები აქვს ნარკოტიკებზე და თავად მღერის და პოპულარიზაციას უწევს.
– სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან, აქციების მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად საკოორდინაციო ორგანოს ქმნის, რომელიც ამ პროტესტის ეფექურად გამოყენების გეგმას დასდებს. თქვენი აზრით, რა გამოვა აქედან?
-არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა. სალომე ზურაბიშვილი საგარეო მიმართულებით კარგ საქმეს აკეთებს და ეს არაერთხელ დაამტკიცა. მის გრძელვადიან საკონსულტაციო უნარ-ჩვევებზე მაღალი წარმოდგენისა არ ვარ. გვახსოვს, ქარტიის ხელმოწერის პერიოდი, როგორ ურიგდებოდნენ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური პარტიები, შარლ-მიშელის ვიზიტები და მისი შეთანხმება, სალომეც ცუდად იყო მაშინ გარეული ამ საქმეში, ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა ფული აიღო. გვახსოვს მათი შევარდნა პარლამენტში, როცა იგინებოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შევალთ პარლამენტშიო. თქვენც კარგად იცით, ეს პოლიტიკური პარტიები სანდონი არ არიან. .მათ გეგმებსა და კოორდინაციებზე დიდ იმედებს ნუ დავამყარებთ. ამ ბრძოლაში მთავარია მისი აღმატებული ქართველი ხალხი, რომელმაც უნდა ჩამოშალოს ივანიშვილის რეჟიმი.წარსულს თავი დავანებოთ, მამუკა ხაზარაძის „ტვ პირველზე“ სხედან და მსჯელობენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევებში. აი, ვინც ამაზე ლაპარაკობს დღეს, ვინც ეს განსჯის საგნად აქცია, ის ღიად თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ამ საკითხზე ლაპარაკით, ხალხი ფსიქოლოგუიურად გადაგყავს სხვა თემაზე, ეჭვს უჩენ, იქნებ ამ წინააღდეგობამ შედეგი ვერ გამოიღოს და ადგილობრივ არჩევნებში დავამარცხოთ „ქართული ოცნებაო“. ეს კი ამ საპროტესტო მუხტის მინელებას ემსახურება. ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს ამ ხელისუფლების სრულ ლეგიტიმაციას და მერე დასავლეთს ვეღარ მოსთხოვ, რომ არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ვინც ადგილობრივ არჩევნებს მხარს დაუჭერს, ის გარიგებულია ხელისუფლებასთან, ან რაღაც ხეირი აქვს მისგან, ან მომავალში მიიღებს სარგებელს.
კომენტარები