“სალოსი კაწია” – ქალი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდა და ფრენა შეეძლო, ქალი, რომლის წლოვანება და გვარი არავინ იცის, ქალი, რომელიც თავისი არაამქვეყნიური შესაძლებლობების გამო, საპატრიარქომაც კი აღიარა – დღეს ჩუღურეთში, ალექსანდრე ნავალნის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. ტაძარი და ეზო მოწმუნეებით იყო გადაჭედილი. დაკრძალვას ესწრებოდნენ საეკლესიო მსახურებიცა და უბრალო ადამიანებიც. არაამქვეყნიურ „სალოს“ ქალს ამქვეყნიური, ბოლო განსასვენებელი კი ეკლესიის ეზოში, წმინდა მამა ვიტალის საფლავის გვერდით მიუჩინეს.
გარდაცვლილი ზოგისთვის ფსიქიკურად შეურაცხადი, ზოგისთვის კი სასწაულმოქმედი და ადამიანების მკურნალი იყო.
თუმცა, “სალოსი კაწია” – რომელმაც თავისი სალოსობის დასამტკიცებლად და “სიგიჟის” უარსაყოფად, სასწაული მოახდინა და ჭერამდე ამაღლდა (აფრინდა), უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა პატივით გააცილა.
“2020NEWS”-ს სალოსის დაკრძალვაზე განუცხადეს, რომ”კაწიუშა” თავმდაბლობითა და უშუალობით გამოირჩეოდა.
ერთ-ერთი მამაოს მეუღლემ, სააგენტოს სასწაულებრივი მოვლენის შესახებ, დაუჯერებელი ისტორია უამბო.
“არ ვიცი, ამის მოყოლის უფლება რამდენად მაქვს, თუმცა მაინც გიამბობთ. სალოსი კაწია რამდენიმე წელი, ჩემთან ერთად, ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა.
ის ყველასაგან განსხვავებული ადამიანი იყო და ამის გამო, ჩვენი მეზობლები ხშირად განიკითხავდნენ და შეურაცხადსაც კი უწოდებნენ. შექმნილი ვითარების გამო, ხშირად მიწევდა თავის მართლება და ამ ყოველივეს კაწიაც უყურებდა.
ერთ დღეს, როდესაც მეძინა, ჩემს ოთახში შემოვიდა და სასწაულებრივი მოვლენის მომსწრე გამხადა….
კაწია ჭერამდე იყო ამაღლებული და იქიდან მესაუბრებოდა, ამბობდა, რომ ის არც შეშლილი იყო და არც “სამარცხვინო”. მეუბნებოდა, რომ მის გამო, თავი არ უნდა მემართლებინა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა…. ჩვენ ერთად დავდიოდით მარჯანიშვილზე მდებარე რუსულ ეკლესიაში.
ერთხელ, როდესაც ეკლესიის ეზოში შევდიოდით, ის უკნიდან მომეპარა და იმ ადგილას ჩამარტყა, სადაც მწვავე დაავადება მქონდა. ხალხი გაოგნებული გვიყურებდა, ვერ ვხვდებოდით, ეს რატომ გააკეთა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ექიმთან ვიყავი, იქ შევიტყვე, რომ იმ ადგილას, სადაც სალოსი ხელით შემეხო, დაავადება სრულად გამქრალი იყო და სრულიად ჯანმრთელი ვიყავი”, – ამბობს ფოფოდია მარიამ ფიფიამ.
“2020NEWS”-თან საუბრისას, ურბნისში მოღვაწე მამა ლუარსაბმა კი განაცხადა, რომ ეკლესიის ეზოში მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მსახურები იკრძალებიან, „სალოსი კაწია საეკლესიო მსახურებას არ მისდევდა, მაგრამ მაინც ეკლესიაში დაიკრძალა, მისი არაამქვეყნიური შესაძლებლობების გამო და თან დიდი პატივით:
“ტაძრის ეზოში, მხოლოდ და მხოლოდ, ღვთის მსახურები იკრძალებიან. კაწია საეკლესიო მსახურებას არ მისდევდა, თუმცა, თქვენ ხედავთ, თუ როგორი პატივით მიაბარა დღეს საზოგადოებამ ის მიწას.
ზოგიერთი ადამიანი მას შეურაცხადს ეძახდა, ზოგისთვის კი წმინდანი იყო. მის სულიერ სამყაროს ძალიან ცოტა ადამიანი თუ წვდებოდა.
სალოსი გამოირჩეოდა ღვთაებრივი თავმდაბლობით, ხალხს ზოგჯერ მოწყალების მთხოვნელიც კი ეგონა.
ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები, მხოლოდ ზეცაში ამაღლების შემდეგ შევიტყობთ მის სიდიადესა და სიწმინდეს. მადლობა, რომ თქვენი სააგენტო დაინტერესდა ასეთი დიადი ადამიანის ცხოვრებითა და მოღვაწეობით”, – ამბობს მამაო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სალოსი ტაძრიდან პირველ საათზე გამოასვენეს, რასაც მრევლის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა და საპატრიარქოს მიმართ, გაბრაზებაც კი გამოიწვია.
“არ ვიცი, რატომ მოიქცნენ ასე, სიცოცხლეში არ აფასებდნენ და არც სიკვდილში სცეს პატივი. მრევლს არ მისცეს საშუალება, რომ წმინდანი სათანადოდ გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე.
საპატრიარქოს განცხადებით, შექმნილი კორონავირუსის პანდემიის გამო, სალოსი ქალი დღის 13 საათზე დაკრძალეს, 14 საათის ნაცვლად, როდესაც შეეძლოთ, ეს უფრო გვიან გაეკეთებინათ.
საქართველომ დღეს დიადი წმინდანი მიწას მიაბარა, რომელიც წმინდათა დასს შეუერთდა და საქართველოსთვის იქიდან განაგრძობს ლოცვასა და კურთხევას”, – განაცხადა სააგენტოსთან სალოსი კაწიას ერთ-ერთმა ნაცნობმა ეკლესიის მრევლიდან.
ბევრმა შეიძლება ეს ამბავი არც დაიჯეროს, ბევრს მოგონილი ეგონოს, თუმცა, ფაქტია, ქალი, რომელიც სიცოცხლეში შურაცხადი ეგონათ და ოფიციალურად ღვთისმსახურიც არ იყო. დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, რომელიც უბრალო მოკვდავთა სამუდამო განსასვენებელი ადგილი ნამდვილად არაა და თანაც საპატრიარქოს თანხმობით.
კომენტარები