Дождь-ის მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო, თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. როგორც ის წერს, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის დღეს ტიხონ ძიადკოც თბილისში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად.
“გუშინ გამოვაქვეყნე ფოტო აეროპორტიდან და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდი, დღეს კი მივიღე რამდენიმე შეტყობინება კითხვით – მივფრინავდი თუ არა “იმ რეისით” ვლადიმირ პოზნერთან და მისი წვეულების სტუმრებთან ერთად.
არ მივფრინავდი. ჩვენ გავფრინდით “ვნუკოვოდან” ერევანში და იქიდან თბილისში და გაკვირვებული დავრჩით, როდესაც ტაბლოზე ვნახეთ თბილისისკენ პირდაპირი რეისი – პირდაპირი რეისები უკვე 2 წელია აღარაა. შეუძლია ხალხს ჩარტერული რეისის ფული გადაიხადოს – ყოჩაღები, მეც ასე ვიზამდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელია.
თუ ვინმემ არ იცის, თბილისში 21:00 საათიდან კომენდანტი საათი მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკეტილია, ადამიანები და მანქანები ქუჩაში თითქმის არაა, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ა.შ. დაკეტილია. დარღვევისთვის ჯარიმა 600 დოლარია. გამონაკლისი მხოლოდ მათთვისაა, ვინც სპეციალურ საშვს იღებს – ეს ადამიანების მცირე კონტინგენტია და არა ისე, როგორც ეს გაზაფხულზე მოსკოვში იყო. ადამიანები ამისგან ძალიან დაიღალნენ, შეზღუდვებზე დამოკიდებულად ყოფნა ძალიან ძნელია.
ამ ფონზე თბილისში ჩაფრინდა ჩარტერული რეისი წვეულებაზე. როგორც ყვებიან, ხდება შემდეგი – თვითმფრინავი ჩადის დაახლოებით 08:00 საათზე. ყველა სტუმარს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მთავრობის დახმარებით, საშვებს უკეთებს. ავტობუსით ყველა მიჰყავთ სასტუმრო “სტამბაში”, იქიდან კი, როდესაც უკვე კომენდანტი საათი დაწყებულია, ვახშამზე მიჰყავთ “ვინოტელში”, ამასთან, პროცესიას სათავეში პოლიციის მანქანა მიუძღვის მოციმციმე შუქებით, ამის შემდეგ კი ხდება ის, რაც მოხდა, მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება.
რა თქმა უნდა, კვერცხების დაშენა და ადამიანების გინება არცთუ ისე კარგი რამაა. მაგრამ საკუთარი გამონათქვამით აფხაზეთზე ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე დაბიჯება და შემდეგ ისე ჩასვლა, თითქოს არაფერი მომხდარა, მთლად კარგი საქციელი არაა. მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი ამ საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია ათასობით მოკლულს და 250 000 ლტოლვილს ნიშნავს. ვიზიტის იმგვარად მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები დიდი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რომ პოლიციის დახმარებით კარგი დრო ატარონ, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობა სახლში ზის და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლია – არა მხოლოდ მთლად კარგი საქციელი არაა, არამედ საკმაოდ სამარცხვინო ამბავიცაა”
კომენტარები