ონის მერი სერგი ხიდეშელი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კურორტ შოვში მოსახლეობასთან მიახლოება ამ დროისთვის ვერ ხერხდება და მათ დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებს ელოდებიან.
სერგი ხიდეშელის თქმით, მეწყრული პროცესი მთაში 2 მდინარის დაგუბების შედეგად განვითარდა.
მისი თქმით, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.
“ონის მუნიციპალიტეტში კურორტი შოვის ტერიტორიაზე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესი. სავარაუდოდ მთებში დაგუბდა მდინარეები ბომბორა და ჭანჭახი, რის შედეგადაც განვითარდა მეწყრული პროცესი, ჩამოიშალა მიწის და წყლის ძალიან დიდი მასა. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მეც სამაშველო სამსახურთან ერთად ვიმყოფები და მათთან ერთად მივემართები ადგილისკენ.“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიემართება შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა ადგილამდე მისვლა რთულია, რადგან ხიდი, რომელიც ორ ქედს ერთმანეთთან აკავშირებდა, მდინარემ წაიღო.
ონის მერი აცხადებს, რომ ის სამაშველო სამსახურებთან მეორე ქედზე იმყოფებიან და ჯერჯერობით მოქალაქეებთან მიახლოება ვერ ხერხდება და მათ დასახმარებლად ვერტმფრენებს ელოდებიან.
მისი თქმით, “შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია და ალბათ ძალიან მალე იქნება სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი”.
კომენტარები