27 წლის მეგი ბაქრაძე, ოფიციალური წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის შემდგომ განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძემ პირველ დღეს თქვა, რომ 27 წლის ექთანს ანაფილაქსიად ვაქცინიდან 40 წუთის მერე დაეწყო დაახლოებით, მოგვიანებით კლინიკამ თქვა, რომ ვაქცინიდან 20-25 წუთის მერე დაიწყო პროცესი, თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც კლინიკისვე მტკიცებით, პაციენტს გაუკეთდა გამოუვლინდა ქავილი და ყელის წვა, ადრენალინი გაუკეთეს, მაგრამ რეანიმატოლოგს არ შეატყობინეს. როგორც კლინიკის მენეჯერი გვიყვება, ადრენალინის გაკეთებიდან 3-5 წუთში მეგი მომჯობინდა, ექიმიც მოეშვა და უცებ განვითარდა შოკი. რატომ არ გამოიძახეს იმ 3-5 წუთის განმავლობაში რეანიმატოლოგი, როცა მეგი ცუდად იყო, ამაზე პასუხი არ გვაქვს. თუ ადრენალინი მართლაც იქნა გამოყენებული, რატომ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ვაქცინაციის შემდეგ, ადრენალინის ინექციის მიუხედავად, პაციენტი ანაფილაქსიით გარდაიცვალა? თუ ადრენალინი გაკეთდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს იყო ანაფილაქსია, რატომ დაელოდნენ შოკურ მდგომარეობას, ანუ გულის გაჩერებას და არ გამოიძახეს რეანიმატოლოგი? თავიდან სატელევიზიო ინტერვიუებში გვეუბნებოდნენ, რომ რეანიმატოლოგი წამებში მივიდა, მაგრამ მოგვიანებით, რეანიმატოლოგმა თავად თქვა, რომ მივიდა გამოძახებიდან 2 წუთში და როცა მივიდა უკვე დახვდა შოკი, ანუ უკვე მეგი თავისით ვეღარ სუნთქავდა…
ადრენალინის გაკეთებისთანავე რატომ არ გადაიყვანეს მეგი რეანიმაციაში და რატომ დაურეკეს ექიმს მას შემდეგ რაც თავად სცადეს მიხედვა (3-5 წუთი), შემდეგ მომჯობინდა და ექიმი მოეშვაო – მინიმუმ 2-3 წუთი გვეგონა ეს “მოშვების” დრო, მაგრამ დღეს კლინიკის დირექტორმა თქვა, რომ 5-10 წუთში დაეწყო თავის ძლიერი ტკივილი, შემდეგ ვითარდება კრუნჩხვა! და გამოძახებიდან 2 წუთში მოდის რეანიმატოლოგი, როგორც ამას თავად ამბობს – ესე იგი, დაახლოებით 8-15 წუთი დააკარგვინეს რეანიმატოლოგს, მინიმუმ! ეს დროც, მათივე ინტერვიუების მიხედვითაა გამოყვანილი! მათივე ინტერვიუდან გავიგეთ ისიც, რომ მეგის მართალია აცრის წინ ტესტირება არ ჩატარებია, მაგრამ იციან, რომ კორონავირუსი არ ჰქონდა, საიდან იციან და იციან!
თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სახელმწიფომ მეგის გარდაცვალების მერე ზოგ კლინიკაში ვაქცინაცია გააუქმა, რითიც თავად მიგვანიშნა, რომ ესე იგი აქამდე ყველაფერი სწორად არ მიდიოდა და ექიმის სიკვდილის მერე ცდილობს გამოსწორებას. ასევე, მხოლოდ მეგის გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, რომ სხვა ექიმებსაც ჰქონიათ ალერგიული რეაქციები, თუმცა, ისინი არ გაასაჯაროეს, არადა, რომ გაესაჯაროებინათ ინფორმაცია, კლინიკები მაინც გაფრთხილდებოდნენ. ასე რომ, გამოძიება მხოლოდ კლინიკაში კი არა, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მიმდინარეობდეს ახლა.
გამოძიება დაიწყო, ამბობენ ყველა დავკითხეთო, მაგრამ სამი მნიშვნელოვანი მოწმე არავის გახსენებია, ესენი არიან ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები ნინი ბერიძე, რუსკა გვარამაძე და იგივე ტელევიზიის ოპერატორი რამაზ ალავიძე. „ალია“ სამივეს ესაუბრა. სამივე გვიყვება, რომ ვაქცინაციის შემდეგ, დაყოვნების ოთახშივე ჩაწერეს მეგი, რომელიც ცოტას ნერვიულობდა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ალბათ, ინტერვიუს გამო. სამივე აღნიშნავს, რომ კლინიკა დატოვეს ინტერვიუს ჩაწერიდან, დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ, თუმცა, ამ დროისათვის უცნაური არაფერი შეუნიშნავთ და არც ხმაური გაუგიათ. ნინი გვიყვება, რომ გამოსვლისას შენიშნა, რომ ექთანი ვაქცინაციის ოთახის კარს კეტავდა. ნინი იმასაც გვიყვება, რომ ვაქცინაციის დროს შეამჩნია ნინის ხელზე სიწითლე, თუმცა, ბუნებრივად ჩათვალა, რომ ამის შესახებ, ექიმს უკვე ექნებოდა ინფორმაცია. მკლავზე სიწითლე შენიშნა რამაზმაც, ახლა რომ იხსენებს, ფიქრობს, რომ მეგი სავარაუდოდ, მხოლოდ ინტერვიუს გამო არ ნერვიულობდა, „აცრის შემდეგ ისე იკითხა, სულ ეს იყოო, რომ შთაბეჭდილება დამრჩა, ნერვიულობდა, რაღაცა უფრო ცუდს ელოდა, მეტად მტკივნეულს, თუ არ ვიცი…“ მეგის ვაქცინაციის პროცესში თვალის უპეები ჩამოსიებული აქვს, ეს გასიება უფრო მკაფიოდ, თითქოს უფრო გაზრდილიც კი ჩანს ინტერვიუს დროს, გაზრდილი ჩანს თვალის გუგებიც, თუმცა, რამაზი გვიყვება, რომ ვაქცინაციის ოთახში კარგი განათება იყო, დაყოვნების ოთახში კი არა, ამიტომ „გეიმი“ გამოიყენა და სავარაუდოდ, სიმკვეთრე ამის ბრალი შეიძლება იყოს. როგორც კოლეგები გვიყვებიან, მათ მეგის შემდეგ კიდევ ჩაწერეს სხვა ექიმი, საერთო ჯამში, მეგის ჩაწერის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთი მაინც დაჰყვეს კლინიკაში, თუმცა, ისე დატოვეს საავადმყოფო, მეგის მდგომარეობის გართულების შესახებ არაფერი გაუგიათ – ექიმები კი ამტკიცებენ, რომ მეგის ცუდად 20 – 25 წუთის შემდეგ გახდა. რამდენი წუთის მერე გართულდა სინამდვილეში მდგომარეობა? წესით, ზუსტი დროის დადგენა არ უნდა გაჭირდეს, იმედია, რამე ტიპის კამერა მაინც იქნება კლინიკაში, იმედია, რეანიმატოლოგის სატელეფონო ზარების ჩანაწერებს მაინც ამოიღებენ, იმის დასადგენად, როდის დაურეკეს დაყოვნების ოთახიდან. მოკლედ, გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ სამი მნიშვნელოვანი მოწმის შესახებ, არავის გახსენებია „ალიას“ გარდა.
„ალია“ დაუკავშირდა კლინიკა „იმედის“ მენეჯერს, კლინიკურ დირექტორს მზია კაკოშვილს, ქალბატონს დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ მასთან საუბარს დავჭრიდით, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მისი სიტყვების სიზუსტე დაგვეცვა:
– გვითხრეს, რომ მეგის ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის მერე დაინახეს, როგორ კეტავდნენ ვაქცინაციის ოთახს – ისე რომ არ იყო ნახევარი საათი გასული, სად ინახებოდა მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს უნდა გაკეთებოდა ალერგიის შემთხვევაში? ვაქცინაციის ოთახში, თუ დაყოვნების ოთახში?
– დაყოვნების ოთახში, ვაქცინაციის ოთახში არის კარადა, სადაც ინახება ყველა მედიკამენტი და დაყოვნების ოთახში არის შოკის ტუმბო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო მედიკამენტით. იქვე, საწოლის ბოლოში დევს შოკის ტუმბო, მონიტორი და ფუნქციური მაგიდა.
– ჟურნალისტებმა მითხრეს, რომ მეგის ჩაწერიდან დაახლოებით 20 წუთის მერე დატოვეს კლინიკა, თუმცა, მათ არ გაუგიათ, რომ კლინიკაში ვინმე ცუდად გახდა. რამდენ ხანში დაიწყო სიმპტომები?
– პირველად კითხულობთ ამას?
– ამბობთ 20-25 წუთშიო, ამირან გამყრელიძემ ამ ამბის მერე პირველ ბრიფინგზე თქვა – 40 წუთშიო. მე კი, როცა სამედიცინო დოკუმენტებზე მიმუშავია, როგორც წესი, ჩანაწერებში ვკითხულობ ზუსტ დროს და არა დაახლოებით, ამიტომ ვკითხულობ, 25 წუთში? 23 წუთში?
– როგორ გგონიათ, იმ გაწამაწიაში ვინმე წუთებს და წამებს ითვლის? იმიტომ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ იყო 20-25 წუთი გასული. ზუსტ წუთს და წამს ვერავინ ვერ გეტყვის. მეგი იჯდა სკამზე როცა ჩივილი იგრძნო, მერე დააწვინეს, გაუზომეს წნევა, პულსი და დაიწყეს მოქმედებები რა. ახლა ვუსმენ კიდევ იდიოტურ კომენტარს, რომ რეანიმატოლოგი ფორმა 100-ში წერს უგონო მდგომარეობას და სად არის კრუნჩხვაო, კრუნჩხვა იყო დაყოვნების ოთახში, იმუნიზაციის ექიმთან და არა რეანიმატოლოგთან. ამხელა გონიერება მაინც უნდა ეყოთ, რომ აკინძონ სიტუაციები.
– დროზე ვერ დაგეთანხმებით. როგორც წესი, ზუსტ დროს წერენ, სწორედ აქედან იციან, რომ ანაფილაქსიური შოკი მეტწილად პირველ 17 წუთში ვითარდება და არა 19 წუთში, მაგალითად. რეანიმატოლოგის ინტერვიუს ვუსმინე, სადაც ჰყვება რა გააკეთა უმცროსმა ექიმმა მის მისვლამდე….
– მაგას აკეთებს იმუნიზაციის ექიმი უმცროსი ექიმის დახმარებით…
– თუ არ დამამთავრებინებთ, აზრსა და კითხვას ვერ გაიგებთ, საჩხუბრად ხომ არ დამირეკავს?
– ვღიზიანდები რა, ეგეთი რაღაცები…
– რა გითხარით გასაღიზიანებელი, იმას გიხსნით, რაც თქვა რეანიმატოლოგმა…
– რა გინდა ახლა ჩემგან, ჩემგან გინდა გამოიძიო? ყველაფერს დაადგენს გამოძიება… გავღიზიანდი ახლა იდიოტურ კომენტარებს რომ აკეთებენ ტელევიზიაში.. გისმენთ, გისმენთ.
– უკაცრავად, მაგრამ ძალიან იდიოტურად თქვა ბატონმა გამყრელიძემ იგივე ტელევიზიაში, ექიმის ხვედრია დაიღუპოს, რათა მოქალაქეები გადაარჩინოსო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისას ანაფილაქსიური შოკით მსოფლიოშიც არ დაღუპულა არავინ – მაგრამ, გამყრელიძის განცხადებებზე არ ღიზიანდებით, ქალბატონო მზია. გავაგრძელებ. რეანიმატოლოგი ჰყვება: „ყველაფერი გააკეთა უმცროსმა ექიმმა, ეს იყო ადრენალინი, დექსამეტაზონი, სუპრასტინი, დიმედროლი, კათეტერიზაცია პერიფერიული ვენის, დიფუზია, ოქსიგენაცია… მე რომ მოვედი უკვე დამხვდა შოკურ მდგომარეობაში, უგონო მდგომარეობაში, გადავიყვანეთ აპარატზე და ავიყვანეთ შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში.“ – ეს ყველაფერი გაკეთდა დაყოვნების ოთახში? ტექნიკურად გქონდათ ამის საშუალება?
– უკაცრავად, გამებნა ყურადღება. ტექნიკური უზრუნველყოფა თუ იყო? დიახ, იყო შოკის ტუმბო. შოკის ტუმბოში არის ყველაფერი მაგის უზრუნველსაყოფად.
– მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატიც?
– რა თქმა უნდა, საინტუბაციო მილებით და ყველაფრით აღჭურვილია. ისეთი გაოგნებული ვარ, კინაღამ გამოვგლიჯე, როცა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე.
– 2 წლის წინ ავარიაში მოყვაო..
– დიახ, მე ვამბობ მაგას, მე, მე გავიგე გუშინ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ავტოავარიაშია მოყოლილი, მაგრამ დეტალები არ ვიცი.
– მაგ დროს, როგორც ვიცი, თქვენთან მუშაობდა…
– დეტალები არ ვიცი, კადრების განყოფილების გამგე არ ვარ. შეიძლება მუშაობდა ჩვენთან. მე პირადად ეგ ინფორმაცია, რომ ავარიაში იყო მოყოლილი, არ ვიცოდი.
– შეიძლებოდა, რომ ამას რამე კავშირი ჰქონოდა ვაქცინაციის შემდგომ გართულებასთან?
– არამგონია, არ ვიცი. მაგას ყველაფერს დაადგენს ექსპერტიზა, გამოძიება და ჟურნალისტები მოდუნდით მაგისგან რა…
– თუ გახსოვთ, 18 წლის გოგო რომ დაიღუპა, დიაბეტი სჭირდა, დღემდე არ დაუდგენია მიზეზი გამოძიებას, ჩვენი მოდუნება…
– რომელი? ჩვენთან დაიღუპა?
– არა, სხვა კლინიკაში. ასევე კიდევ ერთი არასრუწლოვანი რაჭიდან გადმოყვანისას რომ დაიღუპა სასწრაფოს მანქანაში. დამისახელეთ სამედიცინო საქმე ბოლომდე გამოძიებული.
– ექსპერტიზამ უნდა გამოიძიოს, ჟურნალისტი ჭეშმარიტებაზე ვერ გავა, ჭორებსაა აყოლილი. საშინელი კომენტარები კეთდება. გუშინ, ერთ-ერთ თქვენ კოლეგას, მელაძის გადაცემიდან იყო ჟურნალისტი, გულღიად ველაპარაკე ყველაფერი, ამოჭრა, მიკუწ-მოკუწა, მიაწებ-მოაწება და როგორც თვითონ უნდოდა, ინტრიგნული სიუჟეტი გააკეთა, მასე არ მისაუბრია მე პირადად. რომ ამეხსნა სიმართლე, დეტალ-დეტალ, ნაბიჯ-ნაბიჯ ველაპარაკე, შევიყვანე კიდევაც იმ ოთახში, ვაჩვენე და ვთხოვე, ნუ გადამიღებ მე, გადაიღე ეს შოკის ტუმბო, გარემო, აღჭურვილობა, მიაწება, მოაწება, ამოჭრა, მიჭრა, როგორც უნდოდა ისე დაალაგა რა. ახლა თქვენც იგივეს იზამთ, დარწმუნებული ვარ.
– ნახავთ, სიტყვას არ შეგიცვლით…
– კიდევ გავიმეორებ, როდესაც პაციენტი გახდა ცუდად, იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში, იქიდან გასული არ იყო, ჟურნალისტებს ჩაეწერა დაყოვნების ოთახიდან, დგას უშუალოდ შოკის ტუმბოს წინ და ისე აძლევს ინტერვიუს. მერე დაჯდა. მერე იგრძნო სისუსტე, კანის წვა, ქავილი, სადღაც 20-25 წუთში დაახლოებით, მაგ დროს წამებს ვერავინ დაითვლიდა.
– რამდენჯერაც მოვისმინე თქვენი საუბარი და ჩემთანაც ასე ამბობთ, ქავილი რომ დაეწყო, დავაწვინეთ, გავუზომეთ წნევა და პულსიო და ქრონოლოგიურად როგორ მოხდა, მყისიერად გაუკეთეთ ნემსი, თუ ჯერ წნევა გაუზომეთ, პულსი, სხვა მოქმედებები ჩატარდა და მერე გაკეთდა ადრენალინი??
– გამზადებული, ადრენალინი, ამოღებული დევს, რომ ის წამები არ დაიკარგოს. კუნთში გაკეთდა თუ არა ადრენალინი, დაწყებული იქნა ინტესიური, იმფუზიური თერაპია, სადღაც 3-5 წუთში არც მანდ არავინ არ უყურებდა საათს, მაგრამ დაახლოებით ეს დრო რომ გავიდა, თითქოს უკეთ იგრძნო თავი, მოეშვა იმუნიზაციის ექიმიც, თითქოს უკეთ იყო, მაგრამ მერე უცბად განვითარდა კრუნჩხვა, უცბად დაკარგა გონება და ამ დროს იძახებენ რეანიმატოლოგს და მოდის 2-3 წუთში.
– შეიძლება დაშვება, რომ რომელიმე ბეტა-ბლოკერებს სვამდა?
– რა ბეტა-ბლოკერებს, რაებს ამბობ, რა შუაშია ბეტა-ბლოკერი აქ.
– როგორც ექიმი გიორგი ღოღობერიძე წერს ეს იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადრენალინი შეიძლებოდა არ ყოფილიყო ეფექტური. (მკითხველს რომ ავუხსნათ, ბეტა-ბლოკერი, რამე ნარკოტიკი არ გეგონოთ, ისე შეიცხადა ქალბატონმა მზიამ – ბეტა-ბლოკერი შეიძლება გამოვიყენოთ სტენოკარდიისას, გლაუკომას დროს (თვალის წვეთების სახით) და ა.შ და ისინი ბლოკავენ ადრენალინის მოქმედებას – თ.კ.)
– რაა?
– ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადრენალინი შეიძლებოდა არ ყოფილიყო ეფექტური, შეიძლება იყოს ბეტა-ბლოკერები, რომლებიც ამცირებენ ადრენალინის მოქმედებას, ქალბატონო.
– მეგი ბაქრაძე იყო ჯანმრთელი, არანაირ მედიკამენტს არ ღებულობდა. დიდი ჭორი დადის, რომ წინა დღეს გაიკეთა ანალიზიო, ჰემოგლობინი დაბალი იყოო. ვითხოვ, მე პირადად ვითხოვ, მაგ ანალიზებს, სად არის, ვინმემ დამანახოს. ოჯახის წვერებსაც მე თვითონ ვესაუბრე, მეც მაინტერესებს, მაჩვენეთ ეგ ანალიზები-მეთქი. რაც შეეხება იმას, მედიკამენტები მიუღიაო, ეგ ჩვენი კლინიკიდან რჩევით და დანიშვნით არ მომხდარა. ჩვენთვის ყველა პერსონალისთვის ეგ თემა არის უცნობი. შეიძლება მეგიმ თვითონ იყიდა და თვითონ დალია, არ ვიცით. რა დალია ეგეც არ ვიცით… ახლობელი ჰყავს, მეგობარი ჰყავს, თანამშრომელი ჰყავს, ყველამ იცის, რომ მეგი არანაირ მედიკამენტს არ ღებულობდა.
– გქონიათ შემთხვევა, რომ ადრენალინს არ ემოქმედა?
– ქალბატონო, ასეთი შემთხვევა პირველია ჩვენთვის. ჩვენთვის კი არა მსოფლიოშია პირველი, თორემ… ერთი ჟურნალისტივით მეკითხებით, თუ გაუკეთეთ ადრენალინი, რატომ არ უშველა? ამის პასუხი არსებობს? რატომ არ უშველა?
– ექიმები წერენ, ქალბატონო, ექიმები კითხულობენ, რატომ არ უშველა. ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველას შველის დროულად გაკეთებული ადრენალინი და…
– ქალბატონო, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება. დადებენ დასკვნებს გამოძიებაც და ექსპერტიზაც, რატომ არ უშველა ადრენალინმა და რამ დააყენა სიკვდილი. მაგას მე და თქვენ ვერ გადავწყვიტავთ.
– თქვენ ხომ მენეჯერი ხართ კლინიკის?
– დიახ.
– რამდენი წელი მუშაობდა თქვენთან, როგორ არ იცით?
– არ ვიცი, ქალბატონო, ახლა რომ მკითხოთ რომელიმე თანამშრომელი, ზეპირად ვიცი? ზეპირად არ ვიცი. 200 თანამშრომელია კლინიკაში. ჩემ განყოფილებაში არ იყო, იყო ექთნის დამხმარე, ხან რომელ განყოფილებაში და ხან რომელში. მე ყველა საშუალო პერსონალის მოსვლის თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იდეალური პიროვნება იყო, ძალიან პასუხისმგებლიანი, მოხალისე, გონიერი, მოაზროვნე. მაგ დილითაც ვესაუბრე.
– შეიძლება მელაძის გადაცემაში თქვენი საუბრის მხოლოდ ნაწილი გავიდა, ვერ გეკამათებით, მაგრამ აშკარად აქცეტს აკეთებთ ავარიაზე, ეს ხომ თქვენ ხართ და რატომ? იმის თქმა გინდათ, რომ მეგიმ დამალა ავარიის შესახებ და ამიტომ დაიღუპა?
– აქცენტს არ ვაკეთებ, იმდენად გულახდილი საუბარი მქონდა… ახალი გაგებული მქონდა ეგ თემაც, რომ ავარიაში მოყვაო და გადაგზავნილი იყო უგონო მდგომარეობითო და საიდან გადააგზავნეს, ჩვენ კლინიკაში ეგ არ მომხდარა, მაგდენი არ ვიცი და უბრალოდ ეგ გავშიფრე, რომ ეგ შეიძლება იყოს რამე-თქო, მაგრამ მე მაგას ვერ დავადგენ, ვერ ვიტყვი, ვერც მე და ვერც თქვენ. ეგ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
– აცრისას არ უთქვამს?
– არა, არა, ახლა ვგებულობთ და კიდევ ბევრი რამეები გავიგე, რასაც ჯერ არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ ჟურნალისტებს მეტიც არ გინდათ, ძალიან ბევრი რამე გავიგე კიდევ სხვა, რასაც მალავდა მეგი…
– ექიმებსაც მეტი არ გინდათ, ისე საუბრობთ ხოლმე, მარტო ჟურნალისტები ვაქცევთ ქვეყანას? მე ვუსმინე ინტერვიუს, არ ვიცი, ის ქალბატონი ვინ იყო, ჟურნალისტი ეკითხება როგორ დაიწყოო, ქავილი ქონდაო, მერე – ეკითხება ჟურნალისტი, მერე – ყელის წვაო, მერე – კიდევ ეკითხება, მერე – კრუნჩხვაო…
– ერთი წამით, ქალბატონო, ყველა კომპეტენტური არ არის და ყველა არ იყო იქ და ყველამ არ იცის… კაი, ახლა უაზროდ ვსაუბრობთ…
– ქალბატონო, გარდაცვლილია 27 წლის გოგო, გარდაცვალებიდან გავიდა უკვე 2 დღე (ინტერვიუ ჩაწერილია კვირა დღეს – თ.კ.), გეკითხებით მენეჯერს და ისიც არ იცით, რამდენი წელი მუშაობდა თქვენ კლინიკაში. პირადი საქმე არ ნახეთ? თან მეუბნებით, რომ თურმე, გარდაცვლილ მეგიზე რაღაცები გაიგეთ, რაღაცებს მალავდა, თურმე, გარდაიცვალა ის გოგო, თქვენ ხელში, სხვათა შორის, რა გაიგეთ ასეთი და რატომ მანამდე არ გაიგეთ?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალბატონო, ისეთი რაღაცები გახდა ცნობილი ჩემთვის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– დაგიმალათ?
– კი.
– თქვენთან მუშაობდა და მაგ დროს მოყვა ავარიაში, იყო უგონო მდგომარეობაში, იწვა კლინიკაში და დაგიმალათ?
– ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ ჩემი დაქალი კი არ იყო…
– არავისთან მეგობრობდა კლინიკაში?
– მერე რა ვიცი მე, იქნება იმ დაქალმა იცის, მე რატომ მეკითხები. მე ახლა გავიგე.
– სხვა რაღაცებიც გავიგე მეგიზე და არ ვიტყვიო, რომ ამბობთ, ამით რას გვეუბნებით, რომ ცუდი რამე გაიგეთ კიდევ? გარდაცვალებაც მისი ბრალია?
– ჯერ არ ვიტყვი კი არა, ისეთი რაღაცები გაჟღერდა რაც ცნობილი არ იყო აქამდე.
– არა, კიდევ ბევრი რამ გავიგე, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო, მითხარით. გაჟღერებულ ინფორმაციაზე არ გითქვამთ.
– მაგას ვამბობ, ხო, რაც არ ვიცოდი, ნაავარიები და კიდევ სხვა რაღაცებიც. იგივე მედიკამენტების მიღება. მაგ დალოცვილს ეთქვა, რომ რაღაცა დავლიე, არ ვიცი ეგაც, მიღებული ჰქონდა, თუ არ ჰქონდა…
– აქაც აჩენთ ეჭვს, რომ ნამდვილად დალია წამალი, თუ ნამდვილად დალია წინა საღამოს წამლები, მაშინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ წამლებს ურჩევდა ნაცნობი ექიმი, იგივე თქვენი კლინიკიდან და არა მეზობელი, ლოგიკურად, ხო?
– მომისმინეთ ერთი წამით, შეიძლება რაღაცა აწუხებდა, შეიარა აფთიაქში და იყიდა, მაგის უნარი და გონიერება ჰქონდა, რა დროს რა დაელია. ოჯახის წევრი ამბობს დალია ტაბლეტიო და მის გარშემო მყოფებმა არავინ არა იცის.
– ოჯახის წევრი ანალიზებზეც საუბრობს, თუმცა, ანალიზების არ გჯერათ… სიწითლე რატომ ჰქონდა მკლავზე?
– სიწითლე კანზე?
– ვაქცინაციის პროცესში, კადრებში ჩანს, თვალის უპეები აქვს ჩამოსიებული და სიწითლე ხელზე.
– ვაიმეეე, რა თვალები ჩამოსიებული, კარგით რა, რას ამბობთ…
– კადრებია, ქალბატონო, არ გინახავთ? კანზე აქვს სიწითლე ვაქცინაციის პროცესის დასაწყისშივე…
– არანაირი სიწითლე არ იყო.
– ამას მიდასტურებს ჟურნალისტები და ოპერატორი, რომლებიც იმ დღეს ვაქცინაციას დაესწრნენ, კადრებია გადაღებული, ქალბატონო. ეს რომ არ იცით, კიდევ მეტ ეჭვს აჩენს.
– რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგია კანზე არ ჰქონია. შეიძლება კანის სიწითლე გამოიწვია, მკლავი რომ აიწია, გაკრა რაღაცას, რა ვიცი… კარგით ქალბატონო, ძაან გაგვიგრძელდა საუბარი, კარგით…
– არა უშავს, დიდი ხნით არ დამიყოვნებიხართ, მეგის საერთოდ სიცოცხლე არ დასცალდა და სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ მასზე…
– კარგად ბრძანდებოდეთ.
ასე დასრულდა ჩვენი საუბარი, რომელზედაც კომენტარს არ გავაკეთებ.
იმას გეტყვით, რომ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სამი ექიმის მომსახურებით ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ 2,50 ლარი ღირს, ასე შეაფასა სახელმწიფომ!
რა თქმა უნდა, ქალბატონმა მზიამ ტყუილად არ თქვა, რომ მეგიზე რაღაცები გაიგო, მალე აუცილებლად ვიხილავთ წერილებს სხვადასხვა მედიაში, როგორ დაუმალა მეგიმ თავისვე თანამშრომლებს რაღაცები, როგორ ჰკითხეს და არ უპასუხა და ალბათ, ეცდებიან მისი სიკვდილი ისევ თავად მას დააბრალონ…
მეგის ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა (ოფიციალური მონაცემით) 18 მარტს და გარდაიცვალა 19 მარტს.
და აქვე იმასაც გეტყვით ექსკლუზიურად, რომ იგივე 19 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებების შესასყიდად მილიონობით ლარის ტენდერები გამოაცხადა. კიდევ რა გართულებებს უნდა ველოდოთ, კიდევ რას გავაკეთებთ დაგვიანებით, კიდევ რას შევცვლით ექიმების, ადამიანების სიკვდილის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ უამრავჯერ მინახავს, როგორ დაბრალდა სიკვდილი გარდაცვლილს და დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ვნახავ, მანამ, სანამ გამოუძიებელი საქმეები არ დაგვავიწყდება და მხოლოდ ცხელ გულზე არ მოვითხოვთ სამართალს.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები